ბელადები

რა თხოვნით მიმართა ბერიამ დიმიტრი უზნაძეს

№19

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 19.05

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო, ამასთან ნებისმიერ საქმიანობას შემოქმედებითად უდგებოდა. უშიშროების სამსახურის საქმიანობაში მან ისეთი ინოვაციები დანერგა, რაც შემდგომ სხვა ქვეყნების მოწინავე უწყებებმა გადაიღეს და დღესაც ამით ხელმძღვანელობენ.

ბორის სოკოლოვი: „შეიძლება, პარადოქსად მოგვეჩვენოს, მაგრამ ისტორიული ფაქტია, რომ ლავრენტი ბერიას მაინცდამაინც არ იტაცებდა „ჩეკას“ ორგანოებში მუშაობა და სერგო ორჯონიკიძეს სთხოვა, რომ ის „ჩეკისტურ“-პარტიული სამუშაოდან გაეთავისუფლებინათ და სასწავლებლად არქიტექტურისა და მხატვრობის სპეციალობების დასაუფლებლად გაეშვათ“.

სერგო ორჯონიკიძის ქვრივი, ზინაიდა ორჯონიკიძე თავის დღიურებში ამ ამბავს ასე აღწერს: „სერგომ ჯერ წერილი მიიღო ბერიასგან სამსახურიდან წასვლისა და სასწავლებლად გაშვების შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ ბერიას უფროსი იყო, ერთპიროვნულად ვერ გადაწყვეტდა ამ საკითხს. ამიტომ სტალინს დაურეკა მოსკოვში. სტალინს გულდასმით მოუსმენია სერგოსთვის და უთქვამს, – არავითარ შემთხვევაში. ეგ არქიტექტორი მე მანდ მჭირდება, სადაც არის და მომავალშიც თავის არქიტექტურულ მისწრაფებებს მანდ განახორციელებს და მშვენიერ პეიზაჟებს დახატავსო... სტალინის სიტყვა კანონი იყო. ამიტომ სერგომ ბერია კაბინეტში დაიბარა. სტალინის სიტყვები გადასცა და სამი დღის შემდეგ ბერია უკვე საქართველოს „ჩეკას“ უფროსი გახდა...“

ბერია ჭკვიანი კაცი იყო. რა თქმა უნდა, თავისი თხოვნა აღარასდროს გაუჟღერებია. როგორც ეტყობა, ეს სამსახური (უშიშროების სფერო) თავის ბედისწერად ჩათვალა და თავით ჩაერგო სამუშაოში. ბერიამ საქართველოს „ჩეკას“ სტრუქტურა რადიკალურად შეცვალა. ახალი განყოფილებები ჩამოაყალიბა და რაც მთავარია, მათ მუშაობას მეცნიერული საფუძველი დაუდო. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ბერიას მუშაობაში ოპერატიული საქმიანობა იყო. ბერიას ეს სფერო უმნიშვნელოვანესად მიაჩნდა. ამიტომ დიდ ყურადღებას უთმობდა ოპერმუშაკების მომზადების საკითხს. ბერია განათლებული ადამიანი იყო. მრავალმხრივ მეცნიერულ ლიტერატურას კითხულობდა და ღრმად სწვდებოდა მათ არსში. ბერია საფუძვლიანად გაეცინო დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიას. თავის კაბინეტში მიიწვია აკადემიკოსი. 5 საათი ესაუბრა მას და სთხოვა, რომ რეკომენდაცია გაეწია თავისი კოლეგებისთვის, ვინც „ჩეკაში“ ფსიქოლოგიური კუთხით მოამზადებდა ოპერატიულ მუშაკებს. უზნაძემ რამდენიმე მათგანი დაასახელა და ერთი კვირის შემდეგ 5-მა ადამიანმა უკვე „ჩეკას“ ოპერმუშაკების მომზადება დაიწყეს. 6 თვეც არ იყო გასული, რომ „ჩეკაში“ ეს სფერო „ამოიქაჩა“ და მაღალკვალიფიციური გახდა. ამასთან ერთად, საქართველოს „ჩეკაში“ ყველა სპეციალური ოპერაცია ფსიქოლოგების მონაწილეობით იგეგმებოდა. იწერებოდა მოვლენების სავარაუდო განვითარების სხვადასხვა სცენარები. ოპერატიული მუშაკები კი, როგორც პროფესიონალი მსახიობები, ამ სცენარების რეპეტიციებს გადიოდნენ. ბერია კი თითოეულ ასეთ რეპეტიციას პირადად ესწრებოდა და აფასებდა კიდეც. საქართველოს „ჩეკაში“, ასევე, ბერიას ინიციატივით ჩამოყალიბდა ფსიქოლოგთა და სხვა დარგის მეცნიერთა ჯგუფები, რომლებიც არა მარტო კონკრეტული პიროვნებების ფსიქოლოგიურ პორტრეტებს ადგენდნენ, არამედ ძებნილი დამნაშავეებისაც და ამის წყალობით განსაკუთრებულად საშიშ ბოროტმოქმედთა დაკავება იოლდებოდა. ბერიას ეს სისტემა 1930-1931 წლებში ჰქონდა შექმნილი, თანაც, საქართველოში და მხოლოდ 8 წლის შემდეგ დაინერგა მთელი ქვეყნის მასშტაბით. „ცეერუში“ კი ამ სისტემამ 18 წლის შემდეგ, 1948 წელს მიაღწია და ისიც მას მერე, როდესაც ამით ალენ დალესი დაინტერესდა. ბერიას განსაკუთრებული სწრაფვა ჰქონდა ადამიანების ბუნების, მისი თავისებურებების გაცნობის მიმართ. ის თავის კოლეგებს მოუწოდებდა, რომ ესწავლათ ადამიანის სულში ღრმად ჩახედვა, არწმუნებდა, ეს მუშაობას გაგიადვილებთო... ბერია, ყველაფერთან ერთად, მშვენიერი ფსიქოლოგი იყო და უშეცდომოდ შეეძლო ადამიანის ბუნების ამოცნობა, მის ზრახვებში ჩაწვდომა. ბერიას მანიპულირების განსაკუთრებული უნარი ჰქონდა და ამას ერთხმად აღნიშნავდნენ მისი კოლეგები, ხელქვეითები. გენერალი პავლე სუდოპლატოვი ასეთ ისტორიას ჰყვებოდა: „ვოლფგანგ მესინგი მაღალი რანგის ოფიცრებს გამოცდას გვიტარებდა, ჩვენს ინტუიციას ამოწმებდა. ტესტი ასეთი იყო – ადამიანი ზურგით ჯდებოდა მესინგისგან. ის კი რომელიმე ფერის ფირფიტას წევდა მაღლა და ეკითხებოდა, რა ფერისააო. ზოგი სწორად პასუხობდა, ზოგიც – არასწორად. ამ დროს ბერია შემოვიდა და თავად მოისურვა ამ ექსპერიმენტში მონაწილეობა. მესინგმა ბერიას ზურგს უკან ათი სხვადასხვა ფერის ფირფიტა ასწია, მან კი შვიდი სწორად ამოიცნო. მესინგი განცვიფრდა და თქვა: თქვენ უდიდესი ნიჭი გქონიათ და კაცი ვერაფერს გამოგაპარებთო. ბერიას გაეცინა, წამოდგა და გავიდა.“

ამის მერე უცნაური და ამოუხსნელია, თუ როგორ გამოეპარა ბერიას მის წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულება, რომელიც შემდეგ მისი განადგურებით დასრულდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა