რაში დაარწმუნა ბერიამ სტალინი 1952 წელს
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 22.02
ლავრენტი ბერია სპორტის დიდი გულშემატკივარი და მომაგე იყო. სწორედ ბერიას ეკუთვნის იდეა, რომ საბჭოთა ნაკრები 1952 წელს ჰელსინკის ოლიმპიადაზე გამგზავრებულიყო.
ისტორიკოსი ანდრეი სეროვი: „ლავრენტი ბერია არა მარტო ზესაიდუმლო ატომური და სარაკეტო პროექტების ორგანიზატორ-კურატორი იყო, არამედ სპორტისაც და ამ კუთხით, მისი დამსახურება საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჯერ ერთი, საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივნობისას სწორედ ლავრენტი ბერიამ ჩაუყარა საფუძველი თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა ლეგენდარულ გუნდს. აბსოლუტურად ყველა პირობა შეუქმნა მას წარმატებისთვის და აუშენა ისეთი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, როგორიც არცერთ საბჭოთა გუნდს არ გააჩნდა. ხოლო „დინამოს“ სტადიონი კი არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ მთელ ევროპაში უნიკალური ნაგებობა იყო. გარდა ამისა, ბერია თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა „დინამოს“ ვირტუოზ ფეხბურთელებს, რომლებზეც თვალი ჰქონდა დადგმული საბჭოთა კავშირის წამყვან კლუბებს. მარტო ის რად ღირს, რომ ბერიამ ვასილი სტალინს ლეგენდარული ბორის პაიჭაძე არ დაანება და თბილისში დატოვა. ბელადის ვაჟი კი ხახამშრალი გაუშვა უკან. საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ ბერიამ სტალინი დაითანხმა და 1952 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, „ჰელსინკში“, საბჭოთა ნაკრები გაუშვა.
ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინი დიდხანს ყოყმანობდა. მას ვერ გადაეწყვიტა, გაეშვა თუ არა საბჭორთა ოლიმპიური ნაკრები ჰელსინკში, ზაფხულის ოლიმპიადაზე. სტალინს კარგად ესმოდა, რომ ასეთ გრანდიოზულ სპორტულ ფორუმზე საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების არყოფნა საბჭოთა ქვეყნის პრესტიჟის შელახვას ნიშნავდა, თუმცა არ სურდა, რომ საბჭოთა ნაკრები წარუმატებლად გამოსულიყო, რაც დიდი ქვეყნის შეურაცხყოფად მიაჩნდა. და სწორედ ლავრენტი ბერიამ დაითანხმა სტალინი ოლიმპიადაში მონაწილეობაზე. ბერიამ სტალინს უთხრა, რომ საბჭოთა სპორტსმენები შესანიშნავად იყვნენ მომზადებული და ტოლს არ უნდებდნენ სხვებს. გადამწყვეტი კი ბერიას ეს სიტყვები აღმოჩნდა: ამხანაგო სტალინ, თუკი ჩვენები ოლიმპიადაზე ჩაფლავდებიან, საკუთარი თავით ვაგებ პასუხსო.“
მოლოტოვი პირადად ესწრებოდა სტალინისა და ბერიას საუბარს და როდესაც სტალინმა ბერიას თანხმობა მისცა, ნაკრები ოლიმპიადაზე გამგზავრებულიყო, ბერიამ, სულ რაღაც, 2 საათის შემდეგ მთელი ოლიმპიური ნაკრები შეკრიბა და უთხრა: თქვენი ჰელსინკში გამგზავრება რომ გადაწყვეტილიყო, მე ამისთვის საკუთარი თავი სასწორზე დავდე და აბა, თქვენ იცით, არ დამაღალატოთო. შედეგი ბრწყინვალე იყო. ჰელსინკში საბჭოთა ოლიმპიურმა ნაკრებმა შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია. ამ წარმატებაში თვიანთი წვლილი შეიტანეს ბერიას თანამემამულეებმა – ჰელსინკში საქართველოს სპორტსმენებმა ღირსეული გამარჯვებები მოიპოვეს.
ძალოსნობაში ჰელსინკის ოლიმპიადის ჩემპიონი რაფაელ ჩიმიშკიანი იხსენებდა: „მოსკოვში დაბრუნებულ საბჭოთა ნაკრებს ბერია შეგვხვდა:. თავის აგარაკზე მიგვიწვია და ზღაპრული სუფრა გაგვიშალა. ბერია ძალიან გახარებული იყო. ბევრს ხუმრობდა, ხალისობდა და როდესაც წითელი ქართული ღვინით სტალინისა და ბერიას სადღეგრძელო შევსვი, ქართულად მითხრა: რაფი, ახლა მივხვდი – შტანგას ასე იოლად იმიტომ იმორჩილებ, რომ ქართული ღვინის ძალით საზრდოობ, თორემ სომხურ კონიაკს რომ ეტანებოდე, შტანგა ხელიდან გაგივარდებოდაო. ერთი სიტყვით, ბერიასთან შეხვედრამ ძალიან შინაურულ, მეგობრულ, მხიარულ ატმოსფეროში ჩაიარა და სულ მალე ოლიმპიურ ჩემპიონებს სახელმწიფო ჯილდოები გადმოგვცეს, სტალინმა კი კრემლში მიგვიღო.“
საგულისხმო ფაქტია, რომ ბერიას ინიციატივით, 1960 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე სურვილი საბჭოთა კავშირმა გამოთქვა და ბერიას რომ ეცოცხლა, 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიადა რომის მაგივრად, მოსკოვში გაიმართებოდა, თანაც, 20 წლით ადრე. ახალგაზრდობაში ლავრენტი ბერია თავად იყო კარგი სპორტსმენი. ძირითადად, ის ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა, არც სხვა სპორტის სახეობებზე ამბობდა უარს. ჯერ კიდევ საქართველოს „ცეკას“ ხელმძღვანელი იყო, როდესაც მსროლელთა შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა და 25 მეტრიდან პისტოლეტით სროლაში პირველი ადგილი დაიკავა. ბერიამ 40 გასროლიდან 35 ათიანში გაარტყა, 5 – ცხრიანში. აღსანიშნავია, რომ იქ ჩაწყობა გამორიცხული იყო.
ლავრენტი ბერიას ვაჟი, სერგო ყვებოდა: „პატარა ვიყავი, როდესაც მამამ სროლაში პირველი ადგილი მოიპოვა და ჯილდოდ ქრომირებული პისტოლეტი გადასცეს. სახლში გახარებული მოვიდა. დედას თავის შთაბეჭდილებებს უზიარებდა და უთხრა: ათიანში მორტყმა ჩემი პროფესიააო.“
მართლაც, ათიანში მორტყმა ლავრენტი ბერიას პროფესია იყო. და თავისი თავბრუდამხვევი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ვერ მოარტყა ათიანში და ეს მისთვის ტრაგიკულად დასრულდა. დიდი ალბათობით, ბერია რომ ასე ვერაგულად არ მოეკლათ, საბჭოთა კავშირი არა თუ დაიშლებოდა, არამედ დღესაც მსოფლიოს პირველი სახელმწიფო იქნებოდა.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




