რა წვლილი მიუძღვის ბერიას აზერბაიჯანის გასაბჭოებაში
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 29.06

ლავრენტი ბერია იმთავითვე, ანუ თითქმის სიჭაბუკიდან იყო დაკავშირებული საიდუმლო საქმიანობასთან და რომ იტყვიან, ეს ადამიანი სწორედ ასეთი საქმისთვის იყო დაბადებული. როგორც ბერიას ერთ-ერთმა ყოფილმა ოპონენტმა (შემდგომში ბერიას მიერვე დახვრეტილმა) ენამახვილურად აღნიშნა: ლავრენტი პავლოვიჩი დაბადებისთანავე „ჩეკისტი“ იყოო.
პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „ბერიას ეპოქამ დიდი ხანია, ჩაიარა და გავბედავ, გავიმეორო ოლეგ პავლოვის სიტყვები, რის გამოც ის ბერიამ დახვრიტა (მე ეს უკვე აღარ მემუქრება) – ლავრენტი პავლოვიჩი, მართლაც რომ, „ჩეკისტად“ იყო დაბადებული. ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ ამ სიტყვებში სიმართლის რაციონალური მარცვალი ნამდვილად არის. თავისი პიროვნული თვისებებითა და გონებით, ლავრენტი ბერია, სწორედ რომ, საიდუმლო სამსახურის უბადლო წარმომადგენელი იყო. ჟარგონი რომ გამოვიყენოთ, „გაჩალიჩება“, კომბინაციური ხედვა, ინტრიგებში მოწინააღმდეგეების გაბმა და გამოაშკარავება ბერიას სისხლში ჰქონდა. ჯერ კიდევ სოხუმის ლიცეუმში სწავლის პერიოდში ბერიამ თანამოაზრე მოსწავლეთა ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომლის წევრებიც მას უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ და ბერიას მითითებებს სიტყვის შეუბრუნებლად ასრულებდნენ. ეს კი ასე იმიტომ ხდებოდა, რომ ბერია მათზე ათი თავით მაღლა იდგა ინტელექტით, ეშმაკობითა და ერუდიციით. ბერიას ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში ჰქონდა დიდი ავტორიტეტი თანატოლ მოსწავლეებს შორის და რაც კიდევ უფრო მეტად აუმაღლა ერთმა შემთხვევამ: სოხუმის ლიცეუმის სასწავლო ნაწილი, ვინმე კარპინსკი ნამდვილი ჟანდარმი იყო და ის არა მარტო მოსწავლეებს სძულდათ, არამედ კოლეგებსაც. მათ შორის ლიცეუმის დირექტორსაც. კარპინსკი დამბეზღებელი, როგორც მას ეძახდნენ, „შპიკი“ ადამიანი იყო და არავის ინდობდა. ერთხელ ლიცეუმში თბილისიდან გაგზავნილი ინსპექტორი ჩავიდა, რომ სასწავლებლის ინსპექტირება ჩაეტარებინა. უცებ გაირკვა, რომ ინსპექტორმა ბაჯაღლო ოქროსგან დამზადებული „პაველ ბურეს“ წარმოების ჯიბის საათი დაკარგა. ის ამბობდა, რომ პიჯაკი იმ ოთახში ეკიდა, რომელიც კარპინსკის ეკუთვნოდა. ატყდა ერთი ამბავი. ეჭვი მოსწავლეებზე მიიტანეს. ყველა გაჩხრიკეს, მაგრამ მოსწავლეები „სუფთები“ აღმოჩნდნენ.. ისპექტორი კი ცოფებს ყრიდა, რადგან ეს საათი გენერალ-გუბერნატორის ნაჩუქარი იყო. ამ ფუსფუსის დროს მოსწავლეების მწკრივში მდგომმა ბერიამ ნაბიჯი წინ გადადგა და მშვიდი, მოკრძალებული ტონით სახალხოდ უთხრა ლიცეუმის დირექტორს, რომ პედაგოგებიც გაეჩხრიკათ. სპეციალურად გამოძახებულმა „გოროდოვოიმ“ (პოლიციის ინსპექტორი) მართლაც ყველა პედაგოგი გაჩხრიკა. შემდგომ კი მათი ოთახები და დაკარგული საათი კარპინსკის სამუშაო მაგიდის უჯრაში აღმოაჩინა. კარპინსკიმ თავის მართლება სცადა, მაგრამ ის სამსახურიდან გააგდეს. მოგვიანებით კი ბერიას თანაჯგუფელი, ძიკუ მამფორია იხსენებდა, რომ ეს კომბინაცია ბერიას მიერ იყო მოფიქრებული და მე შევასრულეო. 30-იან წლებში მამფორია ხალხის მტრების ბრალდებით დახვრიტეს. უფრო გვიან პერიოდში კი, უკვე ბაქოში მოღვაწეობისას, 17 წლის ბერიამ ძალიან სერიოზული საქმე „გაჩარხა“ და ამით დიდად შეუწყო ხელი აზერბაიჯანის გასაბჭოებას... როგორც ცნობილია, სერგეი კიროვის დავალებით, ბერია აზერბაიჯანის მუსავატურ დაზვერვასთან თანამშრომლობდა და იქაც დიდი მოწონებითა და ნდობით სარგებლობდა. პარალელურად კი, ტექნიკურ სასწავლებელში სწავლობდა და ბოლშევიკების არალეგალური ორგანიზაციის წევრი იყო. იმ პერიოდში ბაქოში ბოლშევიკები აჯანყებისთვის ემზადებოდნენ და ამისთვის ქალაქში დიდძალი იარაღი უნდა შემოეტანათ. თუმცა, ამის განხორციელება უკვე იდეურად რთული იყო. ბაქოს ყველა შესასვლელ-გასასვლელზე კაზაკთა გაძლიერებული ბლოკპოსტები იდგა. ჩრხრეკდნენ არა მარტო მოქალაქეებსა და ტრანსპორტს, არამედ პატარა ბავშვებსაც კი, ვინც ბაქოში მიდიოდა. ერთი სიტყვით, ქალაქში უკონტროლოდ ჭიანჭველაც კი ვერ შეადგამდა ფეხს. არადა იარაღის დიდი პარტია უკვე ჩამოსული იყო და მას კასპიის ზღვის მიმდებარედ, ბაქოდან 30 კილომეტრის დაშორებით, ტყეში მალავდნენ. კიროვი საგონებელში იყო ჩავარდნილი და გამოსავალი 17 წლის ბერიამ მონახა. მან მუსავატურ დაზვერვაში თავის კურატორს სთხოვა, რომ სპეციალური საშვი გამოეწერა იმ 16 ურმისთვის, რომლებსაც ხმელი შეშა უნდა შეეტანათ ბაქოში იმ სასწავლებლის გასათბობად, სადაც ბერია სწავლობდა. კურატორმა არა მარტო სპეციალური საშვი გამოუწერა ბერიას, არამედ კაზაკთა შეიარაღებული ჯგუფიც გააყოლა გამცილებლად. შეშის ქვეშ კი ურმებზე დიდძალი ცეცხლსასროლი იარაღი იყო დამალული; „შეშამ“ უსაფრთხოდ მიაღწია სასწავლებლამდე და მის სარდაფში დაბინავდა. შემდგომ, უკვე ბაქოს აჯანყების დროს, სწორედ სასწავლებლის საწყობიდან იღებდნენ იარაღს აჯანყებული ბოლშევიკები და რომ არა ეს მარაგი, შესაძლოა, აზერბაიჯანის გასაბჭოება გაურკვეველი დროით გადადებულიყო. თუმცა, ყველაფერმა გეგმიურად ჩაიარა და ეს ნორჩი ბერიას დამსახურება იყო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან