ბელადები

რა სჭირდა სტალინს სამამულო ომის დაწყების დროს

№27

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 11.07, 2024 წელი

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი, სახელოვანი და სამართლიანი მმართველი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მავანთ სტალინის სახელისა და ღირსების შებღალვა სურთ, ეს ადამიანი მანამდე დარჩება კაცობრიობის ისტორიაში, სანამ თავად კაცობრიობა იარსებებს, ამასთან, დარჩება უდიდეს აღმშენებლად და მმართველად, განმგებლად იმ დიადი ქვეყნისა, სადაც თანასწორუფლებიანობა და სამართალი სუფევდა.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „სტალინი უდიდესი მმართველი იყო, მკაცრი, ზოგ შემთხვევაში – სასტიკიც კი, მაგრამ ძალიან სამართლიანი. მიუხედავად იმისა, რომ ბურჟუაზიულ პუბლიცისტებს სურთ, სტალინი ნეგატიური კუთხით წარმოაჩინონ, ეს ასე არაა. დასავლეთში მუსირებს აზრი, რომ თითქოს სტალინი შოკირებული იყო ჰიტლერის თავდასხმით. 22 ივნისს თავზარი დაეცა და ყოველგვარი მოქმედების უნარი დაკარგა. ამიტომ, რადიოთი მე გამომაცხადებინა ჰიტლერის თავდასხმის შესახებ, თავად კი დაიმალაო... ესაა აბსოლუტური ტყუილი და ცილისწამება. 1941 წლის 21 ივნისს, ანუ ჰიტლერის თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე, მთელი პოლიტბიურო კრემლში, სტალინთან ვიყავით შეკრებილი და საზღვრებზე შექმნილ დაძაბულ მდგომარეობას განვიხილავდით. სტალინი ყველას ყურადღებით გვისმენდა. თუმცა, თითქმის არ ლაპარაკობდა. თუკი რაიმე შენიშვნა ჰქონდა, ძალიან მოკლე ფრაზებით შემოიფარგლებოდა. საქმე ის იყო, რომ სტალინს ყელი სტკიოდა და ძალიან უჭირდა ლაპარაკი. ამიტომ, შუაღამე სრულდებოდა, როდესაც მან კრემლი დატოვა და კუნცევოში გაემგზავრა. ჩვენ კი გვთხოვა, ადგილებზე დავრჩენილიყავით და საჭიროების შემთხვევაში, მისთვის ნებისმიერ დროს დაგვერეკა... მოგვიანებით, აკადემიკოსი ბოგომოლოვი მიყვებოდა: „ნიკოლაი ვლასიკმა კრემლიდან დამირეკა და მთხოვა, რომ კუნცევოს აგარაკზე მივსულიყავი. მალევე მივედი კუნცევოში. ჯერ ღამის პირველი საათიც არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა, ყოჩაღი გამოჩენილიყო, სტალინს ცუდად ყოფნა აშკარად ეტყობოდა. სახე აჭარხლებოდა. სიცხე გავუზომე და 40 გრადუსი ჰქონდა. ვერ ლაპარაკობდა. ყელში ჩავხედე და გავოგნდი, საშინელი სიწითლე ჰქონდა და ძალიან გასიებოდა. ვუთხარი, რომ სასწრაფოდ სტაციონარში უნდა დაწოლილიყო. მან კი სასტიკი უარი მტკიცა. მე მას შესაბამისი მკურნალობა დავუნიშნე. დაახლოებით, ღამის 2 საათი და 30 წუთი იყო, როცა სტალინი დასაძინებლად დაწვა. მე კი კუნცევოს აგარაკზე დავრჩი იმ შემთხვევისთვის, თუკი სტალინის ჯანმრთელობა გაუარესდებოდა და მისი ჰოსპიტალიზაცია გახდებოდა საჭირო.“ ერთი სიტყვით, როდესაც ჟუკოვმა სტალინს კუნცევოში დაურეკა დილის 4 საათსა და 25 წუთზე და ჰიტლერული თავდასხმის ამბავი აცნობა, აკადემიკოსი ბოგომოლოვიც იქ იყო და შეესწრო ამ სცენას. შემდეგ სტალინი კრემლში დაბრუნდა და ბრძანება გასცა, რომ „წითელი არმია“ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოეყვანათ და ჩაბმულიყო ომში, რაც ისედაც ხორციელდებოდა. მიუხედავად სტალინის ცუდად ყოფნისა, ის მაინც ახერხებდა ჩვენთვის დავალებების მოცემას. ყველა გაგვანაწილა, ჟუკოვი და ტიმოშენკო კუნცევოში წაიყვანა და სამი დღე-ღამე აღარ გამოჩენილა კრემლში.“

ნიკოლაი ვლასიკი: „ეს ის სამი დღე-ღამე იყო, რომელზეც დასავლეთში წერენ, სტალინი შოკში იყო და გადაწყვეტილებების მიღების უნარი დაკარგული ჰქონდაო. სინამდვილეში, სამი დღე-ღამის განმავლობაში სტალინს წამითაც არ მოუხუჭავს თვალი. ის თავდაცვის სახალხო კომისართან და გენერალური შტაბის უფროსთან ერთად ფრონტებთან გაწყვეტილი კავშირების აღდგენაზე მუშაობდა. ამ სამი დღის განმავლობაში მოხერხდა, გაეცა შესაბამისი ბრძანებები და ფრონტი გასწორდა. ერთი სიტყვით, უკვე შესაძლებელი იყო საბრძოლო მოქმედებების მართვა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. 25 ივნისს, შუადღეზე კუნცევოში მთელი პოლიტბიურო ჩამოვიდა. მათ სტალინთან შეხვედრა კატეგორიულად მოითხოვეს და როცა ნებართვა მიიღეს, შევუშვი. სტალინი ჯერ კიდევ ძალიან სუსტად იყო. ყელი სტკიოდა და ლაპარაკი უჭირდა. პოლიტბიუროს წევრებს გამჭოლი მზერა მიაპყრო და ჰკითხა, თუ რატომ ჩამოვიდნენ კუნცევოში. მხოლოდ ბერიამ გაბედა და მოიკითხა სტალინი. სტალინმა კი მისთვის ჩვეული ირონიით უპასუხა: მე მეგონა, ჩემს დასაპატიმრებლად მოხვედითო. ბოლოს კი იკითხა: თანახმა თუ ხართ, რომ კიდევ მე გიხელმძღვანელოთ, თუ არაო. ყველამ ერთხმად დაუდასტურა თანხმობა. სტალინმა მათ მადლობა გადაუხადა ნდობისთვის. თითოეულს დავალება მისცა და კუნცევოდან გაისტუმრა.“

არსენ მარტიროსიანი: „პოლიტბიუროს წევრების კუნცევოში ვიზიტით სტალინმა ხელახლა მიიღო ლეგიტიმაცია. მიუხედავად ცუდად ყოფნისა, ორიოდე საათის შემდეგ კრემლში დაბრუნდა და შესაბამის საქმიანობას შეუდგა. აკადემიკოს ბოგომოლოვის ძალისხმევით კი სიცხემაც დაუწია, ანგინაც ჩაუქრა და 3 ივლისს უკვე თავად გამოვიდა რადიოთი და ცნობილი სიტყვა წარმოთქვა, რომელიც ცნობილი ფრაზით დასრულდა: „ჩვენი საქმე სამართლიანია, მტერს დავამარცხებთ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება!“ ასე რომ, მითები შოკირებული სტალინის შესახებ მხოლოდ მტკნარი სიცრუეა და მცდელობა იმისა, რომ საბჭოთა ბელადი ლაფში ამოსვარონ, თუმცა, ისტორიას ყველაფერი ახსოვს. სახეზეა შედეგი – ფაშისტების განადგურება და მეორე ზესახელმწიფოს შექმნა, რაც მსოფლიო მშვიდობის უტყუარი გარანტიაა დღემდე და ეს სტალინის დამსახურებაა..“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

13-19 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა