რას ეძებდნენ ბერიას პირად სეიფებში შეთქმულები
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 29.10

ლავრენტი ბერია საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და იდუმალი პიროვნება იყო. აქედან გამომდინარე, ბერიას ამnქვეყნიდან წასვლა მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი იდუმალებით მოცული მოვლენა იყო.
იაკობ კედმი: „ლავრენტი ბერიას ვერაგული მკვლელობიდან 70 წელი გავიდა. ბერია რომ ვერაგულადაა მოკლული, ამას წყალი არ გაუვა. ის, რაც ხრუშჩოვისეულმა პროპაგანდამ ბერიაზე მოჩმახა, მილიონჯერ გვსმენია, საინტერესო არაა და არც არავის სჯერა (მე მხედველობაში მყავს სერიოზული ადამიანები). საქმე ისაა, რომ შეთქმულებს ბერიას მოსაკლავად არანაირი მოტივი არ ჰქონდათ. მათ არავინ ემუქრებოდა. პირიქით ბერიასთან ერთად შეეძლოთ, ისეთი ქვეყანა აეშენებინათ, რაც თითოეული მათგანის წარსულ დანაშაულს ნაწილობრივ მაინც გადაფარავდა და იამაყებდნენ კიდეც ამით. კარგ სახელსა და ბევრად უკეთეს ქვეყანას დაუტოვებდნენ შთამომავლობას. თუმცა, ეს ასე არ მოხდა. როდესაც ამ დანაშაულის მოტივზე ვფიქრობ, ყოველთვის იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ თითოეულ მათგანს (ყოველ შემთხვევაში, მათ უმრავლესობას) პირველკაცობის ამბიციები ჰქონდა. მთავარ მეტოქედ კი ამაში ბერიას მიიჩნევდნენ და კოლექტიურად მოიშორეს თავიდან. ხოლო დანარჩენ პრეტენდენტებს კი, რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს, უტვინო, გლეხუჭა ხრუშჩოვმა აჯობა. არადა, მასზე ბევრად ძლიერი და გავლენიანი პირები მიიწევდნენ ამ ადგილისკენ. თუნდაც, მარშალი გიორგი ჟუკოვი.“
ბოლო დროს გამომზეურებული სხვადასხვა ჩანაწერის მიხედვით, მარშალ გიორგი ჟუკოვს ბონაპარტისტული ზრახვები ამოძრავებდა და სახელმწიფოს სათავეში მოსვლის სურვილი კლავდა. ეს მისი (ჟუკოვის) სურვილი სტალინს ჯერ კიდევ 1945 წელს ენიშნა და მარშალს ძალაუფლება შეუზღუდა, თან მოსკოვს მოაშორა. სერგო ბერია (ლავრენტი ბერიას ვაჟი) კი, ფაქტობრივად, ჟუკოვს ადებს ხელს და აცხადებს, რომ სწორედ მას სურდა სტალინის სიკვდილის შემდეგ გადატრიალების მოხდენაო...
სერგო ბერია ჰყვებოდა: „გარდა იმ ხალხისა, ვინც მამაჩემის გამო ცრუ ბრალდებებით დახვრიტეს, უამრავი ადამიანი ციხეებში გამოამწყვდიეს, ასევე, ტყუილუბრალოდ, დიდი ხნით. მათ შორის იყო პოლკოვნიკი სარდიონ ნადარაია. მამაჩემის პირადი მცველი. ერთგული ადამიანი, რომელსაც 10 წელი ციხეში ჰქონდა გატარებული, 5 წელი – გადასახლებაში, მოსკოვში 50-იანი წლების მეორე ნახევარში დაბრუნდა. მან მოახერხა კიევში ჩამოსვლა, სადაც მე და დედა ვცხოვრობდით და მოგვინახულა. ძალიან ფრთხილ, ხმადაბალ საუბარში ბატონმა სარდიონმა გვითხრა, რომ სტალინის გარდაცვალებისთანავე მარშალი ჟუკოვი, თურმე, მამაჩემს, ფაქტობრივად, გადატრიალებას სთავაზობდა, რაზეც უარი მიიღო. ნადარაიამ ეს ინფორმაცია მამასგან იცოდა. მამაჩემი ბატონ სარდიონს ძლიერ ენდობოდა. ხშირად ისინი ერთმანეთს მეგრულადაც კი ელაპარაკებოდნენ, როდესაც არ უნდოდათ, მათი საუბრის შინაარსი სხვას გაეგო. ნადარაიას მოყოლილ ამ ამბავს პირველ პირში გადმოგცემთ: „ერთი კვირაც არ იყო გასული სტალინის დასაფლავებიდან. საღამო იყო. ლავრენტი პავლოვიჩი კრემლის ეზოში გამოჩნდა. მე მას მანქანასთან ველოდებოდი. რომ მომიახლოვდა, თავით მანიშნა, გამომყევიო, თან მეგრულადაც დააყოლა: წამოდიო. გვერდით მივყვებოდი. ნელი ნაბიჯებით მიდიოდა. უცებ შეჩერდა და მითხრა:
– ჟუკოვი, მე მგონი, ჭკუიდან შეიშალა. დღისით აქ იყო მოსული და მითხრა: ლავრენტი პავლოვიჩ, რას იტყვი, რომ ეს მხდალები, უტვინოები და ინტრიგნები ღირსები არიან, ამხელა სახელმწიფო მართონ. ვფიქრობ, დროა, რომ ისინი პენსიაზე გავუშვათ და ჩვენ, მათ შორის ყველაზე ღირსეულებმა, ვუხელმძღვანელოთ ამ ქვეყანასო.
– ვის გულისხმობ, გიორგი? – ვკითხე ჟუკოვს, რომელიც ამ სიტყვებისთვის, როგორც მინიმუმ, დაკავებას ექვემდებარებოდა.
– ხრუშჩოვსა და მისნაირებს, ლავრენტი პავლოვიჩ. მათ ხომ ტვინი არ აქვთ. მოლოტოვისა და მალენკოვის გამოკლებით. თუმცა, მალენკოვი უმხდალესია და არასანდო, – მითხრა ჟუკოვმა.
– შავი იუმორით ხუმრობ, გიორგი. ასეთი რამ სტალინსაც კი არ წამოსცდენია, – ვუპასუხე ჟუკოვს. მან კი აღგზნებულად მითხრა:
– ლავრენტი პავლოვიჩ, შენი უშიშროება და ჩემი არმია ჩვენი ქვეყნის სიძლიერისა და უსაფრთხოების გარანტი იქნება. დამიჯერე, ბევრს მივაღწევთ.
– ხუმრობა იქით იყოს, გიორგი და არ გიფიქრია იმაზე, რომ ჩვენს ძალოვან სტრუქტურებში რეფორმებია ჩასატარებელი? ხვალ პოლიტბიუროზე უნდა დავაყენო ეს საკითხი, – ვუთხარი ჟუკოვს და წამოვედი.
ნადარაიას თქმით, როცა მამა კრემლში გაანეიტრალეს, ჟუკოვის ხალხმა მამაჩემს რამდენიმე პირადი სეიფი გახსნეს და იქიდან ყველაფერი წაიღეს. მაგრამ რა, სარდიონმა ეს არ იცოდა.“
ბერიას სეიფებში, ძირითადად, კომპრომატები ინახებოდა. ჟუკოვი კი, დიდი ალბათობით, იქ მის წინააღმდეგ არსებულ კომპრომატებს ეძებდა. ალბათ, იმ კომპრომატებს, სადაც ჟუკოვი ბერიას სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას სთავაზობდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან