ბელადები

რა წვლილი მიუძღვის ბერიას აზერბაიჯანის გასაბჭოებაში

№12

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 05.04

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია განსაკუთრებული ნიჭისა და გამოცდილების ადამიანი იყო. მასზე ამბობდნენ, ჩეკისტადაა დაბადებულიო და ეს არ იყო ხუმრობა ან გადაჭარბებული შეფასება. ბერიას ბავშვობიდანვე ჰქონდა ის თვისებები, რაც აუცილებელი იყო სპეცსამსახურების მაღალი კლასის თანამშრომლისთვის და სწორედ ამის წყალობით შექმნა მან მანამდე არნახულად ძლიერი საბჭოთა უშიშროების უწყება.

იაკობ კედმი: „თამამად, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არა ლავრენტი ბერია, საბჭოთა უშიშროების სამსახური ვერ მიაღწევდა ისეთ სიმაღლეებს. ხოლო ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ჰიტლერის დამარცხება, ალბათ, ძალიან გაჭირდებოდა და შესაძლოა, არც კი მომხდარიყო, რადგან, წითელ არმიასთან ერთად, საბჭოთა ჩეკისტებმა აუწონავი წვლილი შეიტანეს ომის მოგებაში. ამაში კი ლომის წილი სწორედ ბერიას მიუძღვის.

ლავრენტი ბერიამ პირველი დიდი გამოცდილება ბაქოს ბოლშევიკურ იატაკქვეშეთში მიიღო. იქ ის სრულიად ნორჩ ასაკში დაუკავშირდა ბოლშევიკებს და თავისი ნიჭიც პირველად იქ გამოავლინა. გარდა იმისა, რომ ბერია ფრიადებზე ეუფლებოდა ტექნიკური სასწავლებლის საგნებს, ასევე დიდი წარმატებით ახორციელებდა სადაზვერვო სამუშაოს. ლავრენტი პავლეს ძის კურატორი სერგეი მირონის ძე კიროვი იყო. სტალინის დავალებით, კიროვი ბაქოს იატაკქვეშეთს ხელმძღვანელობდა და ამიერკავკასიაში, ანასტას მიქოიანთან ერთად, ფართო რევოლუციური მოღვაწეობა ჰქონდა გაშლილი. კიროვი და მიქოიანი ძლიერი კონსპირატორები იყვნენ. თუმცა, მაინც მოექცნენ მეფის „ოხრანკის“ ყურადღების ქვეშ. ამიტომ, იძულებული გახდნენ, არალეგარულ მდგომარეობაში ყოფილიყვნენ. აქედან გამომდინარე, მათ სჭირდებოდათ „სუფთა“ ადამიანი, რომელიც მათ მითითებებს შეასრულებდა და აქტიურად დაეხმარებოდა არალეგალურ საქმიანობაში.

1915 წელს კიროვმა ბერია გაიცნო. მაშინ ლავრენტი პავლეს ძე 16 წლის იყო. შეაფასა მისი უნარები. ძალიან მოეწონა და ბოლშევიკურ საქმიანობაში ჩაბმა შესთავაზა. ბერია კიროვს დიდი სიხარულით დათანხმდა და მაშინვე უთხრა, რომ შეეძლოთ, ის სადაზვერვო-დივერსიული საქმიანობისთვის გამოეყენებინათ. ანასტას მიქოიანი იხსენებდა: „მე და მირონიჩი (კიროვი) ყურადღებით ვუსმენდით ამ ყმაწვილის (ბერია) მსჯელობას და ერთი მხრივ, ვხედავდით, რომ ჩვენ წინ არასრულწლოვანი იდგა, მეორე მხრივ კი, მისი დალაგებული, თანამიმდევრული და მამაცური საუბარი გვარწმუნებდა, რომ ამ ადამიანს უდიდესი პოტენცია ჰქონდა და ჩვენს საქმიანობაში ძალიან გამოგვადგებოდა. კიროვმა ბერიას ჰკითხა:

– ამხანაგო ლავრენტი, როგორ წარმოგიდგენია სადაზვერვო მუშაობა, თანაც დივერსიის თანხლებით.

ბერიამ კი უპასუხა:

– თუ თქვენ ამის დასტურს მომცემთ, მე ბაქოს ჟანდარმერიის შტატგარეშე თანამშრომელი გავხდები. მათ ნდობას დავიმსახურებ და ბოლშევიკებს ინფორმაციებით მოგამარაგებთ. დივერსიებში კი სხვადასხვა სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმას ვგულისხმობ, რაც საჭირო მომენტში რევოლუციურ აჯანყებას დიდად შეუწყობს ხელს.

კიროვი მოულოდნელობისგან შეცბა. ჩვენ, ბოლშევიკები, ბაქოს აჯანყებისთვის ვემზადებოდით და მირონიჩი იმან გააოცა, რომ ამ ახალგაზრდა კაცმა, ფაქტობრივად, ზუსტად ამოიცნო ჩვენი გეგმა. მირონიჩმა ბერიას ჰკითხა:

– მაინც, როგორ აპირებ მტრის დაზვერვაში მოხვედრას?

– შემოთავაზება მქონდა. ბაქოს ჟანდარმერიაში მირ-ჯაფარ ბაგიროვი მუშაობს. როგორც შევიტყვე, ის ახალგაზრდა კადრებს აგროვებს. ჩემი ჯგუფელი მამედოვი მისი შორეული ნათესავია და ცოტა ხნის წინ მასთან თანამშრომლობა შემომთავაზა.

კიროვმა ბერიას თანხმობა განუცხადა და ჩვენი თანხმობით, მან აზერბაიჯანის უშიშროებასთან დაიწყო ურთიერთობა.“

მოგვიანებით, ბერიას ორმაგ აგენტობაში დასდეს ბრალი, მაგრამ კიროვმა ბრალმდებელს ენა ჩააგდებინა და მხოლოდ 1953 წელს წამოსწია ხრუშჩოვმა ეს ცრუბრალდება.

ამგვარად, კიროვისა და მიქოიანის ნებართვით, ბერიამ მუსავატურ დაზვერვაში დაიწყო მუშაობა. მაგრამ სასწაული მოახდინა, ბაგიროვი გადაიბირა და ბოლშევიკებზე ამუშავებდა. შემდგომ ბაგიროვი აზერბაიჯანის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა. ის ბერიას მარჯვენა ხელი იყო ამიერკავკასიაში და ნაყოფიერი მუშაობისთვის ცხრა ლენინის ორდენი მიიღო. ბაგიროვი ბერიას საქმეზე დააპატიმრეს და 1953 წელს დახვრიტეს.

მირ-ჯაფარ ბაგიროვსა და ლავრენტი ბერიას უდიდესი ღვაწლი მიუძღვით ბაქოს აჯანყების მომზადებაში, განხორციელებასა და აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებაში. სწორედ ბაგიროვის მიერ გაგზავნილ კაზაკთა სპეციალური რაზმი აცილებდა იარაღით დატვირთული ურმების კორტეჟს, რომელიც სხვადასხვა ნივთებითა და პროდუქტებით იყო შენიღბული და მძარცველებისგან თავის არიდების მიზნით საგანგებო მდგომარეობაში მყოფი ბაქოს ქუჩები გაიარეს. ასევე, ბაგიროვის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედეგად აიღეს ბაქოს ყველა სტრატეგიული წერტილი და ძალაუფლება ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ხელში. ყოველივე ამაში სწორედ ბერიას მიუძღოდა უდიდესი წვლილი და ამიტომაც ანდეს მას „ჩეკას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის პოსტი, ჯერ აზერბაიჯანში, შემდგომ კი საქართველოში და ბოლოს ის საბჭოთა უშიშროების ხელმძღვანელი გახდა, რომელიც არნახულ სიმაღლეზე აიყვანა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი