ბელადები

რამ გააოცა ამერიკელი კონგრესმენები საბჭოთა კავშირში ვიზიტისას

№34

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 11.09

საბჭოთა იარაღი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი მმართველი იყო, რომელსაც პირად საკუთრებაში არანაირი ქონება არ გააჩნდა და მეგობრების წრეში საკუთარ თავს „მდიდარ უპოვარს“ უწოდებდა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი (სტალინის ბიოგრაფი): „იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ყველაფერს მნიშვნელობას ანიჭებდა და ტყუილად არასდროს არაფერს ამბობდა, მაშინაც კი, როდესაც ხუმრობდა. ახლობელთა წრეში სტალინი საკუთარ თავს „მდიდარ უპოვარს“ უწოდებდა, რათა ხაზი გაესვა იმისთვის, რომ ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოს მმართველი („მდიდარი“) იყო და იმავდროულად, საკუთარი თავის გარდა არაფერი გააჩნდა („უპოვარი“). სტალინი პირადი მაგალითით აჩვენებდა ხალხს, როგორ უნდა ეცხოვრათ. ანუ ეშრომათ და ეღვაწათ დიადი ქვეყნის სასიკეთოდ და რომ ეს ღვაწლი სწორედ საბჭოთა მოქალაქეებს წაადგებოდათ. მთელი თავისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის განმავლობაში სტალინი პირად მაგალითს უჩვენებდა ყველას. ჯერ კიდევ იმ დროს, როცა სტალინი „კობას“ სახელით იყო ცნობილი და იატაკქვეშა ბოლშევიკების სალაროს განაგებდა, სადაც მილიონობით მანეთი და სხვა უცხოური ვალუტა იყო თავმოყრილი, ნახევრად მშიერი, ღარიბულად ჩაცმული დადიოდა, მაგრამ ერთი კაპიკიც კი არ აუღია სალაროდან. და ეს მაშინ, როდესაც სტალინისა და მისი თანამებრძოლების მიერ მოპოვებულ და ემიგრაციაში გაგზავნილ თანხებს ყოვლად უპასუხისმგებლოდ, საკუთარი სიამოვნებისთვის ხარჯავდნენ ემიგრანტი ბოლშევიკები, მათ შორის, თავად ლენინიც... სტალინმა შესანიშნავად იცოდა ნებისმიერი კაპიკის ფასი და მისი მოპოვების სირთულე. ასევე, ისიც, რომ თანხების გარეშე ვერც რევოლუციას მოახდენდნენ და ვერც დიდ სახელმწიფოს ააშენებდნენ. ამიტომ იყო, რომ ქონების გაფლანგვისა და სახელმწიფო სახსრების მითვისებისთვის სტალინურ სახელმწიფოში დამნაშავე უმკაცრესად, მათ შორის, სიკვდილითაც ისჯებოდა... ჩემი სიტყვები ისე არავინ გაიგოს, რომ თითქოს საბჭოთა ბელადი ხალხის კეთილდღეობისა და კომფორტის წინააღმდეგი იყო. პირიქით, სტალინი, სწორედ რომ, ხალხის კეთილდღეობისა და უკეთესი ცხოვრებისთვის იღვწოდა. აბა, რას ნიშნავს ის, რომ ომის შემდგომ დანგრეულ ქვეყანაში რეგულარულად ხორციელდებოდა ფასდაკლებები თითქმის ყველაფერზე.

1947 წელს საბჭოთა კავშირში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენთა დელეგაცია იყო ჩამოსული. ამერიკელებს აინტერესებდათ თუ რა ყოფაში ცხოვრობდა ომისგან დანგრეული ქვეყანა. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ ნახავდნენ გაპარტახებულ ქალაქებსა და ქუჩებში შიმშილისგან დახოცილ უამრავ ადამიანს... სტალინმა არა მარტო საბჭოთა ქვეყანაში შემოსვლის ნება დართო ამერიკელ კონგრესმენებს, არამედ უფლება მისცა, რომ მოენახულებინათ ნებისმიერი მათთვის საინტერესო ქალაქი. ამერიკელებმა მოსკოვის გარდა მოინახულეს ლენინგრადი, სტალინგრადი, კიევი და აგრეთვე, ის რეგიონები, სადაც ომის დროს ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლები გაიმართა. ამერიკელები ნანახით შოკირებული დარჩნენ. ისინი განაცვიფრა ახალმშენებლობებისა და აღდგენითი სამუშაოების ტემპებმა. ასევე, მაღაზიების სისავსემ და დაბალმა ფასებმა. ამერიკელები საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ, მაგრამ ფაქტებს ვერსად გაექცეოდნენ. სამშობლოში დაბრუნებისთანავე კონგრესმენმა ლუისმა ვრცელი პუბლიკაცია მიუძღვნა ამ მოგზაურობას. საქებარი სიტყვები არ დაუშურებია საბჭოთა ხალხისა და მისი ბელადისთვის და ბოლოს ასე დაასრულა: „საბჭოთა კავშირი უდიადესი ქვეყანაა და მას გმირი ხალხი და უძლიერესი ბელადი ჰყავს. ამ ქვეყნის დამარცხება არავის შეუძლია და მტკიცედ მჯერა, რომ საბჭოთა კავშირთან მტრობას მასთან ახლო მეგობრობა და ძმობა სჯობს“. - იმ პუბლიკაციამ ამერიკელ „ქორებში“ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მას მშიშარასა და მოღალატეს უწოდებდნენ და მის წინააღმდეგ ყოვლად ბინძური კამპანია ააგორეს. თუმცა, კონგრესმენი ამას ყურადღებას არ აქცევდა. ის (ლუისი) უმაღლესი დონის ანალიტიკოსი იყო. ძალიან განათლებული, ჭკვიანი ადამიანი და შესანიშნავად უწყოდა, თუ რას ლაპარაკობდა. მეტიც, ლუისმა ისარგებლა თავისი უფლებით და პირადად, ერთი ერთზე შეხვდა პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს და თავისი მოსაზრებები გაუზიარა. კონგრესმენი არწმუნებდა პრეზიდენტს, რომ „რკინის ფარდა“ აეწია, „ცივი ომი“ შეეწყვიტა, შეხვედროდა სტალინს და ერთად ეღვაწათ მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. ტრუმენი ლუისს პატივს სცემდა. ითვალისწინებდა მის რჩევებს და ფაქტობრივად, დაეთანხმა კიდეც მას. გაიმართა წინასწარი მოლაპარაკება სტალინისა და ტრუმენის შეხვედრის თაობაზე. თუმცა, მოულოდნელად ყველაფრი წამში ჩაიყალა, წინასწარი შეთანხმება დაირღვა. ტრუმენი კი არა მარტო ძველ რიტორიკას დაუბრუნდა, არამედ უფრო გაამძაფრა კიდეც... მოგვიანებით გაირკვა, რომ ტრუმენზე ზეწოლა სწორედ რომ, „ქორებმა“ განახორციელეს – ძმებმა დალესებმა, „ეფბეერის“ დირექტორმა გუვერმა და იმ მაღალჩინოსანმა სამხედროებმა, რომელთა უკან უზარმაზარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი იდგა. ისინი პრეზიდენტს ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ. ეს კი საკმაოდ დელიკატურად გააკეთეს და ტრიუმენს სხვა არაფერი რჩებოდა და დაემორჩილა.

მოგვიანებით ტრუმენი თავის მემუარებში ფართოდ შეეხო ამ თემას და ირიბად დაადასტურა, რომ მზად იყო სტალინთან შესახვედრად, მაგრამ ბედისწერამ სხვანაირად გადაწყვიტაო...“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა