ბელადები

რა სასტიკი ღონისძიებები ჩაატარა ბერიამ ჰიტლერის „დასახმარებლად“

№48

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 10.12, 2023 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

მართალია, ლავრენტი ბერია დიდი ნოვატორი და დიდი ორგანიზატორი იყო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ის თავის წარმატებებს დიდი სისასტიკის ხარჯზე აღწევდა.

ბორის სოკოლოვი: „ცოტა შორიდან დავიწყებ. დიდი სამამულო ომის დასაწყისი საბჭოთა კავშირისთვის კატასტროფული იყო. სამხედრო წარუმატებლობას თან ახლდა იდეოლოგიურ-პოლიტიკური ჩავარდნა. ეს კი იმაში გამოიხატებოდა, რომ მთელ რიგ რაიონებში ბელორუსიასა და განსაკუთრებით უკრაინაში (მეტწილად მის დასავლეთ ნაწილში) მოსახლეობა ფაშისტ ოკუპანტებს პურმარილით შეხვდა. ამ რეგიონებში ძალიან მძლავრი იყო ნაციონალისტური განწყობები და მოსახლეობის ნახევარზე მეტი ოკუპანტებს მიემხრო. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ათეულ ათასობით საბჭოთა ჯარისკაცი ჰბარდებოდა ტყვედ ფაშისტებს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ისეთი კატასტროფული მდგომარეობა იყო შექმნილი, რომ ჰიტლერის გეგმა ბლიცკრიგის შესახებ რეალური ხდებოდა და განსაკუთრებული გადამჭრელი ზომების მიღება იყო საჭირო. ამიტომ ექსტრემალურ პირობებში შექმნილ თავდაცვის საბჭოში შესულმა ბერიამ საკუთარ თავზე აიღო ლომის წილი პასუხისმგებლობა და პირდაპირ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე განაცხადა: მდგომარეობა უმოკლეს დროში გამოსწორდებაო.“

სტალინის წინაშე მსგავსი პირობის დადება და თუნდაც 99 პროცენტით შესრულება სიკვდილის ტოლფასი იყო. სტალინისთვის მიცემული სიტყვა ასი პროცენტით იყო შესასრულებელი. ბერიამ ეს კარგად უწყოდა და თავდაცვის საბჭოს სხდომიდან გასვლისთანავე დაიწყო მისი განხორციელება. საკმაოდ დეტალურად დამუშავებული გეგმის მიხედვით, საჭირო იყო დაუძლეველი შიში ჩაენერგათ როგორც ფაშისტი ოკუპანტებისთვის, ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვისაც, მათთვის, ვინც ფაშისტებს მიემხრო. აქედან გამომდინარე, ბერიამ სასწრაფოდ ჩამოაყალიბა პარტიზანული მოძრაობა. ოფიციალური განცხადებით, ეს იყო „სახალხო შურისმაძიებლების“ მიერ შექმნილი არაპროფესიონალური შეიარაღებული რაზმები, რომლებიც სასტიკად ებრძოდნენ მტერს და სიცოცხლეს სწირავდნენ სამშობლოსთვის. სინამდვილეში კი თითოეულ პარტიზანულ რაზმს „ენკავედეს“ სპეციალურად მომზადებული ოფიცერი მეთაურობდა. მათ პირდაპირი დავალება ჰქონდათ მიცემული, რომ ფაშისტები გაეჟლიტათ და განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ტყვეები არ აეყვანათ. ამ ნაბიჯმა უდიდესი წარმატება მოიტანა. ფაშისტები ჭირივით უფრთხოდნენ პარტიზანებს და მათ ვერც „ესესის“ სპეციალურმა, ანტიპარტიზანულმა „ზონდერჯგუფებმა“ მოუხერხეს რამე. ასე ჩაუნერგეს სასტიკი შიში ფაშისტებს ბერიას გეგმით. ხოლო, საკუთარი მოსახლეობისთვის შიშისა და უფრო მეტად ფაშისტი ოკუპანტებისადმი ზიზღის ჩანერგვის ღონისძიებები უსასტიკესი იყო. იმავე „ენკავედეს“ სპეცრაზმებს ფაშისტური „ზონდერჯგუფების“ ფორმებს აცმევდნენ, ფაშისტური ტექნიკითა და შეიარაღებით აღჭურვილებს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობაში შეუშვებდნენ. სოფლებსა და ქალაქებს შესეულები სასტიკად უსწორდებოდნენ მოსახლეობას: ცოცხლად წვავდნენ მათ, მასობრივად ხვრეტდნენ და ამ ყველაფერს ფაშისტების სახელს არქმევდნენ. ამ ქმედებებმა ისეთი გავლენა მოახდინა ხალხზე, რომ მათ გასანადგურებლად საკუთარი სიცოცხლეც არ ენანებოდათ და ამის შემდეგ, მართლაც რომ, მთელი მოსახლეობა აღუდგა წინ ოკუპანტებს. ამ ყველაფერს კი დაემატა ბრძანება ¹227, რომელიც სტალინმა 1942 წლის 28 ივლისს, ასევე, ლავრენტი ბერიას ინიციატივით გამოსცა. ამ ბრძანებას სახელად, ფაქტობრივად, ლოზუნგი ეწოდა – „არცერთი ნაბიჯი უკან!“, ანუ, ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლებს უკან დახევა ოფიციალურად ეკრძალებოდათ, ხოლო ვინც ამას გაბედავდა, მათ უკან მდგომი, ტყვიამფრქვევებით შეიარაღებული „ენკავედეს“ რაზმები გაუხსნიდნენ ცეცხლს და გაქცეულებს დახოცავდნენ. ამ სასტიკმა ღონისძიებებმა დიდი როლი შეასრულა ფაშისტების დამარცხებაში და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ბერიას მიერ იყო მოფიქრებული და მისივე ბრძანებით სრულდებოდა. სწორედ ამიტომ იყო ასეთი თავგანწირვა იმ ომში და ასეთი არნახული მსხვერპლი. მართალია, ოფიციალური სტატისტიკით 20 მილიონი საბჭოთა მოქალაქე დაიღუპა, მაგრამ სინამდვილეში მსხვერპლი ორჯერ მეტი იყო.

ნიშანდობლივი ფაქტია ის, რომ ფალსიფიცირებულ სასამართლოზე, სადაც ბერიას წინააღმდეგ არაერთი ცილისწამება გაჟღერდა, ერთი სიტყვაც კი არავის დაუძრავს გადაცმული „ენკავედეშნიკების“ მიერ საბჭოთა მოქალაქეების უმოწყალო ჟლეტის თაობაზე, რომელზეც ზემოთ იყო ლაპარაკი. და ეს არცაა გასაკვირი, რადგან მსგავსი ვერაგობის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი, მართალია, ბერია იყო, მაგრამ უშუალო შემსრულებლების ხელის შემწყობები იყვნენ ისინი, ვინც ბერია დაამხო და ასამართლებდა. ასეთ შემთხვევაში, მათი სახელებიც ამოტივტივდებოდა. ამიტომ, გაჩუმება არჩიეს. არადა, ბერიას გასამართლება და მისთვის ბრალის წაყენება სწორედ ამ კუთხით იქნებოდა შესაძლებელი და მართებული. უდავოა, რომ ბერიამ სასტიკ ოპერაციებს მისცა ვიზა. მაგრამ არც მისი გამსამართლებლები აკლებდნენ ხელს ამ საქმეს, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ ბერიას დანაშაულებრივმა ქმედებებმა დიდად შეუწყო ხელი მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვებას. ბერიას კოლეგების მიერ ჩადენილი დანაშაულები კი მხოლოდ და მხოლოდ პირადული ამბიციებით იყო ნაკარნახევი და სწორედ მათმა ამ ამბიციებმა შეიწირეს თავად ბერიაც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული