ბელადები

რა წვლილი მიუძღვის ბერიას მოსკოვის მეტროს მშენებლობაში

№10

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია ის ადამიანი იყო, ვისაც სტალინთან ერთად, ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის საბჭოთა კავშირის მოდერნიზაციასა და უზარმაზარი ქვეყნის სუპერსახელმწიფოდ გადაქცევაში. ბერიას მიერ შემუშავებული ტექნოლოგიები და სქემები დღემდე ნაყოფიერად მუშაობს, მაგრამ უკვე რუსეთის ფედერაციისთვის.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ლავრენტი პავლეს ძე ბერია უნიკალური პიროვნება იყო. მის არსს მე ასე განვსაზღვრავ: ბერია იყო ადამიანი პროფესიონალი, ამ სიტყვის პირდაპირი და ფართო გაგებით. ბერია ყველაფერში პროფესიონალი იყო. არ არსებობდა საქმე, რომელსაც ის ზერელედ მოეკიდებოდა. არ არსებობდა სფერო, რომელშიც ის ვერ ერკვეოდა. ბერია იყო ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა, ათვისების, გააზრებისა და ანალიზის უნიკალური უნარი, აგრეთვე, რთული, ჩახლართული კომბინაციების განხორციელების შესაძლებლობები. ბერია ყოველთვის ყველაზე უფრო ღრმად სწვდებოდა ნებისმიერ საკითხს. შემდგომ კი ისე ახორციელებდა მას, რომ შემსრულებლებს მხოლოდ და მხოლოდ ისღა რჩებოდათ, რომ ზუსტად შეესრულებინათ მისი მითითებები. ბერიას ინოვაციები შემდგომში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოწინავე დაზვერვებმა გადაიღეს და წარმატებით იყენებდნენ თავიანთ საქმიანობაში. ბერიას საზრიანობა და ერთი შეხედვით, გამოუვალი სიტუაციების დაძლევის დიდი უნარი კი განცვიფრებას იწვევდა. მაგალითისთვის ერთ ისტორიას მოვყვები. 1938 წელს, როდესაც ბერია ახალი დანიშნული იყო, მის ყურამდე მივიდა ამბავი იმის შესახებ, რომ მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობის დროს დააპატიმრეს ახალგაზრდა ინჟინერი, გვარად ტრახტმანი. ამ 30 წლის კაცს ბრალად ედებოდა მშენებლობის საბოტირება. ამ უმძიმესი ბრალდებით მას დახვრეტა ემუქრებოდა. საქმე კი ის იყო, რომ ერთ-ერთ მონაკვეთზე წყლიანი გრუნტი გვირაბის გათხრის საშუალებას არ იძლეოდა და შემაკავებელი სალტეების მონტაჟი შეუძლებელი იყო. ტრახტმანი მიმართულებების შეცვლას მოითხოვდა. ანუ, შემოვლითი გზით ზედმეტი 9 კილომეტრი უნდა გაეთხარათ. ეს კი დიდ დამატებით ხარჯებს მოითხოვდა. სწორედ ეს იყო ნიჭიერი ინჟინრისთვის წაყენებული ბრალდება. ტრახტმანი დააპატიმრეს და მას გარდაუვალი სიკვდილი ელოდა. ბერია საქმეს გაეცნო, დარწმუნდა, რომ ტრახტმანი უდანაშაულო იყო და გონებაშეზღუდული გამომძიებელი მას დაღუპავდა. ბერიამ გამომძიებელი სამსახურიდან გაათავისუფლა. ტრახმანი კი ციხიდან გამოუშვა. შემდგომ ინჟინერი თავის კაბინეტში დაიბარა და უთხრა, რომ ასეთი მონაკვეთები სპეციალური მოწყობილობით გაეყინათ და ამგვარად გაეჭრათ მეტროს გვირაბი, რაც სალტეების დამაგრების საშუალებას მისცემდა. ამ მეთოდმა ასი პროცენტით გაამართლა. მეთოდს კი ტრახტმანის მეთოდი ეწოდა და იოსებ ტრახტმანმა ამ ინოვაციისთვის სტალინის სახელობის პირველი ხარისხის სახელმწიფო პრემია მიიღო. სინამდვილეში კი ეს ლავრენტი ბერიას მიერ მოგონილი ინოვაცია იყო.

სპეცსამსახურების მუშაობა კი 1938 წლიდან მხოლოდ და მხოლოდ ბერიას ინოვაციებით ხორციელდებოდა. ამან განსაკუთრებული განვითარება დიდი სამამულო ომის დროს მიიღო. 1941 წლის აგვისტოში, ბერიას მითითებით, შეიქმნა ქვედანაყოფი „სმ“, რომელიც პირადად მე მექვემდებარებოდა. ჩემს ქვედანაყოფში ძირითადად, საბჭოთა მოქალაქეები ირიცხებოდნენ, თუმცა იყვნენ უცხოელებიც. ჩვენი მიზანი ფაშისტების იმ მაღალჩინოსნების განადგურება იყო, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ და დიდ ზიანს აყენებდნენ ჩვენს ქვეყანას. ამ ჯალათებს, სისხლისმსმელებს ჩვენ ვანადგურებდით როგორც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე მათ ქვეყანაში, გერმანიაში და მათ მთავარ ბუნაგშიც – ბერლინში. ჩვენ მოვამზადეთ ის ჩეხები, რომლებმაც განახორციელეს რეინხარდ რეიხარდის ლიკვიდაცია. ეს ჯალათი ფაშისტების უშიშროების სამსახურის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო და ჩეხი ხალხის სისხლში ჰქონდა ხელები გასვრილი. ჩვენმა სამსახურმა გაანადგურა უკრაინის ჯალათთა მნიშვნელოვანი ნაწილი და მათი ლიკვიდატორი ნიკოლაი კუზნეცოვი იყო, ჩვენი უწყების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. შემდგომში ჩემი განყოფილება უფრო მეტად დაიხვეწა, განვითარდა და შეიარაღდა ახალი ტექნოლოგიებით. 1949 წლისთვის ჩვენ უკვე შეგვეძლო ნებისმიერი ადამიანის განადგურება მსოფლიოს ყვედა კუთხეში...“

ეგრეთ წოდებული, „ზასტოის“ პერიოდში განყოფილებას მეთაურობდა „კაგებეს“ ლეგენდა, გენერალი მედვედოვი. სწორედ მან შექმნა ლეგენდარული „ალფა“, რომელიც თავიდან ბოლომდე ლავრენტი ბერიას პირმშო იყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი