ბელადები

რამდენჯერ იხსნა სტალინმა კამო სიკვდილისგან

№8

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 29.02

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინის რევოლუციური მოღვაწეობა თითქმის იმავე ხანგრძლივობის იყო, რამდენიც მან საბჭოთა კავშირის მმართველობაში გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში მომავალმა საბჭოთა ბელადმა არაერთი ფსევდონიმი გამოიცვალა, უამრავ ადამიანს შეხვდა და ისინი რევოლუციურ გზაზე დააყენა. ერთ-ერთი მათგანი იყო სიმონ ტერ-პეტროსიანი, რომელიც ისტორიაში „კამოს“ ფსევდონიმითაა შესული...

არსენ მარტიროსიანი: „რუსეთის რევოლუციურ მოძრაობაში კამოს განსაკუთრებულად გამორჩეული ადგილი უკავია. იმავდროულად, კამო იმ უიშვიათეს ადამიანთა შორის იყო, ვისაც სტალინი თავის უახლოეს მეგობრად და თანამებრძოლად მიიჩნევდა. საყოველთაოდაა ცნობილი, რა რთულად ენდობოდა სტალინი ადამიანებს. კამო კი ის კაცი იყო, ვისშიც სტალინს არანაირი ეჭვი არ ეპარებოდა და მის მიმართ აბსოლუტური ნდობა ჰქონდა. სტალინმა და კამომ ერთად არაერთი სერიოზული აქცია ჩაატარეს და „კობა“ (სტალინის იმ პერიოდის პარტიული ფსევდონიმი) განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნავდა კამოს სიმამაცესა და მოხერხებულობას. კამოს ლენინიც ძალიან აფასებდა და პირველ რიგში, ეს სტალინის დამსახურება იყო. სწორედ სტალინმა გააცნო კამო ბოლშევიკების ბელადს (ლენინს) და ილიჩს (ლენინს) ის (კამო) თავდადებულ ბოლშევიკად წარუდგინა.“.

სტალინისა და კამოს დაახლოებას ერთი ისტორია უძღოდა წინ. სრულიად ახალგაზრდა სტალინს არალეგალური ბოლშევიკური ლიტერატურა ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰქონდა. ეს ლიტერატურა კობას ურემში ჰქონდა დამალული და შეშით შენიღბული. ურემში ხარები ჰყავდა შებმული. სტალინს ბაზრობა უნდა გაევლო და ლიტერატურა ერთ-ერთ საწყობთან მიეტანა, სადაც სამალავი იყო მოწყობილი. კობას (სტალინს) საოცარი ყურთასმენა და მხედველობა ჰქონდა, რაც მას რევოლუციური, არალეგალური მოღვაწეობისას განუვითარდა. ყოველ დეტალს მყისვე აფიქსირებდა და აანალიზებდა. ასე მოხდა მაშინაც. სტალინი ბაზრობას ადევნებდა თვალყურს. უცებ კობამ დაინახა, როგორ ამოაცალა მოზარდმა ბიჭმა საფულე მდიდარ მოქალაქეს. მოქალაქემ (დაზარალებულმა) ხელი სტაცა ქურდს. თუმცა ქურდმა მას ხელი გააშვებინა და საფულიანად მოკურცხლა. ბიჭს ორი ფეხმარდი მილიციელი გამოეკიდა. თუმცა, ბიჭი უფრო სწრაფი იყო და ქარივით მიჰქროდა. როდესაც „საფულიანმა“ საწყობებამდე მიაღწია, „კობამ“ ის დაიჭირა და საფულე გამოართვა. შემდგომ საწყობისკენ მიანიშნა, იქ შედიო და ბიჭი დამალეს. სტალინმა კი საფულე იქვე დააგდო და ამასობაში მოსულ მდევარ პოლიციელებს უჩვენა. შემდგომ კი მათ სულ სხვა მხარეს მიუთითა, ქურდი იქით გაიქცაო. პოლიციელებმა საფულეს ხელი დასტაცეს და მდინარისკენ გაიქცნენ. მოზარდი, რომელმაც საფულე მოიპარა და კობამ დამალა, სიმონ ტერ-პეტროსიანი აღმოჩნდა, მდიდარი ვაჭრის შვილი, თუმცა ხიფათის მოყვარული და თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ექსტრემალი... სწორედ იმ დღეს დაედო სათავე სტალინისა და კამოს ტანდემს, რომელმაც შემდგომში მათ არაერთი დიდი ბოლშევიკური აქცია განახორციელა...

არსენ მარტიროსიანი: „როგორც ცნობილია, სტალინს მთელ არალეგალურ ბოლშევიკურ სალაროს („ობშჩიაკი“) კონტროლი ევალებოდა და მის ხელში ძალიან დიდი ფინანსები იყო თავმოყრილი. კამო კი ამ სალაროს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემავსებელი იყო. თუნდაც, ეგრეთ წოდებული, „თბილისური ექსპროპრიაცია“ რად ღირს, რომლის დროსაც კამოს მეთაურობით ამოღებული თანხა 300 ათასი რუსული მანეთი იყო, რასაც იმ დროს კოლოსალური ღირებულება ჰქონდა, რაც დღევანდელი კურსით, 30 მილიონ ამერიკულ დოლარს უდრის. როგორც ცნობილია, კამოს ამ აქციის გამო რუსეთის იმპერიაში სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანილი. კამო ამ ფულით ევროპაში გაემგზავრა, რომ კუპიურები ვალუტაზე გადაეცვალა. თუმცა ის საერთაშორისო ძებნილი იყო, ერთ-ერთმა პროვოკატორმა კი დააბეზღა და ის ფაქტებით გერმანიაში დააპატიმრეს. რუსეთი ექსტრადიციას მოითხოვდა. გერმანელები თანახმა იყვნენ, მაგრამ საქმეში კობა ჩაერთო. სტალინმა კამოს ციხეში წერილი შეუგზავნა და სიგიჟის გათამაშება შესთავაზა. კამომ შეურაცხადის როლი მოირგო. მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დანიშნა, სადაც კამო უეჭველად გაიშიფრებოდა და მას რუსეთში სასიკვდილოდ გაგზავნიდნენ. თუმცა, კვლავ სტალინმა იმარჯვა. კობა არალეგალურად ჩავიდა გერმანიაში, პირადად მოინახულა გერმანელი ექსპერტი, ესაუბრა მას და მოისყიდა. ამის მერე კამო შეურაცხადად ცნეს. ექსტრადიცია შეაჩერეს და ფსიქიატრიულ კლინიკაში გაამწესეს. თუმცა, თავისი თანამებრძოლი კვლავ სტალინმა იხსნა და კობას მითითებით, კამო კლინიკიდან გააქციეს. კამო რუსეთში არალეგალურად დაბრუნდა და სტალინთან ერთად განაგრძო რევოლუციური მოღვაწეობა. რომ არა კამოს ტრაგიკული სიკვდილი, სტალინს გადაწყვეტილი ჰქონდა ის „ჩეკას“ ერთ-ერთ საპასუხისმგებლო პოსტზე დაენიშნა. როგორც ბელადთან დაახლოებული პირები ამბობდნენ, სტალინი ძალიან განიცდიდა მეგობრის სიკვდილს.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული