ბელადები

რას განიცდიდა სტალინი სიცოცხლის ბოლომდე

№10

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 17.03, 2022 წელი

სტალინის შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი იმ იშვიათ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, ვისაც, ფაქტობრივად, არაფრის ეშინია. თუმცა სტალინის ცხოვრებაში იყო მუქარა, რამაც საბჭოთა ბელადი შეაშინა და უკან დაახევინა.

სტალინის ქალიშვილი, სვეტლანა ალილუევა წერდა: „მამას მე კატეგორიულად განვუცხადე – იცოდე, ალექსეის რომ რამე დაემართოს, მე თავს აღარ ვიცოცხლებ. გამოვნახავ მეთოდს ამის გასაკეთებლად და ეს შენი ბრალი იქნება-მეთქი... ამ სიტყვებზე მამა გაფითრდა. როგორც ეტყობა, წარმოიდგინა, რა მოხდებოდა და ალექსეი მხოლოდ გადაასახლეს...“

სტალინის ქალიშვილი სვეტლანა გულისხმობს ალექსეი კაპლერს. 1903 წელს დაბადებული ეს „ლამაზმანი“ (სტალინმა უწოდა ასე) მამაკაცი სვეტლანაზე 23 წლით იყო უფროსი. პროფესიით სცენარისტი და მწერალი კაპლერი თავგადაკლული მექალთანე იყო. კარგი გარეგნობის, მოქარგული ენისა და მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის გამო კაპლერს ბუზებივით ეხვეოდნენ ქალები. ის კი მათი სხეულითა და ზოგჯერ საფულითაც სარგებლობდა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი (სტალინის ბიოგრაფი): „სტალინს განსაკუთრებული გამორჩეულობით უყვარდა სვეტლანა (სწორედ სტალინმა დაარქვა შვილს ეს სახელი ქართული ანალოგის, ნათელას შესაბამისად), ძალიან უფრთხილდებოდა ქალიშვილს და კავკასიური ტრადიციებიდან გამომდინარე სიმკაცრით ზრდიდა. ბელადი გონებაშიც კი ვერ დაუშვებდა, რომ მის გოგონას მეგობარი მამაკაცი ჰყოლოდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1942 წლის მიწურულს ვასილი სტალინმა ზუბალოვოს აგარაკზე სვეტლანას ალექსეი კაპლერი გააცნო. სვეტა სულ რაღაც 16 წლის, არასრულწლოვანი გოგონა იყო. კაპლერი კი – 39 წლის, ერთხელ უკვე ნაცოლარი (სულ სამჯერ დაქორწინდა), ეგრეთ წოდებული, ფრონტელი კორესპონდენტი. გამოცდილმა კაპლერმა თავბრუ დაახვია გოგონას. თავი შეაყვარა და მასთან რომანი გააბა. სულ მალე კი ეს სტალინმა შეიტყო და ლამის ტვინში სისხლი ჩაექცა“.

სტალინს ამ რომანის ამბავი მისი დაცვის უფროსმა ნიკოლაი ვლასიკმა შეატყობინა. გენერალმა მორიდებით სთხოვა სტალინს სიტყვის თქმის უფლება. თუმცა, პირდაპირ ვერ ბედავდა და მიკიბვ-მოკიბვა დაიწყო. სტალინმა თვალი თვალში გაუყარა და უთხრა:

– რა შორიდან მივლი. პირდაპირ მითხარი, რა მოხდა. ვინმე მოკვდა?

ვლასიკმა ამოისუნთქა და მიაყარა:

– სვეტლანა ალექსეი კაპლერთან მეგობრობს. კაპლერი კი ფრონტელი კორესპონდენტია და სვეტაზე 23 წლით უფროსი.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინი ამ ამბავს საშინელ სირცხვილად მიიჩნევდა. კავკასიური წარმოშობის მამისთვის ასმაგად მიუღებელი იყო არასრულწლოვანი, საყვარელი ქალიშვილის ასეთი ქცევა და სტალინმა ეს ძალიან განიცადა. თუმცა მრისხანება შეიკავა. შემდგომ კი სვეტლანა დაიბარა და უთხრა, რომ ყველაფერს დაივიწყებდა, თუკი იმ „ლამაზმან“ მამაკაცს შეეშვებოდა. სწორედ, ამის მერე იყო სვეტლანას მხრიდან თვითმკვლელობის მუქარა, რამაც სტალინს უკან დაახევინა. თუმცა, სვეტლანამ მაინც იძულებით დაანება თავი კაპლერს და ის მხოლოდ გადაასახლეს, საიდანაც 5 წლის მერე, 1948 წელს დაბრუნდა.“

საგულისხმოა ის, რომ სტალინმა მთელი თავისი რისხვა ვასილის დაატეხა, გაიგო რა, რომ სწორედ მან გააცნო თავის დას კაპლერი. სავარაუდოდ, ეშმაკი კაპლერი სტალინის სიძეობას უმიზნებდა და რომ იტყვიან, მოქეიფე და მექალთანე ვასილის (ვასილი სტალინი) მეშვეობით „ჩააწყო“ ეს ყველაფერი. სტალინმა მას სასტიკად აუკრძალა ზუბალოვოში „გულაობა“, შემდეგ კი აგარაკი საბოლოოდ დაახურვინა. ამასთან, უარი თქვა მის მიღებაზე და ხმას აღარ სცემდა. ვასილის ბელადი მხოლოდ ომის შემდეგ შეურიგდა.

სტალინი სიცოცხლის ბოლომდე განიცდიდა სვეტლანას საქციელს, მით უფრო, რომ ამ საქციელს შემდგომ სულ ცუდი გაგრძელებები მოჰყვა. ერთხელ სტალინს ვლასიკისთვის უთქვამს: მთელ ქვეყანას ვმოძღვრავ და ზნეობრიობისკენ მოვუწოდებ, ჩემს შვილებს კი ვერაფერი მოვუხერხეო.

მოგვიანებით, უფრო სწორად კი, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, უკვე 80 წელს გადაცილებული სვეტლანა ალილუევა სინანულით ამბობდა „სამწუხაროა, რომ მამას არ ვუჯერებდი. და მეტიც, მე მას განვუდექი. გვარი შევიცვალე და ცილსაც ვწამებდი. ახლა კი, რომ დავფიქრდები, ვრწმუნდები, რომ მამა ცამდე მართალი იყო ჩემთან და ტყუილად მოვიმდურე...“

სიცოცხლის ბოლოს სვეტლანა ალილუევა კვლავ თავისი გვარის დაბრუნებას აპირებდა. თუმცა აღარ დასცალდა.

მართალია, სტალინი დიდ მამად შერაცხეს, მაგრამ პირველ რიგში, ის თავისი შვილების მამა იყო, რომლებიც მას არ უჯერებდნენ.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა