ბელადები

რა სისტემა შექმნა ბერიამ, რომელიც ძალიან ქმედითი იყო

№44

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 10.11

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია ის ადამიანი იყო, ვინც უშიშროების სისტემაში ისეთი რესტრუქტურიზაცია განახორციელა, რამაც საბჭოთა სახელმწიფო ნომერ პირველ ქვეყნად გადააქცია მსოფლიოში და ეს ყოველივე დღესდღეობით რუსეთის ფედერაციის სამსახურშია.

ბორის სოკოლოვი: „დაინახა რა სტალინმა, რომ ლავრენტი ბერია ძალიან ორგანიზებული, გონიერი ადამიანი იყო და ნებისმიერ საქმეს შესანიშნავად უძღვებოდა, 1938 წლის მიწურულს სამუშაოდ მოსკოვში გადაიყვანა და ყველაზე საპასუხისმგებლო უბანი ჩააბარა.

ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მსოფლიოში დიდი არეულობის ხანა იწყებოდა და ჰაერში საშინელი ომის სუნი ტრიალებდა. „ენკავედე“, ანუ საბჭოთა უშიშროება ის მთავარი სტრატეგიული უბანი იყო, რომელსაც არმიასთან ერთად, გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა მომავალ ომში გასამარჯვებლად. სტალინი სახელმწიფოებრივი აზროვნების ადამიანი იყო. კადრებს ყოველთვის ამ კრიტერიუმით არჩევდა და ბერია კი ყველაზე წარმატებული არჩევანი გამოდგა.“

საბჭოთა ბელადს ინფორმაციის მიღების საქმე უმაღლეს დონეზე ჰქონდა დაყენებული. რომ იტყვიან, ყველაზე ყველაფერი იცოდა. ამა თუ იმ კადრის პირად დოსიეებში უმცირესი დეტალებიც შეჰქონდათ და სტალინი თითოეულ მათგანს საგულდაგულოდ ეცნობოდა. როგორც თავად სტალინი მოლოტოვთან პირად საუბრებში აღნიშნავდა, ბერიაში მას განსაკუთრებით მოსწონდა მისი საზრიანობა ამა თუ იმ საქმეში და სწრაფი მოქმედება. მაგალითად, თუკი აშენებდნენ გზას – ჯერ პროექტი არ იყო ბოლომდე დამტკიცებული, რომ გზის მშენებლობის დასაწყებად საჭირო ტექნიკა და ცოცხალი ძალა უკვე მობილიზებული იყო. სტალინს განსაკუთრებით ხიბლავდა ბერიას ეშმაკობა, კომბინაციურობის ნიჭი, სიტუციის გამოყენება, ერთი სიტყვით, ყველაერი ის, რაც საჭირო იყო ფარული, საიდუმლო მოქმედებისთვის.

ჯერ კიდევ საქართველოს „ჩეკას“ უფროსის მოადგილეობისას, ბერიამ თბილისის სასტუმრო „ინტურისტში“ (იგივე სასტუმრო „თბილისი“) გააკეთა კაზინო, ბორდელი და ვალუტაზე მოვაჭრე მაღაზია, რა თქმა უნდა, უცხოელებისთვის (შემდგომ ეს პრაქტიკა მთელ საბჭოთა კავშირში გავრცელდა და ქვეყნის დაშლამდე ფუნქციონირებდა). ამ სისტემის დანერგვამ დიდი სარგებელი მოუტანა სპეცსამსახურის ფუნქციონირებას. კაზინოსა და ბორდელში საზღვარგარეთის მოქალაქეები დადიოდნენ. იქ კი „ენკავედეს“ თანამშრომლები მუშაობდნენ და ამ გზით ხორციელდებოდა საჭირო ხალხის გადაბირება. სწორედ ამ კარგად მომზადებული, ძირითადად, მეძავი „ჩეკისტი“ გოგონების წყალობით მოიპოვებოდა ის კომპრომატები, რაც საჭირო უცხოელების გადაბირების საშუალებას იძლეოდა. გარდა ამისა, ბერიას ამ სისტემას მნიშვნელოვანი სავალუტო შემოსავალიც მოჰქონდა და ეს სისტემა საკმაოდ გამართულად ფუნქციონირებდა.

ნიშანდობლივი ფაქტია ის, რომ თითქმის ყველა ინოვაცია, რაც ბერიამ საკავშირო ასპარეზზე განახორციელა, თავდაპირველად ჯერ საქართველოში იყო მის მიერვე აპრობირებული. ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი, რომ იმ პერიოდის (ბერიას მმართველობა საქართველოში) საქართველო, ბევრი კომპონენტით უსწრებდა დანარჩენ საბჭოთა რესპუბლიკებს და მათ შორის რუსეთსაც.

საკავშირო „ენკევედეს“ ხელმძღვანელად დანიშვნის მერე ლავრენტი ბერიას ბევრად უფრო მეტი ასპარეზი, რესურსი და სტალინის მხარდაჭერა ჰქონდა. ამიტომ, ბევრს მიაჩნია, რომ ბერიამ სწორედ მოსკოვში გადასვლის შემდეგ „გაშალა ფრთები“... ეს კი ასე არაა... ლავრენტი პავლოვიჩი, უბრალოდ, უფრო მეტად გამოჩნდა და მავანთ ამიტომ გაუჩნდათ ასეთი აზრი.

თბილისისგან განსხვავებით, საკავშირო „ენკავედეს“ შეფმა, ბერიამ, მოსკოვში, ლენინგრადში, კიევსა და სხვა დიდ ქალაქებში ამ კუთხით ბევრად უფრო ფართო საქმიანობა გააჩაღა და ეს სისტემა მხოლოდ ამის ხარჯზე გაფართოვდა. არა მარტო გაფართოვდა, არამედ უფრო გამრავალფეროვნდა. თუკი თბილისური სისტემა მხოლოდ და მხოლოდ უცხოელებზე იყო გათვლილი, საკავშირო სისტემამ საბჭოთა მოქალაქეებიც მოიცვა, ის მაღალჩინოსნები, ვინც ამა თუ იმ საშუალებით ნაშოვნი ვალუტით შედიოდნენ კაზინოეში, ბორდელებსა თუ, ეგრეთ წოდებულ, სავალუტო მაღაზიებში... სხვათა შორის ეს მომენტი შესანიშნავად აქვს აღწერილი მიხეილ ბულგაკოვს „ოსტატი და მარგარიტაში“. ვალუტაზე მოვაჭრე მაღაზიების ქსელს „ტორგსინი“ ერქვა. ეს იყო აბრევიატურა და ნიშნავდა უცხოელებისთვის ვაჭრობას. ამ მაღაზიებში შემსვლელებიც, ისევე, როგორც კაზინოებსა და ბორდელებში, „ჩეკისტების“ მიერ აღინიშნებოდნენ და მიმდინარეობდა მათი შესწავლა, დახასიათება და დოსიეების შექმნა. უხეში სტატისტიკით, მსგავსი დოსიეები 1941 წლისთვის ბერიას 10 ათასამდე საბჭოთა ჩინოვნიკზე ჰქონდა.

საგულისხმო ფაქტია, რომ როდესაც ბერია ვერაგულად გაანეიტრალეს, შეთქმულების მიერ ჩამოყალიბებულმა საგანგებო ჯგუფებმა ბერიას საიდუმლო სეიფებიდან უამრავი საქაღალდე ამოიღეს, სადაც კომპრომატები ინახებოდა ყველაზე მაღალი თანამდებობების პირებზე, მათ შორის ხრუშჩოვსა და ჟუკოვზე. შემდგომ ეს კომპრომატები განადგურდა. მოლოტოვი ამბობდა, რომ ასეულ-ათასობით საიდუმლო კომპრომატი უზარმაზარ ღუმლებში დაწვეს ფოლადის ჩამომსხმელ ცეხში. თუმცა, ზოგიერთი მათგანი თავად შეთქმულებმა შეინახეს, რომ კოლეგებზე გავლენა ჰქონოდათ და ხრუშჩოვს რამდენიმე ასეთი საქაღალდე საკუთარ სეიფში ელაგა. ერთი სიტყვით, ბერიას ამ მემკვიდრეობის დიდი ნაწილი განადგურდა, ხოლო შედარებით მცირე ნაწილი დანიშნულებისამებრ იქნა გამოყენებული, მაგრამ უკვე ბერიას გარეშე.

ალბათ, ბედის დაცინვაა, ბედის ირონიაა ის, რომ ადამიანი, ვისაც ასეთი უზარმაზარი ძალაუფლება, გავლენა და საიდუმლო კომპრომატი ჰქონდა, პოლიტიკურ ბრძოლაში, მართალია, ვერაგულად, მაგრამ მაინც დამარცხდა. ეს მოვლენა დღემდე კამათის საგანია და იდუმალებითაა მოცული, რომელიც ალბათ, ოდესმე გამჟღავნდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა