რას წარმოადგენდა სრული ავტონომიზაციის კანონი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 26.09
იოსებ სტალინი განსაკუთრებული მნიშვნელობის პიროვნება იყო მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი რუსეთისთვის და რა სიკეთეც მან რუსეთს გაუკეთა, აუწონელია. რუსეთის ყველა მეფე და მმართველი ერთად რომ ავიღოთ, იმის მეათედი სიკეთე და დიდება არ მოუტანიათ რუსეთისთვის, რაც ქართველმა იოსებ ჯუღაშვილმა რუსეთსა და რუსეთის მოსახლეობას გაუკეთა. ტყუილად როდი ებრძვიან დღემდე სტალინს დასავლეთის მმართველები. მათ ვერ მოუნელებიათ ის, რომ სტალინმა მათ რუსეთის დაშლის საშუალება არ მისცა.
აკადემიკოსი დიმიტრი ლიხაჩოვი წერდა: „იოსებ ბესარიონის ძე სტალინი დასავლურ სამყაროს დღემდე ყელში ჰყავს გაჩხერილი და მის სახელს ებრძვიან. უნდათ, ის კაცობრიობას დაავიწყონ, იმის გამო, რომ სტალინმა მათ არ განეხორციელებინა სანუკვარი ოცნება, რომ რუსეთი გადაქცეულიყო დასავლეთის „ნედლეულ დანამატად“. დასავლეთს კარგა ხანია, სურს, რომ ბუნებრივი რესურსებით მდიდარი რუსეთი იყოს პოლიტიკურ-ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით სუსტი, დანაწევრებული, ხალხი კი – დაბეჩავებულ-გამათხოვრებული. მათ (დასავლეთმა) კი ჩვენი რესურსები ქაჩონ, ზიდონ, თავად აშენდნენ და ჩვენ კი უფრო და უფრო დავიქცეთ. სტალინმა მათ ოცნებებს წერტილი დაუსვა და მიწასთან გასწორებული რუსეთი (საბჭოთა კავშირი) ზღაპრული ფერფლიდან ფენიქსივით აღადგინა.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთი დაეცა და გაცამტვერების პირას იმყოფებოდა. თუმცა, ბოლშევიკების შემართებამ, სტალინის ურყევმა ნებამ და პოლიტიკურმა გამჭრიახობამ ეს პროცესი ჯერ შეაჩერა, შემდგომ კი შეუქცევადი გახადა ქვეყნის აღორძინება. და რომ არა სტალინი, დიდი ალბათობით, რუსეთი უფსკრულში გადაიჩეხებოდა და დასავლეთის სვავების საჯიჯგნი გახდებოდა.
ედუარდ რაძინსკი: „სტალინური ინდუსტრიალიზაციის“ მიზანი ის იყო, რომ ქვეყანას აბსოლუტური ავტონომიზაცია შეძლებოდა, ანუ საჭირო მომენტში ქვეყანას საშუალება ჰქონდა, საკუთარი მოსახლეობის უზრუნველყოფა ყველაფრით, რაც კი მათთვის საჭირო იყო, იქნებოდა ეს საკვები პროდუქტი თუ პირველადი მოხმარების საგნები. და თითქმის მიღწეულიც იყო ეს, მაგრამ ომმა შეუშალა ხელი, რადგან ომის დაწყებისთანავე ისედაც საომარ ყაიდაზე მომართული სახელმწიფო, კიდევ უფრო საომარ ტალღაზე გადაერთო და რომ იტყვიან, ფუფუნების საგნებისა და „ფინტიკლუშკებისთვის“ უკვე აღარავის ეცალა.“
ომმა, რა თქმა უნდა, მსუბუქი მრეწველობა და შედარებით არასამხედრო დარგები შეასუსტა, დაბლა დასწია. თუმცა, ომის დასრულების შემდეგ შექმნილმა ვითარებამ სტალინი იძულებული გახადა, ეგრეთ წოდებული, ავტონომიზაციის კანონი მიეღო.
გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო. „ცივმა ომმა“ და მესამე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროებამ მოიტანა იმის საჭიროება, რომ საბჭოთა კავშირს შეძლებოდა სრული იზოლაციის პირობებში საკუთარი ხალხისთვის მიეწოდებინა ყველაფერი ის, რაც ნორმალური ცხოვრებისთვისაა აუცილებელი. ამ კანონს „ავტონომიზაციის“ კანონი შეარქვეს. აქედან გამომდინარე, პარტიულ და სამეურნეო ხელმძღვანელობას მიეცათ ბრძანება, ქვეყანაში გახსნილიყო სხვადასხვა დარგის საწარმოები, რომლებიც ისეთ პროდუქციას გამოუშვებდნენ, რაც ამ მომენტისთვის საბჭოთა კავშირში დეფიციტი იყო და სხვა ქვეყნებიდან შემოჰქონდათ. თვალსაჩინოებისთვის – ყავა. როგორც ცნობილია, ყავა ქვეყანაში ძირითადად, ლათინური ამერიკიდან შემოდიოდა. როგორც მზა სახით, ასევე ნედლეულით. ამ ბრძანების შემდეგ კი საბჭოთა კავშირში შეიქმნა ყავის პლანტაციები და აქვე მოჰყავდათ, აქვე ამუშავებდნენ და აქვე ამზადებდნენ. ასეთივე მდგომარეობა იყო სხვა სფეროებშიც და ხომ ნამდვილად შთამბეჭდავია? სამწუხაროდ, სტალინის გარდაცვალების შემდეგ ხრუშჩოვმა თითქმის ყველა ავტონომიური დარგი გააუქმა და თავისი ახირებების დანერგვას შეუდგა. მეტიც, მან ისეთ დღეში ჩააგდო ქვეყანა, რომ ხორბლის შესყიდვა უცხოეთის ქვეყნებიდან დაიწყეს. სტალინის დროს კი მსოფლიოს მარცვლეულის 60 პროცენტი საბჭოთა კავშირში მოდიოდა და ხორბალს ვალუტაზე ყიდდნენ.“
ბორის სოკოლოვი: „ვინ ვინ და რუსებმა ნამდვილად არ უნდა ვლანძღოთ სტალინი. არ უნდა ავყვეთ ჩვენი დასავლელი მტრების ლაყბობას. არ უნდა ვამკვიდრებდეთ ჩვენთან მათ მიერ შემოგდებულ, ეგრეთ წოდებულ, კაცობრიულ ღირებულებებს, რამეთუ ეს ყველაფერი ანგლო-საქსების მიერ შედგენილი ანტირუსული, ანტისლავური გეგმის შემადგენელი ნაწილია და ჩვენს გაწყვეტა-გადაშენებას ისახავს მიზნად. სტალინმა ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ იცოდა, როდესაც რევოლუციონერ-არალეგალი იყო. ხოლო ომის დაწყების წინ სტალინმა გიორგი დიმიტროვს პირისპირ საუბრისას უთხრა, ანგლო-საქსები სლავების განადგურებას ცდილობენ და ამას რუსებით იწყებენო. ომის დასრულების შემდეგ კი სტალინმა იმავე დიმიტროვს შესთავაზა სლავთა კავშირის შექმნა და მასში ყველა სლავური სახელმწიფოს გაერთიანება. მაგრამ ბრიტანელების ზეწოლით, იუგოსლავიამ, ტიტოს მეთაურობით, იქ შესვლაზე უარი განაცხადა. ამან კი იუგოსლავიასთან საბჭოთა კავშირის ურთიერთობები გააფუჭა.“
სტალინი ბრძენი ადამიანი იყო და კარგად იცოდა ცივილიზაციებისა და იდეოლოგიების ერთმანეთთან დაპირისპირების პრინციპები, სწორედ ამიტომ ცდილობდა სლავური ცივილიზაციის მყარად შექმნას, განმტკიცებასა და ყველა მისი მოქმედება, განსაკუთრებით ომის შემდგომ, სწორედ იქითკენ იყო მიმართული.
იაკობ კედმი: „ერთი შეხედვით, უცნაურიც კია, რომ კავკასიაში დაბადებული და გაზრდილი ქართველი სტალინი მთელ თავის შესაძლებლობებს სლავების აღორძინებისა და გაძლიერებას ახმარდა, მაგრამ ეს ყოველივე მხოლოდ ერთი შეხედვითაა უცნაური. სტალინი, ჩემი დაკვირვებითა და ანალიზით, პირველ რიგში, ქართველი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი პატრიოტი. იმავდროულად, სტალინს კარგად ჰქონდა გათვითცნობიერებული, რომ მსოფლიო კატაკლიზმებში ქართველთა პატარა ერი დიდი ძალის დახმარების გარეშე ფონს ვერ გავიდოდა. ასეთი დიდი ძალა კი რუსეთი იყო. ამიტომ სტალინმა რუსეთზე მოახდინა ქართველების ორიენტირება და არც შემცდარა. ხოლო რუსეთი რომ უფრო ძლიერი და ანგლო-საქსებისთვის მოუხელთებელი ყოფილიყო, სლავური ერთობა ცენტრალურ ფიგურად გადააქცია. შეხედავთ, რა მარტივი, მაგრამ გენიალური სქემაა? თუმცა, ანგლო-საქსებმა იმდენი მოახერხეს, რომ საქართველოს არაერთი შეცდომა დააშვებინეს. რუსეთთან დააპირისპირეს და ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებენ.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან