ბელადები

რა სარგებელი მოუტანა სტალინს ფინეთის ომმა

№51

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 28.12, 2023 წელი

სტალინის შესახებ ფაქტები
დაკოპირებულია

სტალინი თავის პოლიტიკას ყოველთვის საბჭოთა კავშირის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე აყალიბებდა და მისი გათვლები შორეულ პერსპექტივასაც მოიცავდა ხოლმე.

არსენ მარტიროსიანი (სომეხი ისტორიკოსი): „სტალინმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იანი წლების შუაში იცოდა, რომ ჰიტლერულ გერმანიასთან დიდი ომი გარდაუვალი იყო. ანუ, იმ მომენტიდან, როდესაც ფაშისტი ფიურერი გერმანიის მმართველი გახდა. სტალინი შესაშური ანალიტიკოსი იყო. არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, რომ გარკვეულმა ძალებმა ჰიტლერი პირადად მის საპირწონედ მოიყვანეს ხელისუფლებაში და საბჭოთა ბელადმა დასკვნაც შესაბამისად სწორი გააკეთა. მოლოტოვსაც სწორედ ამიტომ უთხრა: ჰიტლერს ოკეანის გაღმელებმა (ამერიკელებმა) იმიტომ მისცეს ხელში ამხელა ძალაუფლება, იმიტომ ჩაუდეს უზარმაზარი ინვესტიციები, რომ ჩვენზე გამოუშვან საომრად. ამერიკელები იმედოვნებენ, რომ გერმანია დაგვამარცხებს და ჩვენი ერთადერთი სოციალისტური სახელმწიფო დაემხობა. ამიტომ, ისეთი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, რომ ამ მომენტისთვის მზად ვიყოთო. და მართლაც, სტალინმა აამოქმედა მთელი ეკონომიკური პოტენციალი. ქვეყანა სამხედრო ყაიდაზე გადააწყო და მეოცე საუკუნის 30-იანი წლების მიწურულისთვის საკმაოდ მრავალრიცხოვანი, კარგად შეიარაღებული და იდეოლოგიზებული სამხედრო ძალა შექმნა. ამ ყველაფერთან ერთად, საბჭოთა ბელადი თავისი გეოპოლიტიკური გათვლების განხორციელებას უპირველესად დიპლომატიური გზებით ცდილობდა და პირველად ეს ფინეთთან განახორციელა...“

სტალინი კარგად ხედავდა, რომ ფინეთი ფაშისტური გერმანიის მტკიცე მხარდამჭერი იყო. არც ის ეშლებოდა, რომ საჭირო მომენტში ფინეთი გერმანელ ფაშისტებს დაუბრკოლებლად გაატარებდა თავის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირზე თავდასასხმელად. ამიტომ, სტალინმა ფინეთის მთავრობას ტერიტორიების გაცვლა შესთავაზა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინი ფინეთს სთავაზობდა, რომ მას ლენინგრადთან მოსაზღვრე მიწები საბჭოთა კავშირისთვის გადმოეცა. სამაგიეროდ, მოშორებით ორჯერ მეტ ტერიტორიას აძლევდა. თუმცა, ამ შეთავაზებაზე ფინეთმა სასტიკი უარი განაცხადა. პარალელურად კი, ჰიტლერული არმია მეთოდურად შედიოდა ფინეთში. სტალინმა ფინეთის მთავრობა რამდენიმეჯერ გააფრთხილა, რომ მსგავსი გადაადგილებები შეეწყვიტა. თუმცა, ეს ქმედებები კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა და სწორედ ეს იყო ომის დაწყების საბაბი. მეტსაც ვიტყვი: ფინელები რომ დათანხმებოდნენ სტალინის წინადადებას და ტერიტორიები გაეცვალათ, ომი მაინც იქნებოდა. გამოიძებნებოდა სხვა საბაბი. თუნდაც ის, რომ ჰიტლერის ჯარი ფინეთის ტერიტორიაზე დისლოცირდებოდა. ანუ, ფინეთთან ომს სამი ძირითადი დანიშნულება ჰქონდა: პირველი – სტრატეგიული ტერიტორიების ხელში ჩაგდება; მეორე – ჯერ კიდევ გაუძლიერებელი წითელი არმიის შესაძლებლობების გამოცდა და სუსტი წერტილების დადგენა; მესამე – ჰიტლერის დარწმუნება იმაში, რომ საბჭოთა ჯარი სუსტი იყო, ფაშისტურ გერმანიას ვერ გაუმკლავდებოდა და რომ ჰიტლერი უმოკლეს დროში შეძლებდა საბჭოეთის დაპყრობას. სამივე ამოცანა წარმატებით გადაიჭრა.“

საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომში ფინეთი დამარცხდა და სტალინმა მოახერხა სტრატეგიული ტერიტორიების დაკავება. თუმცა, საბჭოეთმა ეს ომი ოთხჯერ მეტი მსხვერპლით დაამთავრა. ჰიტლერს რომ ამ ომის შედეგების ანალიტიკური მოხსენება მიუტანეს და გააცნეს, ფიურერს სარკასტულად უთქვამს: რუსების სუსტ არმიას ორ თვეში მოვუღებთ ბოლოს. ისინი ვერ შეძლებენ სათანადო გაძლიერებას. ამიტომ ჯობია, სტალინთან დიპლომატიური პარიტეტი შევინარჩუნოთ და დავაჯეროთ, რომ მათი მეგობრები ვართ, თანაც მათი რესურსებიც დაუბრკოლებლად მივიღოთ. შემდგომ კი დავცხოთ. ახლა კი საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს მივხედოთო. სწორედ ეს სჭირდებოდა სტალინს და ისე მოხდა, როგორც საბჭოთა ბელადი ვარაუდობდა.

არსენ მარტიროსიანი: „როგორც ყოველთვის, სტალინმა იმ დიდ პოლიტიკურ თამაშშიც მიაღწია წარმატებას. თითქმის საბჭოთა კავშირზე საომრად მომზადებული ჰიტლერი სხვა მიმართულებით გაუშვა. დროებით მას ომის ვექტორი შეუცვალა და ეს დრო სტალინმა მაქსიმალურად გამოიყენა. გადაახალისა წითელი არმიის როგორც უმაღლესი მმართველობის რგოლი, ასევე საშუალო მეთაურთა რგოლებიც. შეიქმნა უახლესი ტექნიკა, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო, თან ეს სამხედრო ტექნიკა დიდი რაოდენობით იწარმოებოდა. ამ ყველაფრის პარალელურად, საბჭოთა კავშირი და გერმანია ლამის მოკავშირეები გახდნენ, მართალია, ქაღალდზე, მაგრამ ამან სტალინს 2 წელი მისცა მოსამზადებლად და ასეთი ქმედება გამართლებულიც იყო. გამარჯვებულებს კი არ სჯიან.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული