ბელადები

რა წერილი გაუგზავნა სტალინმა ამერიკის პრეზიდენტ რუზველტს

№25

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 03.07

სტალინის შესახებ
დაკოპირებულია

სტალინი არა მარტო სანიმუშო ორგანიზატორი და მკაცრი მმართველი იყო, არამედ შესანიშნავი დიპლომატი – მას შეეძლო საერთო ენის გამონახვა, პრაქტიკულად, ყველა ადამიანთან.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „დიპლომატობა, ისევე, როგორც სხვა თვისებები და უნარ-ჩვევები, სტალინს ბუნებრივად ჰქონდა. გარდა იმისა, რომ სტალინი საუცხოოდ ცნობდა ადამიანებს, შეეძლო მათ ფსიქოლოგიაში ჩაწვდომა და, რომ იტყვიან, გაშიფვრა, მას გონებასთან ერთად ენაც კარგად უჭრიდა. შეეძლო, ძალიან გონებამახვილურად ეხუმრა. ხოლო, თუ საჭირო იყო, მწარე-მწარეებიც ეთქვა. სტალინის როგორც ხალასი, ასევე შავი იუმორიც ერთნაირად ეფექტური იყო და ყოველთვის „ათიანში ხვდებოდა“. ამ მის თვისებას სტალინის ნომერ პირველი მტერი, ტროცკიც აღნიშნავდა. ის ამბობდა: „სტალინი სიტყვისთვის არასოდეს ძვრებოდა ჯიბეში. მას ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადამიანისთვის ჰქონდა გამზადებული პასუხი. ჯერ კიდევ „პირველი ტროცკისტობისას“ ზინოვიევი და კამენევი (შემდგომ ზინოვიევი და კამენევი სტალინის ბანაკში გადაბარგდნენ. „მეორე ტროცკისტობისას“ კი კვლავ ტროცკისთან გაიქცნენ), ტროცკის დავალებით, სტალინის კანდიდატურის ჩაგდებას ცდილობდნენ პოლიტბიუროზე. ეს ის სხდომაა, როდესაც ლენინის რეკომენდაციით, სტალინი გენერალური მდივნის პოსტზე წარადგინეს. ზინოვიევმა და კამენევმა ბოლოს აიღეს სიტყვები და პრაქტიკულად, ერთნაირი „რეჩები დაარტყეს“... ისინი ხშირად იმეორებდნენ – სტალინი შეცდომებს უშვებდაო. ბოლოს, სიტყვით სტალინი გამოვიდა და თავად უპასუხა ზინოვიევსა და კამენევს. მომავალმა საბჭოთა ბელადმა თქვა: ჩემ წინ გამომსვლელები ამბობდნენ, სტალინმა შეცდომები დაუშვაო და ამით ცდილობდნენ ჩემს დაკნინებას. რა თქმა უნდა, შეცდომებიც დამიშვია და მე ამ მცირე შეცდომებს ილიჩის ხელმძღვანელობით ვასწორებდი. ხოლო ზინოვიევსა და კამენევს შეცდომების მეტი არაფერი უკეთებიათ. მეტიც, მათ დანაშაულიც კი ჩაიდინეს, დიდი დანაშაული და როდესაც შეიარაღებული აჯანყების წინააღმდეგნი იყვნენ, კინაღამ ოქტომბრის რევოლუცია ჩაგვიშალეს. მე კი ორივე მათგანი დავიცავი და აი, ესაა ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაო. სტალინის სიტყვებზე ლენინს გაეცინა და ჩაილაპარაკა – მკაცრი დიპლომატიური სვლაა. ეს მზარეული ძალიან ცხარე კერძებს მოამზადებს და ყველა ვერ შეძლებს ამ კერძების მონელებასო. ლენინის ამ სიტყვების შემდეგ სტალინის კანდიდატურას არა მარტო შეშინებულმა ზინოვიევმა და კამენევმა დაუჭირეს მხარი, არამედ მათმა წამქეზებელმა ლევ ტროცკიმაც.“

სტალინი, რა თქმა უნდა, შესაშური დიპლომატი იყო, მაგრამ იმავდროულად, ფართოდ ინფორმირებული ბოლშევიკიც. ყველა თავისი კოლეგის სისუსტეები იცოდა. თვით ლენინისაც. თავად კი პრაქტიკულად არ გააჩნდა სისუსტეები და ლენინმა სწორედ ამიტომაც აირჩია ის მემკვიდრედ. ხოლო ეს რომ ასე იყო, იმით დასტურდება, რომ ოქტომბრის რევოლუციის ბელადმა, ლენინმა, სტალინისთვის შემოიღო განსხვავებული პოსტი – „გენერალური მდივანი“ და მას, პრაქტიკულად, ერთპიროვნული მმართველობა ჩააბარა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახლო ურთიერთობის დამყარება სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო საბჭოთა კავშირისთვის. სტალინს მიაჩნდა, რომ ამერიკა უდიდესი პოტენციალის სახელმწიფო იყო. ხოლო მისი პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი კი – დიდი პოლიტიკოსი, თავისი ქვეყნის პატრიოტი და ის ადამიანი იყო, ვისი მეშვეობითაც პლანეტა დედამიწაზე გლობალურ პრობლემებს გადაწყვეტდა. ამიტომ, სტალინი ყოველმხრივ ცდილობდა მასთან საერთო ენის გამონახვას და დაახლოებას. 1937 წელს სტალინის უშუალო მითითებით, საბჭოთა მფრინავებმა მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. ეს იყო დიდ მანძილზე შეუსვენებელი ფრენა. ისინი რუსეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში 16 საათში ჩაფრინდნენ. ამ ეკიპაჟის მეთაური პილოტი გრომოვი იყო. საბჭოთა პილოტებს ამერიკელები დიდი სიხარულით შეხვდნენ და სხვადასხვა შტატში ღირსეული შეხვედრები მოუწყვეს. იმართებოდა მიტინგები, რომლებზეც ათეულ ათასობით ამერიკელი იკრიბებოდა და საბჭოთა პილოტები ჯერ პროპაგანდისტული სიტყვებით გამოდიოდნენ ამერიკელი მოსახლეობის წინაშე, შემდგომ კი ყველანი მათთან ერთად „ინტერნაციონალს“ მღეროდნენ. ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო, თუმცა რეალურად ხდებოდა. ბოლოს რეკორდსმენი საბჭოთა მფრინავები რუზველტმა „თეთრ სახლში“ მიიწვია. გრომოვმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შესანიშნავად შესრულებული მისი (რუზველტის) პორტრეტი გადასცა სტალინისგან საჩუქრად. თან წერილიც, რომელშიც ეწერა: „ბატონო პრეზიდენტო, მიიღეთ საჩუქრად ეს პორტრეტი, რომელიც ჩვენმა საუკეთესო ფერმწერმა შეასრულა და მართალია, თქვენ მასთან არ პოზირებდით, მაგრამ იმდენად ცნობილი და დაფასებული პიროვნება ხართ, რომ ჩვენი უდიდესი ქვეყნის თითოეული მოქალაქე გიცნობთ და გაფასებთ. იმედია, რომ ეს დისტანციური კონტაქტი, სულ მალე ჩვენი დაახლოებით დასრულდება და ჩვენი კავშირი და მეგობრობა საუკუნეებს გაუძლებს. პატივისცემით, იოსებ სტალინი.“

რუზველტი შოკირებული იყო ამ ყველაფრით. 1938 წელს დაიგეგმა რუზველტის მოსკოვში ვიზიტი, თუმცა ამ ვიზიტამდე სამი დღით ადრე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს გრიპი შეხვდა. პოლიომიელიტი გაურთულდა და მოსკოვში ჩასვლა ვერ შეძლო. თუმცა, სტალინს წერილი გაუგზავნა და ამის გამო მოუბოდიშა. სტალინი და რუზველტი ერთმანეთს პირველად 1943 წელს თეირანში შეხვდნენ. თუმცა, მანამდე ყოველ კვირას წერილებს სწერდნენ ერთმანეთს. სტალინის მიერ მეგობრობისკენ გადადგმულმა პირველმა ნაბიჯმა კი რუზველტი, ფაქტობრივად, მოაჯადოვა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირთან დაახლოებაში. ამან კი დიდი სამსახური გაუწია სტალინის მიერ მართულ ქვეყანას“.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა