ბელადები

რა უკუშედეგი მოიტანა ანტისტალინურმა დასავლურმა აქციებმა

№19

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 19.05, 2022 წელი

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი იყო და შეუზღუდავი ძალაუფლებაც ჰქონდა. შეეძლო დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება არა მარტო თავის ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც და ახორციელებდა კიდეც ამას, რის გამოც მას მთელი დასავლეთი უწევდა წინააღმდეგობას და სანქციებსაც უწესებდა, თუმცა საბჭოთა ბელადი წარმატებით სძლევდა ამ წინაღობებს.

ყოფილი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ანტისაბჭოთა სანქციები დასავლეთმა არა მხოლოდ ავღანური კამპანიის მერე დაგვიწესა, არამედ ბევრად უფრო ადრე. თუმცა ჩვენ ამან სულაც არ დაგვაზარალა. მეტსაც გეტყვით, ჩვენ ამ სანქციებმა გაგვაძლიერა და არა მარტო მორალურ-ფსიქოლოგიურად, არამედ ფინანსურადაც. თუმცა, ამ სანქციებს ძირითადად სწორედ ამ კუთხით უნდა დაერტყა ჩვენთვის და პირველ რიგში, ჩვენი ეკონომიკა დაეზიანებინა.“

ვიაჩესლავ მოლოტოვი გულისხმობს 1946-1947 წლებში გამოცხადებულ დასავლურ სანქციებს, რაც გულისხმობდა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს შეეწყვიტათ საბჭოთა ფინანსურ-ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები. ხოლო, ვინც ამას არ გააკეთებდა, არადემოკრატიული, პროსაბჭოთა სახელმწიფოდ ცხადდებოდა. სანქციების ინიციატორი, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატები იყო დიდ ბრიტანეთთან ერთად. სანქციების საბაბი კი ის იყო, რომ სტალინმა ევროპის უდიდესი ნაწილი პროსაბჭოურ ორბიტაში მოაქცია. ანუ, როგორც ჩერჩილმა განსაზღვრა – სტალინმა ევროპა „გააწითლა“. თუმცა, ისე მოხდა, რომ თავისსავე გამოცხადებულ აკრძალვებს თვით სანქციების გამომცხადებელი არღვევდა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „პარადოქსია, მაგრამ ფაქტია და ამას ვერსად გავექცევით. ამაზე ლაპარაკობენ თავად დასავლელი ექსპერტები და სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკური ანალიტიკოსები. მე ვგულისხმობ, ეგრეთ წოდებულ, ანტისტალინურ სანქციებს, რომლითაც საბჭოთა ეკონომიკა უნდა დაესუსტებინათ და ამას კი სტალინის ხელისუფლებიდან მოშორება გამოეწვია. სანქციების მიხედვით, საბჭოთა კავშირისგან „დემოკრატიულ“ ქვეყნებს, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს, არც ნედლეული უნდა შეესყიდა, არც სხვა საქონელი და მისთვისაც არაფერი მიეყიდა. სინამდვილეში კი, სწორედ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა დაარღვია ეს სანქციები და რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ამ ყველაფერს ისინი, ეგრეთ წოდებული, მესამე ქვეყნების მეშვეობით ყიდულობდნენ და რა თქმა უნდა, გაცილებით ძვირად. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი საჭირო ნედლეულისა თუ პროდუქტის შეძენას ინდოეთის მეშვეობით ახორციელებდნენ. შესყიდული ხე-ტყე, ფოლადი თუ სხვა ნედლეული თავდაპირველად ინდოეთში მიდიოდა, შემდეგ კი ამერიკაში, კანადაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა სანქციებში მონაწილე ქვეყნებში ხვდებოდა. რა თქმა უნდა, ასეთი გზის გავლას მეტი ხარჯი სჭირდებოდა. საბჭოეთი ამით არაფერს კარგავდა და ზოგ შემთხვევაში მეტ შემოსავალსაც იღებდა“.

ეს, ერთი შეხედვით, პარადოქსი პოლიტიკურ ეშმაკობას შეიცავდა. სანქციის გამომცხადებელი ამერიკის შეერთებული შტატები ამით ევროპის დასუსტებას ახორციელებდა. მოქმედებდა მარტივი, მაგრამ ძალიან ეშმაკური სქემა. განვიხილოთ ეს საფრანგეთის მაგალითზე: საფრანგეთი ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებს შეუერთდა და რადგან მას პირნათლად ასრულებდა, საკმაოდ დასუსტდა. და მხოლოდ დე გოლის დაჟინებულმა მოქმედებამ ააღებინა ხელი საფრანგეთის მთავრობას (მაშინ დე გოლი ჯერ კიდევ არ იყო პრეზიდენტი) ამ თაღლითობაში მონაწილეობაზე (ასე უწოდა ამ აქციას თავად დე გოლმა). მოგვიანებით, როგორც ჩერჩილი, ასევე ალენ დალესი, ნაწილობრივ კი ჰარი ტრუმენიც თავიანთ მემუარებში წერდნენ: სტალინს ეკონომიკური სანქციები დავუწესეთ და მათი შესრულება ჩვენ უფრო ძვირი დაგვიჯდაო.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „იმ სანქციებსა და სხვა მსგავს მანიპულაციებს რომ ვაანალიზებ, ვასკვნი, რომ შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი შეფარულად ახორციელებდნენ თავიანთ იდეოლოგიურ-პოლიტიკური პარტნიორების დასუსტებას, მათ ბრმა იარაღად იყენებდნენ და თავად ძლიერდებოდნენ. რა თქმა უნდა, ეს იცოდა სტალინმა, იყენებდა ამ სიტუაციას, ამიტომ არც პირადად მას და არც მის ქვეყანას არაფერი აკლდებოდა, პირიქით, ძლიერდებოდა...“

ძნელია, არ დაეთანხმო ვოლკოგონოვის დასკვნასა და შეფასებას. სწორედ სტალინის გამჭრიახობასა და სიმტკიცეზე იდგა ქვეყანა. და რადგან შემდეგ არც მეორე სტალინი მოიძებნა და არც მისი სრული კურსის გამგრძელებელი, საბჭოეთი დაიშალა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი