ბელადები

რა წერილი მისწერა ბერიამ ფსევდონიმით ნოე ჟორდანიას

№16

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 30.04, 2023 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია „რბილი“ ხელმძღვანელი და კეთილი მეგობარი არასოდეს ყოფილა და როგორც სტალინური სახელმწიფოს მშენებლობა მოითხოვდა, ისიც ისე იქცეოდა. თუმცა ეს ადამიანი იმასაც ახერხებდა, რომ დიდი სამშობლოს ინტერესებისკენ მიმართული ძალისხმევა თავისი ნამდვილი სამშობლოს, საქართველოს ინტერესებისთვის გამოეყენებინა და ხშირ შემთხვევაში, ამას ძალიან დიდი წარმატებითაც ახორციელებდა.

სერგო ბერია: „მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მამაჩემი საქართველოს ნამდვილი პატრიოტი იყო. თუმცა, აქვე დავძენ, რომ მას შეცდომებიც ჰქონდა. ცალკეულ შემთხვევაში მძიმე შეცდომებიც კი და ზოგიერთი მათგანი – გამოუსწორებელი. თუმცა, მამა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ცდილობდა ამ შეცდომების გამოსწორებას... იმასაც აღვნიშნავ, რომ მამაჩემი არც საბჭოთა კავშირის მოღალატე ყოფილა და ამაში მას, რა თქმა? უნდა, ტყუილად დასდეს ბრალი. დღესაც საკმაოდ დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც მამა მოღალატედ მიაჩნია, თუმცა გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც მიხვდა, რომ მამა მოღალატე არ ყოფილა.

სასამართლო ბრალდების ერთ-ერთ ეპიზოდში ლავრენტი ბერიას საბოტაჟში დასდეს ბრალი და მტკიცებულებად, ეგრეთ წოდებული, „მენავთობეების“ ამბავი მოიტანეს. 1929 წელს „ინდუსტრიალიზაციის“ გეგმის განხორციელების კუთხით სტალინმა საგანმანათლებლო დადგენილება გამოაქვეყნა. ამ დადგენილების მიხედვით, საბჭოთა კავშირში უნდა გაძლიერებულიყო ნავთობსაბადოების ძიება და მათი აღმოჩენის პროცესი, უნდა გასამმაგებულიყო ნავთობპროდუქტების მოპოვება. აგრეთვე, უნდა გაოთხმაგებულიყო საბჭოთა ენერგეტიკა – აშენებულიყო ჰიდროელექტროსადგურები და სხვა ობიექტები. მამაჩემის ძალისხმევით, არსებულ პროექტზე გაცილებით მეტი სიმძლავრის ელექტროსადგური აშენდა თბილისის მახლობლად („ზაჰესი“), რომელიც იმ პერიოდში მთელ ამიერკავკასიას ამარაგებდა ელექტროენერგიით. სამაგიეროდ, როდესაც საქართველოში ნავთობსაბადოების აღმომჩენი სპეციალური ჯგუფი ჩამოვიდა და ნავთობსაბადოების დაზვერვა დაიწყო, მამამ მოახერხა და ყველას დააჯერა, რომ აქ (საქართველოში) ნავთობის „მწირი“ რაოდენობა იყო, რომელზე ხარჯების გაღებაც არ ღირდა. სინამდვილეში, საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობის ნავთობი იყო, მაგრამ მამამ ისე გააკეთა, რომ ეს ნავთობი დააკონსერვა.“

სიმართლე რომ ვთქვათ, ბერიას საქციელი საბჭოთა კავშირისთვის, სწორედაც რომ, საბოტაჟი იყო და მას იმ კანონებით უპირობო დახვრეტა ეკუთვნოდა. თუმცა ბერიამ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად არ გაახსნევინა საკავშირო კომისიას ქართული ნავთობის საბადოები და ისინი მომავალ თაობას შეუნახა. ხოლო თუ რატომ გააკეთა ეს, მხოლოდ მან იცის... ნუთუ ის (ბერია) დამოუკიდებელ საქართველოზე ფიქრობდა? ეს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია და ყველა თავისებურ დასკვნას აკეთებს.

აკადემიკოსი აკაკი შანიძე იხსენებდა: „ზუსტად არ მახსოვს, 30-იანი წლების კონკრეტულად რომელი წელი იყო. ბერიამ ქართველი მეცნიერები თავის კაბინეტში შეგვკრიბა და ეგრეთ წოდებული, საბჭოთა მეცნიერების აღორძინების გეგმა გაგვაცნო. სინამდვილეში კი ეს იყო ქართული კულტურისა და მეცნიერების აღორძინების სტრატეგიული გეგმა. ყველა დარგის სპეციალისტს კონკრეტული დავალება მოგვცა. სხვათა შორის, პირველად სწორედ მან თქვა: ამხანაგებო, ქართული კულტურა დიადი საბჭოთა სოციალისტური კულტურის ავანგარდში დგას და თქვენ თქვენი მუხლჩაუხრელი შრომით დიდი წვლილი უნდა შეიტანოთ მის გაძლიერებაშიო... სხვათა შორის, ბერიამ იმავე შეკრებაზე ისიც თქვა, რომ საქართველო საკმაოდ მდიდარია თავისი წიაღისებულით, მაგრამ ჯერ კიდევ ადრეა ამ კუთხით ჩენი განვითარება და ჩვენი პრიორტოიტეტია ქართული საბჭოთა მეცნიერებისა და კულტურის აღმავლობაო. ათეული წლების მერე მივხვდი, რომ ბერიამ ქართული მიწის სიმდიდრე დააკონსერვა. თუმცა, საკავშირო ბიუჯეტის წყალობით, განუხრელად ვითარდებოდა ქართული მეცნიერება, კულტურა, სპორტი და მეოცე საუკუნის 30-იან წლებში საქართველოში დაიწყო მანამდე არნახული აღმშენებლობის პროცესი, რომელიც აგრეთვე, საკავშირო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მნიშვნელოვანი თანხებით ფინანსდებოდა...“

ფიქრობდა თუ არა ლავრენტი ბერია საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ეს მართლაც ძალიან რთული საკითხია და მან ეს საიდუმლო საფლავში ჩაიტანა. თუმცა, აღმოჩენილია ერთი დოკუმენტი (ეს საბუთი ბერიას სასამართლოს საქმეს ერთვის, გრიფით „საიდუმლოა“ და დაუდგენელია ნამდვილია თუ ფალსიფიცირებული). ამ დოკუმენტში შავით თეთრზე წერია: „ბატონო ნოე (ნოე ჟორდანიაა ნაგულისხმევი, თქვენი მთავრობის არქივის მნიშვნელოვანი ნაწილი გოგლიძის ხელშია და ის საიმედო ადგილზეა შენახული. იქვეა აღნიშნული ქართული მთავრობის ყველა დარჩენილი ძვირფასეულობის ადგილსამყოფელი, ასევე, სრული არქივისა და დანარჩენი ყველა დოკუმენტაციის, რომლებიც საჭირო დროს საჭირო სანდო ხალხის ხელში აღმოჩნდება. პატივისცემით თქვენი მეგობარი არსენ კოლხი.“ როგორც ბერიას სასამართლოზე გახდა ცნობილი, არსენ კოლხი ბერიას ფსევდონიმი იყო. თუმცა, შემდგომში რა ბედი ეწია არქივსა და საგანძურს, უცნობია. საგანძურში კი იგულისხმება საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობის ოქროს მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი, ქართველი მეფეების მიერ შეგროვებული (300 წლის განმავლობაში) აურაცხელი ქონება და ის საიდუმლო-პოლიტიკური დოკუმენტაცია, რომელიც ჟორდანიას მთავრობამ ემიგრაციაში ვერ წაიღო, რაც ბერიას დავალებით, „ჩეკამ“ აღმოაჩინა და დღეს სადაა, არავინ უწყის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი