ბელადები

რა თვისებებს ატარებდა ბერია, რასაც დღემდე მალავენ

№39

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 12.10

სტალინის შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო. მას შეეძლო ბევრი ისეთი რამ, რაც ჩვეულებრივ მოკვდავს არც კი დაესიზმრებოდა. ის სტალინის შემდეგ ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი იყო ქვეყანაში – სწორედ მასზე იყო დამოკიდებული საბჭოთა კავშირის უსაფრთხოების მთელი სისტემა...

იაკობ კედმი: „ბერიაზე ლაპარაკისას ჩვეულებრივ ადამიანს თვალწინ წარმოუდგება სექსუალური მანიაკი, რომელიც იმავდროულად, კაციჭამიაც იყო და ასე შემდეგ... ეს ყოველივე ხრუშჩოვისეული პროპაგანდის ბინძური შედეგია, რომელიც დღემდე მოქმედებს... სინამდვილე კი სრულიად სხვაგვარად გამოიყურება და ამას საარქივო დოკუმენტებიც ადასტურებენ, რომლებიც საიდუმლო სეიფების ცხრაკლიტულშია დამალული. თუმცა, ზოგიერთი მათგანი მაინც გამოჟონავს ხოლმე და სწორედ მაშინ წარმოგვიდგება ბერიას ჭეშმარიტი სახე, რასაც საგულდაგულოდ მალავენ...

ბერიას სექსუალური მანიაკობა რომ მითია და მეტი არაფერი, ამაზე ლაპარაკიც კი არ ღირს. თუმცა, ერთს მაინც ვიტყვი. ბერიას უმშვენიერესი მეუღლე, ნინო გეგეჭკორი ამბობდა – ლავრენტიმ მხოლოდ ერთხელ მიღალატა და ისიც მოინანიაო. მას 17 წლის ლილია დროზდოვასგან გოგონა შეეძინა. ეს ლამაზი, პატარა ლილია ლავრენტის შეუყვარდა. შვილი კი ვერ უარყო ზრუნავდა მასზე და ძალიან ნანობდა ღალატს. ლავრენტის ასეულობით ქალის გაუპატიურება-საყვარლობაში დასდეს ბრალი. თუმცა, ამის დამადასტურებელი არცერთი საბუთი არ არსებობს. თვით დროზდოვამაც კი უარყო ლავრენტის მხრიდან მასზე ძალადობა. თუმცა, წინასწარ იყო დარიგებული, რა ეთქვა კომისიაზე. მეუხერხულება ასეთი ინტიმური რამის გამხელა, მაგრამ როდესაც ლავრენტი მოსკოვში იყო, თავისუფალ დროს სულ ჩემთან ატარებდა, ერთი დღეც კი არ გამოუტოვებია და ასეულობით ქალთან ურთიერთობა როდის შეძლოო...

რა თქმა უნდა, ბერიას მეუღლე სიმართლეს ამბობს და მისი ქმრის მიმართ წარდგენილი ბრალდებები აბსურდია. ამიტომ ამ თემას აღარ დავუბრუნდები და სერიოზულ საკითხზე გადავალ, რომელიც ბერიას ნამდვილ სახეს წარმოაჩენს. როგორც ადამიანის, ასევე ორგანიზატორისა და პოლიტიკური მოღვაწის...

დავიწყოთ ბერიას ადამიანურობით. 1937 წელია. ბერია საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანია. საბჭოთა კავშირში ეჟოვის ტერორი მძვინვარებს. არსებობს დასახვრეტთა გეგმა, ფაქტობრივად, შეუზღუდავი. რესპუბლიკები ერთმანეთს ეჯიბრებიან „ხალხის მტრების“ მხილებაში. უკრაინა რუსეთს ასწრებს, სომხეთს – აზერბაიჯანი და ასე შემდეგ. და მხოლოდ საქართველო ვერ ასრულებს გეგმას. ეს ყოველივე კი ბერიას დამსახურებაა. ერთ ცისმარე დღეს ბერიას დასახვრეტთა სია მიუტანეს, რომელსაც თან, ეგრეთ წოდებული, სამეულის „პროტოკოლები“ ახლდა. და, როგორც მსგავსი ტიპის დოკუმენტის ფორმატიითაა გათვალისწინებული, „პროტოკოლებს“ თან დართული აქვს ბრალდებულთა დაკითხვისა და მისჯის ზუსტი დრო. მაგალითად, ეჭვმიტანილი სამეულთან მოიყვანეს 9 საათზე, დაჰკითხეს და მიუსაჯეს 10 საათზე. ეს სია მოიცავდა 200 ადამიანს და ყველას დახვრეტა მიუსაჯეს. შეყვანისა და მისჯის დროს შორის კი 40-წუთიანი ინტერვალი იყო. ეს სრული აბსურდი იყო, რადგან შეუძლებელია 200 ადამიანის საქმის ამ დროში სრულფასოვნად განხილვა, გასამართლება და განაჩენის გამოტანა. ანუ მხოლოდ დრო იყო ზუსტად მითითებული, 200 პატიმრის მიმართ კანონიერი ქმედებები კი არ განხორციელებულა, მხოლოდ ხელმომწერებს დასჭირდებოდა 40 წუთი. ბერიამ, რა თქმა უნდა, ამ სიას ხელი არ მოაწერა. ამიტომ დახვრეტა გადაიდო. სამაგიეროდ, ბერიამ სამეულის ყველა წევრებზე პირადად აღაძრევინა სისხლის სამართლის საქმე და მათი არაპროფესიონალიზმი ამხილა. თუმცა, სამეული არ დაუხვრეტავთ და მათ მხოლოდ პატიმრობები მიუსაჯეს. ხოლო იმ 200 ბრალდებულის საქმეები კი უკვე კეთილსინდისიერად გამოაძიებინა და მათგან მხოლოდ 9 ადამიანი აღმოჩნდა დამნაშავე. თანაც, არა დასახვრეტები და ისინი პატიმრობაში გაუშვეს. ჩემი მონაყოლის მიხედვით, მკითხველმა გამოიტანოს დასკვნა ბერიას ადამიანურობაზე. ბერიას ორგანიზატორული ნიჭი და საზრიანობა კი, უბრალოდ, ვერაფრით დამალეს, რადგან ეს რომ გაეკეთებინათ, მაშინ მთელი სამამულო ომისა და შემდგომი პერიოდის ისტორია უნდა გაექროთ, რაც აბსურდი იყო. ბერიას რომ არ ეყოჩაღა, მთელი საბჭოთა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ქვეყნის ევროპული ნაწილიდან ურალში ვერ გადაინაცვლებდა სულ რაღაც ორ კვირაში და ჰიტლერი ომს მოიგებდა. ხოლო, რომ არა ბერიას კრეატიულობა, არ იქნებოდა, ეგრეთ წოდებული, მოძრავი რაკეტები, რომლებიც საფოსტო ვაგონებით იყო შეფუთული და განუწყვეტლივ კურირებდნენ უზარმაზარი ქვეყნის ტერიტორიაზე. საჭიროების შემთხვევაში კი შეეძლოთ, სწრაფად მოეყვანათ საბრძოლო მდგომარეობაში და ძალიან მოკლე დროის განმავლობაში გაეშვათ მიზანში. ესეც ბერიას საქმიანობისა და კრეატიულობის ნათელი მაგალითია. რაც შეეხება ბერიას პოლიტიკოსობას. ამის დასტურია ის, რომ ბერია სტალინის კონსულტანტი იყო პოლიტიკურ საკითხებში და მხოლოდ მას შეეძლო რჩევის მიცემა ბელადისთვის. სწორედ ბერიამ ურჩია სტალინს ირანიდან გაზის გამოყვანა, გაეროში ცალკეული საბჭოთა რესპუბლიკების გაწევრიანება და ისრაელის სახელმწიფოს შექმნაში უდიდესი ხელის შეწყობა, რაც შემდგომში საბჭოეთს დიდად წაადგა პოლიტიკურად. ხოლო სტალინის სიკვდილის შემდეგ ბერიას პოლიტიკური გეგმები ძალიან ფართო და დახვეწილი იყო. პირველ რიგში, ეს გერმანიის გაერთიანებას გულისხმობდა, რაც რეალურად განხორციელდებოდა, რომ არ მოეკლათ.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა