ბელადები

რა სპეცოპერაცია ჩაატარეს ბერიას ჩეკისტებმა ბერლინში

№20

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 01.06

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია ძალიან ერუდირებული და საზრიანი ადამიანი იყო. მას მოვლენების არა მარტო წინასწარ განჭვრეტა შეეძლო, არამედ მათი შექმნა და ამაში დიდი ორგანიზატორული ნიჭი და უშრეტი ენერგია ეხმარებოდა.

იაკობ კედმი: „ლავრენტი პავლეს ძე ბერიას რამდენიმე საქმის ერთდროულად შესრულება შეეძლო და ყველაფერს უმაღლეს დონეზე ახორციელებდა. მას შეეძლო ატომურ საიდუმლო პროექტზე ემუშავა, იმავდროულად კი, ორგანიზება გაეწია ციმბირის ტაიგაში ოქროსა და ძვირფასი ქვების მოპოვებისთვის. ბერია იმდენად მოხერხებული და მრავლისმქმნელი პიროვნება იყო, რომ ის შეიძლებოდა, ერთი სფეროს ხელმძღვანელი ყოფილიყო და მისდამი მინდობილი საქმის გარდა დაწვრილებით სცოდნოდა, რა ხდებოდა სხვა სფეროებში. ასეთ გათვითცნობიერებულობაში მას ჩეკისტური გამოცდილება ეხმარებოდა. ამ საქმეს კი ბერია ჯერ კიდევ ნორჩ ასაკში, 15 წლისა დაეუფლა, მაშინ, როდესაც ის ბაქოს იატაკქვეშეთში აქტიურად ეხმარებოდა ბოლშევიკებს. სწორედ იმ პერიოდიდან დაამყარა ბერიამ მყარი საერთაშორისო კავშირები. და ეს კავშირები კალეიდოსკოპური სისწრაფით იზრდებოდა და ვითარდებოდა. 18 წლის ლავრენტი ბერიას უკვე ორი სქელტანიანი უბის წიგნაკი ჰქონდა შევსებული და ამ წიგნაკებში 200-მდე პიროვნების სრული მონაცემები იყო შეტანილი. მონაცემებს თან ერთვოდა ბერიას ზუსტი და მრავალმხრივი ანალიზი ამ ადამიანების შესახებ. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო მაშინ ჯერ კიდევ კაიზერის არმიის მაღალჩინოსანი ოფიცერი – ბეკი. ბერიამ მასზე ინფორმაცია ბაქოში ყოფნისას შეაგროვა, როდესაც ბეკი განსაკუთრებული სამხედრო-სადაზვერვო მისიით იმყოფებოდა იქ და ბაქოს ნავთობსარეწებზე აგროვებდა სტრატეგიულ ინფორმაციებს. ბერია მაშინ გაეცნო ბეკის თანაშემწეს – სრულიად ახალგაზრდა ეფრეიტორს, შოლდერს. ეს 19 წლის დაბალი რანგის სამხედრო, ბეკის ხელშეწყობით, მოგვიანებით გენერალი გახდა და თავისი უფროსის ყველა საიდუმლო ქმედების საქმის კურსში იყო. წლების შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირში, ეგრეთ წოდებული, დიდი წმენდა დაიწყო, შოლდერმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მარშალთა შეთქმულების გახსნაში. ლავრენტი ბერია უკვე საქართველოს ცეკას პირველი მდივანი იყო და ყველა ჩეკისტური პოსტი ძალიან სწრაფად და ეფექტურად ჰქონდა გავლილი. მოსკოვში გადასვლამდე, ჯერ კიდევ თითქმის ორი წელი რჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო დაზვერვის საქმეები საკავშირო „ენკავედეს“ ერთპიროვნული ფუნქცია იყო და მასში ვერავინ ჩაერეოდა, ხოლო, თუ ჩაერეოდა, რაც არ უნდა მაღალი რანგის რეგიონული თუ საკავშირო ხელმძღვანელი ყოფილიყო, სიკვდილი არ ასცდებოდა. ბერია კი ამ წესის გამონაკლისი იყო. მას საზღვარგარეთ თავისი აგენტურა ჰყავდა. მათ შორის ქართულ ემირგანტებშიც საფრანგეთსა და გერმანიაში. და ერთ-ერთი გერმანული წყაროდან მან შეიტყო, რომ ბეკსა და უკვე საბჭოთა მარშალ ტუხაჩევსკის შორის ხანგრძლივი საუბარი შედგა. თუმცა, წყაროს არ ჰქონდა ინფორმაცია ამ საუბრის შესახებ. რადგან ტუხაჩევსკი მარტო შეხვდა ბეკს და ამ შეხვედრას შოლდერიც ესწრებოდა. იმ პერიოდში საბჭოთა სამხედრო მისია სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა ბერლინში. ერთი შეხედვით, ამ შეხვედრაში უცნაური არაფერი უნდა ყოფილიყო, რომ არა საიდუმლო ვითარებაში გამართული საუბარი. ამ შეხვედრის თაობაზე საბჭოთა სამხედრო დელეგაციის სხვა წევრები ინფორმირებულები არ იყვნენ. სწორედ ასეთი ვითარება ბადებდა ეჭვს. იმავდროულად კი, საბჭოთა კავშირში უკვე წმენდის დიდი კამპანია იყო დაწყებული და ეჭვქვეშ სამხედროებიც მოექცნენ. ნელ-ნელა ოფიცერთა კორპუსის წმენდა დაიწყო და ამას დაპატიმრებების სერია მოჰყვა. ბერიას გერმანულმა ემიგრანტულმა წყარომ მას აცნობა, რომ ერთ-ერთ სამხედრო შეხვედრაზე ბეკს თავისი სანდო პირების წინ გაულანძღავს ჰიტლერი და სტალინი. უთქვამს, რომ როგორც ფიურერი, ასევე საბჭოთა ბელადი ხელისუფლებას უნდა ჩამოსცილდნენო. იქვე დაუმატებია: აქ ჩვენ უნდა მივხედოთ საქმეს, იქ კი – ჩვენმა მეგობრებმაო. თუმცა, მეგობრების ვინაობა არ დაუსახელებია. მაგრამ ეს ისედაც ნათელი იყო ბერიასთვის. რადგან იცოდა, რომ ბერლინში ყოფნის დროს ტუხაჩევსკი ბეკსა და შოლდერს შეხვდა საიდუმლო ვითარებაში. დრო არ ითმენდა. ბერიას, მიღებული წესის თანახმად, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია ეჟოვისთვის უნდა მიეწოდებინა, რომელიც მაშინ საკაშირო „ენკავედეს“ ხელმძღვანელობდა. მაგრამ ბერიამ ეს არ გააკეთა. ლავრენტი პავლოვიჩი ვა-ბანკზე წავიდა და თვითნებურად დაგეგმა რთული სპეცოპერაცია, რომელიც ქართველმა ჩეკისტებმა შეასრულეს. ბერიას დავალებითა და გერმანიაში ქართული ემიგრაციის დახმარებით, სპეციალურმა ოპერატიულმა ჩეკისტთა ჯგუფმა ბერლინიდან ბეკის თანაშემწე, გენერალი შოლდერი მოიტაცეს და სტამბოლისა და ბათუმის გავლით, თბილისში ჩამოიყვანეს. შოლდერმა დაკითხვებზე ყველაფერი „დაფქვა“ და გაირკვა იმ საიდუმლო შეხვედრის შინაარსიც. ბეკი და ტუხაჩევსკი თავ-თავიანთ ქვეყნებში სამხედრო პუტჩს გეგმავდნენ და ჰიტლერისა და სტალინის გადაყენებას ან ლიკვიდაციას აპირებდნენ. ეს ინფორმაცია ბერიამ პირდაპირ სტალინთან მიიტანა... მარშალთა შეთქმულება უკვე გაშიფრული იყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა