ბელადები

რა საშუალებებით ეძებდა სტალინი ჰიტლერთან დაახლოების გზებს დროის მოსაგებად

№47

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 01.12, 2022 წელი

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი ძალიან შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი იყო. მას ისეთი ნაბიჯების გადადგმა შეეძლო, რაც იმ მომენტში, ერთი შეხედვით, არაფრის მომტანი იყო. ზოგიერთის აზრით კი – მავნეც. თუმცა, მხოლოდ საბჭოთა ბელადმა უწყოდა, რატომ აკეთებდა ამას და რისთვის დგამდა ამ ნაბიჯებს, რადგან ყოველთვის იმარჯვებდა.

ისტორიკოსი ბორის სავკინი: „სტალინი, რომელიც მარქსიზმს ქადაგებდა, იყო ის პირველი (შეიძლება, ერთადერთიც კი...) სახელმწიფო მეთაურთაგან, ვინც გასცა განკარგულება, რომ რუსულ ენაზე ეთარგმნათ და გამოეცათ ადოლფ ჰიტლერის წიგნი – „მაინ კამპფი“ („ჩემი ბრძოლა“). ბელადმა ამის გაკეთება გრიგორი ზინოვიევს დაავალა, რომელიც იმ პერიოდში გადასახლებული იყო და ყაზახეთში, ქალაქ კუსტანაიში იმყოფებოდა. ზინოვიევმა ეს დავალება პირნათლად შეასრულა. წიგნი რუსულ ენაზე გადაითარგმნა და 1933 წელს გამოიცა. მართალია, შეზღუდული ტირაჟითა და ზედ დართული კომენტარებით, მაგრამ შავყდიანი წიგნი, რომელსაც მარცხენა ზემო კუთხეში ფაშისტური სვასტიკა ჰქონდა დატანილი, ამ წიგნის პირველი უცხოური თარგმანი იყო. ნიშანდობლივია, რომ წიგნის გამოცემის მომენტში ჰიტლერი ჯერ კიდევ არ იყო ქვეყნის მეთაური. თუმცა, როგორც ლიდერი ნამდვილად გამოირჩეოდა და სტალინმა სწორედ ამას „დაუმიზნა“. ანუ, ხანგრძლივი პოლიტიკური კომბინაცია დაიწყო.“

სავკინი თავის წიგნში აბსოლუტურად სწორად შიფრავს სტალინის ამ კომბინაციურ სვლას. თუმცა, ამას ის ისტორიული გადასახედიდან აკეთებს, რაც არც თუ ისე რთული საქმეა. იმ ისტორიულ რეალობაში კი ვერავინ დაინახა (ან ზოგიერთებს არ სურდათ დანახვა) სტალინის ეს სვლა და საბჭოთა ბელადს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. პირველი მათ შორის, რა თქმა უნდა, ტროცკი იყო. ის წერდა: სტალინის ეს ნაბიჯი მისი უგემოვნობისა და პოლიტიკური სიბეცის მორიგი გამოხატულებააო. თუმცა, ტროცკი იყო თავად პოლიტიკურად ბეცი და სტალინის ლანძღვის სურვილმა მას გონება დაუბნელა.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „წიგნი რომ გამოიცა, სტალინმა მას „სამსახურებრივი მოხმარებისთვის“ უწოდა და ყველა მაღალჩინოსანს დაავალა, წაეკითხათ და ანალიზი გაეკეთებინათ, თან დაამატა: აქედან კარგად გაიგებთ, თუ რა გარდაუვალი საშიშროება გვემუქრება და სათანადოდ მოემზადეთ და თქვენი ძალისხმევა გააათმაგეთო. სულ მალე ჰიტლერი უკვე გერმანიის კანცლერიც გახდა და სწრაფი რეფორმები დაიწყო. შეწყვიტა კონტრიბუციის გადახდა. „რაიხსვერი“ კი გააფართოვა და სწორედ ამის შემხედვარე სტალინმა მითხრა: აი, დაიწყო უკვე თავისი პროგრამის განხორციელება და არც ჩვენ უნდა ჩამოვრჩეთ, თორემ ძალიან გაგვიჭირდება. პარალელურად კი, დიპლომატიური კავშირი დავამყაროთ მასთან. დრო მოვიგოთ და ღირსეულად დავხვდეთ მის თავდასხმას, რაც გარდაუვალიაო. როგორც ყოველთვის, სტალინი მართალი აღმოჩნდა.“

ჰიტლერიც საკმაოდ ეშმაკი კაცი იყო, თანაც, უკვე იცოდა, თუ რა ვერაგობა უნდა ჩაედინა და მანაც დაიწყო ნაბიჯების გადადგმა სტალინთან საერთო ენის მოსანახად. საბჭოთა ბელადს სამადლობელი წერილი გაუგზავნა. თან, გერმანულად, გოთიკური შრიფტით დაბეჭდილი „მაინ კამპფი“ აჩუქა, პირადი წარწერით. ეს წიგნი დღემდე სტალინის პირად ბიბლიოთეკაში ინახება.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ჰიტლერის „მაინ კამპფთან“ დაკავშირებული ამბები, ფაქტობრივად, რომ იტყვიან, ძალების პირველი მოსინჯვა იყო ორ ბელადს შორის. ამის მერე დაიწყო დიპლომატიური ურთიერთობების გამყარება, გაღრმავება და დათბობაც კი. ამას მოჰყვა ამ ბელადების ორი ფარული შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიაზე. თუმცა, მათი ზუსტი საუბრების შინაარსს ზესაიდუმლო ტაბუ ადევს.

საკმაოდ თამამ, მართალია, დაუდასტურებელ, მაგრამ საგულისხმო მოსაზრებას გამოხატავს ბორის სავკინი. მისი თქმით, სტალინისა და ჰიტლერის მესამე შეხვედრა 1941 წლის 20 ივნისს უნდა შემდგარიყო (შეხვედრის ადგილი არ სახელდება), თუმცა, მისივე თქმით, ეს შეხვედრა, ჰიტლერის თხოვნით (ხაზგასმულია თხოვნის ფორმა), გადაიდო. მკვლევარი გვაუწყებს, რომ ეს იყო საიდუმლო შეთანხმება და ამის შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა ორივე მხრიდან. მისივე მტკიცებით, 18 ივნისს ჰიტლერს რაიხსკანცელარიაში უცნობი ვიზიტორი, სავარაუდოდ, ამერიკელი ბიზნესის ერთ-ერთი მეტრი ესტუმრა. ფიურერს 2 საათის განმავლობაში ესაუბრა და წავიდა. ამ ვიზიტიდან ძალიან მალე ჰიტლერმა სტალინს ამ შეხვედრის გადადების შესახებ სთხოვა. არსებობს ვერსია, რომ ვიზიტორი ბიზნესმენი იმ ჯგუფის წარმომადგენელი იყო, რომელიც ჰიტლერს აფინანსებდა. ფიურერს კი მათ წინაშე ვალდებულებები ჰქონდა და ეს ფარული შეხვედრაც მათი მოთხოვნით გაუქმდა. აქვე ლოგიკურია იმის ხაზგასმა, რომ ჰიტლერს უკვე მკაცრად მოსთხოვეს „ბარბაროსას“ დაწყება და შესაძლოა, დაემუქრნენ კიდეც. ამის დასტური ან უარყოფა საკმაოდ რთული საქმეა და სანამ საამისოდ რეალური საბუთები არ გამოჩნდება, ეს ამბავი მხოლოდ ვერსიად დარჩება. თუმცა, აშკარაა და ამისი შესაბამისი საიდუმლო საბუთებიც არსებობს, რომ ჰიტლერს ინტენსიურად უბიძგებდნენ საბჭოეთზე თავდასხმისკენ და რა გამოვიდა ამ საქმიდან, ყველასთვის ცნობილია.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი