ბელადები

რა წვლილი შეიტანა ბერიამ და მისმა უწყებამ ოპერაცია „ბაგრატიონში“

№50

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 25.12, 2022 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერიას უდიდესი წვლილი მიუძღვის საბჭოთა სახელმწიფოს მშენებლობასა და მის მოდერნიზებაში. დიდია მისი ღვაწლი მეორე მსოფლიო ომის დროსაც, მისმა გონივრულად დაგეგმილმა სპეცოპერაციებმა დიდად შეუწყო ხელი „წითელ არმიას“ ფაშისტების დამარცხებაში.

რეჟისორი, სამხედრო ბლოკბასტერების ცნობილი შემქმნელი ყვებოდა: „ალბათ, თითზე ჩამოსათვლელმა ადამიანებმა თუ იციან, რომ ეგრეთ წოდებული, „გომელის ქვაბი“, სადაც ფაშისტების რჩეული შენაერთის ნახევარი (100 ათასი მებრძოლი) დაიღუპა, ამდენივე კი ტყვედ იქნა აყვანილი, ბერიას მიერ იყო ორგანიზებული და მისი უწყება ამ ოპერაციას იუველირული სიზუსტით ახორციელებდა“.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ალბათ, არ არსებობს ისეთი ადამიანი, ვისაც ოპერაცია „ბაგრატიონზე“ არ სმენია. ეს იყო ფაშისტებისგან ბელორუსიის გათავისუფლების ოპერაცია. მან ორი თვე გასტანა – 23 ივნისიდან 29 აგვისტოს ჩათვლით. ამ ოპერაციის სტრატეგიული სქემა თავად სტალინის მიერ იყო მოფიქრებული და სახელიც მან დაარქვა. დეტალები კი, რა თქმა უნდა, გენერალურმა შტაბმა შეიმუშავა. როგორც თავდაცვის საბჭოს წევრი, ამ გეგმის შედგენაში ბერიაც მონაწილეობდა და მასში ჩვენი უწყება ოპერაციის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე იყო ჩაბმული. ახლა აგიხსნით, თუ რას ვგულისხმობ. 1944 წლის თებერვალში ჩვენი უწყების სპეციალურმა ჯგუფმა გომელის ტყეებში ფაშისტ-დივერსანტთა 25-კაციანი დესანტი, რომ იტყვიან, „სუფთად აიყვანა“. ჯგუფი ღამით გადმოსხეს. ისინი კბილებამდე იყვნენ შეიარაღებულები, ეკიპირებულები და ინსტრუქტირებულები. სამხედრო კანონების მიხედვით, დაკითხვის შემდეგ მათი ადგილზევე განადგურების ნებართვა არსებობდა. დაკითხვამ ტყეში შედეგი ვერ მოიტანა. ისინი დუმდნენ და სხვა უწყება მათ, ალბათ, დახოცავდა, მაგრამ, ბერიას მტკიცე მითითება არსებობდა, რომ ყველა დაკავებული დივერსანტის საფუძვლიანი გაშიფვრა მომხდარიყო. აქედან გამომდინარე, მიუხედავად საკმაოდ რთული ვითარებისა, ყველა დაკავებული დივერსანტი მოსკოვში გადავაფრინეთ (უფრო სწორად, ლუბიანკაზე მივიყვანეთ). მათი მეთაური, გამოცდილი ოფიცერი, რკინის ჯვრის კავალერი, პოლკოვნიკი ვალტერ შულცი იყო. ბერიამ ის პირადად დაჰკითხა და გადაიბირა. ამ დივერსიული ჯგუფის ამოცანა იყო გომელის ტყეებში ცრუ საბჭოთა პარტიზანული რაზმის შექმნა და პლაცდარმის მომზადება გერმანული არმიის შეტევისთვის, რომელსაც ფიურერის დავალებით, გერმანიის გენშტაბი ამზადებდა. ბერიამ დივერსანტებს თანამშრომლობა შესთავაზა. ისინი დათანხმდნენ და ბერლინთან რადიოხიდი გაიბა. დივერსანტები, რა თქმა უნდა, ჩვენი სპეცრაზმის კონტროლის ქვეშ, ბერლინს ატყობინებდნენ, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა. ფაშისტები დივერსანტებს საჰაერო გზით პროდუქტებსა და იარაღს უგზავნიდნენ. მაისის მიწურულს კი 50-კაციანი სადესანტო-დივერსიული რაზმი გაუგზავნეს, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენ ავიყვანეთ და იქაურობას მოვაშორეთ. ივნისის შუა რიცხვებისთვის კი ბერლინში გადაიცა სტრატეგიული ინფორმაცია საბჭოთა არმიის გადაადგილების თაობაზე და სწორედ ეს აღმოჩნდა ფაშისტებისთვის საბედისწერო...“

მთელი ამ რადიოთამაშის კოდური სახელწოდება იყო „გომელის ქვაბი“ და „ბაგრატიონის“ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. მისი მთავარი დანიშნულება იყო ფაშისტური ძალების შემოტყუება, ალყაში მოქცევა და განადგურება. სტრატეგიული ინფორმაციის მხოლოდ გადაცემა არაფერი იყო, თუკი მას არ დაიჯერებდნენ. ამიტომ, ფაშისტების დასანახავად საბჭოთა ჯარებმა ცრუ გადაადგილება დაიწყეს, რაც ფაშისტებმა სინამდვილედ მიიღეს, შეტევაზე გადავიდნენ და „გომელის ქვაბში“ მოექცნენ. ჩასაფრებაში მყოფმა „წითელმა არმიამ“ 200-ათასიანი დაჯგუფება ალყაში მოაქცია. 100 ათასი ფაშისტი დაიღუპა, ამდენივე კი ტყვედ ჩავარდა. ამის მერე საბჭოთა არმია შეტევაზე გადავიდა და მართალია, ფაშისტების სრულად გასადევნად 2 თვე დასჭირდა, მაგრამ მთავარი ამოცანა შესრულებული იყო. არმიათა ჯგუფი, სახელწოდებით „ცენტრი“, მთლიანად მოისპო და საბჭოთა ჯარი უკვე ევროპისკენ დაიძრა...

პავლე სუდოპლატოვი: „ჩვენი ძალისხმევა ღირსეულად დაფასდა, მთავრობამ ჯილდოები გადმოგვცა. ბერია ძალიან გახარებული იყო, რადგან სტალინი მას გადაეხვია და პირადად გამოუცხადა მადლობა, რასაც ბელადი ძალიან იშვიათად აკეთებდა. ეს კი არც იყო გასაკვირი, რადგან „ბაგრატიონმა“ საბოლოოდ გადატეხა წელში ფაშისტები და აქედან დაიწყო მათი პერმანენტული უკან დახევა, რაც ბერლინის აღებით დასრულდა. ამაში კი ბერიას წილი ძალიან დიდი იყო.“

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ის ფაქტი, რომ როდესაც მავანნი დიად რუსულ გამარჯვებაზე საუბრობენ და ყველა საშინელებას ბერიას აბრალებენ, ჭეშმარიტების ძიების გზაზე, მთავარ გამარჯვებულად მაინც მათ მიერვე ლაფში ამოსვრილი ბერია ხვდებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი