ბელადები

რა ტრიუკი ჩაუტარა ბერიამ ანგლო -ამერიკელებს

№17

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 11.05

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ბერია ის ადამიანი იყო, ვისთვისაც გამოუვალი მდგომარეობა, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ის ნებისმიერ სიტუაციაში პოულობდა გამოსავალს და ყოველთვის გამარჯვებული რჩებოდა.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ლავრენტი პავლეს ძე ბერია ის ადამიანი იყო, ვისი ძალისხმევითაც საბჭოთა კავშირი მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფოდ გადაიქცა. მას, რა თქმა უნდა, ფუძემდებლური საქმეები აქვს გაკეთებული და აქედან ერთ-ერთია ამერიკიდან მოსალოდნელი ატომური აგრესიის განეიტრალება. საქმე ის იყო, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა დაზვერვამ 1947 წელს გვაცნობა, რომ შეერთებული შტატები სამხედრო-პოლიტიკურ შანტაჟს აპირებდა. შანტაჟის მიზანი იყო საბჭოთა კავშირის მთავრობის დაყოლიება, რომ ის დათანხმებოდა ამერიკის სურვილს, აღმოსავლეთ ევროპიდან გაეყვანა „წითელი არმია“ და ჩატარებულიყო, ეგრეთ წოდებული, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები. „წითელი არმიის“ გაყვანა და იქ ამერიკა-დიდი ბრიტანეთის არმიების შეყვანა ერთი იქნებოდა. ხოლო თავისუფალი არჩევნებით კი პროდასავლური ემისრების დანიშვნა შეინიღბებოდა. ერთი სიტყვით, იმ მომენტისთვის ატომური მონოპოლისტი ამერიკის შეერთებული შტატები, მათივე თქმით, პრევენციულ ატომურ ბომბარდირებას განახორციელებდა სხვადასხვა სტრატეგიულ წერტილში. სანამ შეერთებული შტატები საბჭოთა კავშირს ოფიციალურ მოთხოვნა-მუქარას წამოუყენებდა, ბერიამ საიდუმლო განკარგულება გასცა, რომ შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიებზე საიდუმლოდ შეეტანათ ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური იარაღების ფეთქებადი კაფსულები და საიმედოდ დაემალათ სხვადასხვა წერტილში. სულ 200 ასეთი წერტილი შეირჩა: 140 – შეერთებულ შტატებში და 60 – დიდ ბრიტანეთში. შეიტანეს 600 ასეთი კაფსულა 3-3 თითოეულ წერტილზე და წინა დღეს, როდესაც შეერთებული შტატები ოფიციალური მოთხოვნის წაყენებას აპირებდა, ვაშინგტონში, „თეთრ სახლში“, წერილი მიიტანეს. კონვერტს არც გამომგზავნის ვინაობა ეწერა, არც მისამართი. თუმცა, ტექსტიდან აშკარა იყო, რომ საბჭოთა კავშირიდან იყო მოწოდებული. წერილში მითითებული იყო ბაქტერიოლოგიური იარაღის კაფსულების ერთი სამალავი შეერთებულ შტატებში, ერთიც – დიდ ბრიტანეთში. იქვე მტკიცედ იყო ხაზგასმული, რომ თუკი ამერიკის შეერთებული შტატები ატომურ ბომბს გამოიყენებდა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მაშინ ეს დაკონსერვებული კაფსულები ერთბაშად ამოქმედდებოდა. წერილში ერთი სიტყვითაც კი არ იყო ნახსენები საბჭოთა კავშირი. მაგრამ აშკარა იყო, რომ გამომგზავნი სწორედ საბჭოეთი იყო. ამერიკელმა სამხედრო ექსპერტებმა გამოითვალეს, რომ 600 კაფსულიდან გამოტყორცნილი ბაქტერიები შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში მაშინვე გაანადგურებდა მილიონობით ადამიანს, ხოლო 100 მილიონს კი მძიმედ დააავადებდა და ქმედითუუნაროს გახდიდა. ამ წერილს ისიც დაერთო, რომ საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიამ მოსკოვში საკონსულტაციოდ მოიწვია ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერები ქიმიურ-ბაქტერიოლოგიურ დარგში. მათ უნდა შეეფასებინათ სხვადასხვა ექსპერიმენტის შედეგები და ისინი გლობალურ მასშტაბში გადაეტანათ. სინამდვილეში კი ეს მეცნიერები იმიტომ ჩამოიყვანეს საბჭოთა კავშირში, რომ მათ საკუთარი თვალით ენახათ საბჭოთა იარაღის სიძლიერე, ეფექტურობა და თავიანთი მთავრობებისთვის გადაეთქმევინებინათ საბჭოთა კავშირის ატომური ბომბარდირება... ანგლო–ამერიკელი მეცნიერები, ბერიას მითითებით, ციმბირში, ერთ-ერთ საიდუმლო, მიწისქვეშა ლაბორატორიაში წაიყვანეს და ამ იარაღის მოქმედების შედეგები უჩვენეს. ისინი ნანახით შოკირებული იყვნენ. პროფესორი შტეინი კი თავის დღიურებში წერდა: „რუსების ამ საშინელმა გამოგონებამ შოკში ჩაგვაგდო ყველა თვითმხილველი, ვინც იმ ლაბორატორიაში ვიმყოფებოდით. ეს იარაღი რომ გაშლილ სივრცეში და დიდი რაოდენობით გამოიყენო, შესაძლო ეფექტი ატომურ ბომბარდირებას გაუტოლდება. ზოგ შემთხვევაში კი გადააჭარბებს კიდეც“. ამგვარად, ბერიას ტრიუკმა ძალიან ეფექტურად გაჭრა და საბჭოეთზე ატომური თავდასხმა განეიტრალდა. იმავდროულად, ამერიკელებმა და ბრიტანელებმა რადიკალური მოთხოვნები აღარ წამოაყენეს. ისინი წვრილ-წვრილ მოთხოვნებს აყენებდნენ, თანაც ისე დიპლომატიურად, რომ არც მწვადი დაეწვათ და არც შამფური. ამასობაში, იმავე ბერიას ძალისხმევით, უკვე საბჭოთა ატომური ბომბიც დამზადდა და ამერიკული უპირატესობა წარსულს ჩაბარდა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა