ბელადები

რა სამეტაპიანი საიდუმლო გეგმა შეამუშავებინა სტალინმა ჟუკოვს

№13

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 07.04, 2022 წელი

საბჭოთა იარაღი
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინს ტყუილად როდი მიანიჭეს გენერალისიმუსის წოდება და ეს უმაღლესი სამხედრო ჩინი საბჭოთა ბელადმა მეორე მსოფლიო ომში ტრიუმფალური გამარჯვებისთვის დაიმსახურა. თუმცა, მავანნი იმასაც ამბობენ, რომ ჰიტლერის თავდასხმას სტალინი მოუმზადებელი შეხვდა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, სიმართლეს არ შეესაბამება...

დიმიტრი ვოლკოგონოვი (გენერალი, სტალინის ბიოგრაფი): „საბჭოთა კავშირმა საშინელ ომში გაიმარჯვა. რა თქმა უნდა, მთავარი როლი ხალხმა შეასრულა. თუმცა, ლომის წილი ამ ტრიუმფში სტალინს ეკუთვნის. ეს დადასტურებული ფაქტია. მაგრამ მტკნარი სიცრუეა ის, რომ თითქოს სტალინი მოუმზადებელი იყო, პირიქით, იოსებ ბესარიონის ძე ინტენსიურად ემზადებოდა ჰიტლერის არა მარტო მოსაგერიებლად, არამედ გასანადგურებლად და ამ დასაბუთებულ ფაქტებს საბჭოთა ისტორიოგრაფია გულმოდგინედ მალავადა...“

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი აბსოლუტურად მართალია. სტალინი ჰიტლერის გასანადგურებლად ჯერ კიდევ 1936 წლიდან ემზადებოდა, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც აშკარა გახდა, რომ ფიურერი ჯერ მთელ ევროპას ჩაიგდებდა ხელში და შემდგომ კი საბჭოთა კავშირზე გაილაშქრებდა. ამიტომ საბჭოთა ბელადმა მთელი რიგი ღონისძიებები ჩაატარა და რომ არა ჰიტლერის დამაჯერებლად შეცდომაში შეყვანა, ომის დასაწყისი რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა.

საბჭოთა საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი, გენერალი პავლე ფიტინი: „ბოლოდან დავიწყებ და ვიტყვი, რომ ეგრეთ წოდებული, 22 ივნისის კატასტროფის ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე (უნებლიეთ) გენერალი ფილიპე გოლიკოვი იყო. ის საბჭოთა სამხედრო დაზვერვას ხელმძღვანელობდა და სტალინი, ძირითადად, მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს ეყრდნობოდა.

სიმართლეს ვიტყვი და დღემდე, მართლაც, გულწრფელად მიკვირს, თუ როგორ გადაურჩა გოლიკოვი სტალინის რისხვას. და, არა მარტო თავი შეინარჩუნა, არამედ თანამდებობაც და მით უმეტეს, წოდებაც. 1941 წლის ივნისში, დაზვერვის ხელმძღვანელები, ყოველ საღამოს სტალინის კაბინეტში ვიკრიბებოდით და სტალინს ანალიტიკურ ცნობებს ვაწვდიდით. ასეთი სხდომა 11 ივნისსაც გაიმართა. სტალინს მე მოვახსენე, რომ სავარაუდოდ, ჰიტლერი უახლოეს დროში შემოიჭრებოდა და ვურჩიე, რომ არმია საბრძოლო მზადყოფნაზე გადაეყვანა. გოლიკოვის ჯერი რომ დადგა, მან სტალინს მოახსენა:

– აბსოლუტურად ზუსტი ცნობები მოვიპოვეთ, რომ ჰიტლერს არმიისთვის არც ზამთრის სამოსი მოუმარაგებია და არც – ზამთრის პირობებში საომრად აუცილებელი იარაღის ზეთი. ამათ გარეშე კი ზამთარში ომი წარმოუდგენელია. ესე იგი, ის ჯერ არ აპირებს ჩვენთან შემოჭრას.

– თავს დებთ, რომ ჰიტლერი არ შემოიჭრება? პასუხს აგებთ, რომ ეს ნამდვილად ასე იქნება? – ჰკითხა სტალინმა გოლიკოვს და იმანაც უპასუხა, საკუთარი თავით ვაგებ პასუხსო.

რამდენიმე დღეში კი ჰიტლერი ჩვენთან შემოიჭრა. გოლიკოვის ინფორმაცია-რჩევა არასწორი აღმოჩნდა. ამან კი სტალინი შეცდომაში შეიყვანა და სწორედ ამიტომ მიკვირს, რატომ არ დასაჯა სტალინმა გოლიკოვი. მართალია, ის მაღალი კლასის პროფესიონალი იყო, მაგრამ მისმა შეცდომამ დიდი ზიანი მოგვაყენა. თუმცა, შეიძლება, სტალინმა იმიტომ დაინდო „გრუს“ ხელმძღვანელი, რომ 22 ივნისის კატასტროფაში საკუთარ თავსაც ადანაშაულებდა. ანუ, გოლიკოვს, ისევე, როგორც სტალინს, ვერ წარმოედგინა, რომ ჰიტლერი „ბლიც კრიგს“, ანუ საბჭოეთის დაპყრობას, სიცივეების დადგომამდე აპირებდა, რაც ჩვენი ტერიტორიისა და ძალების პირობებში შეუძლებელი იყო. ანუ ბელადი (ისევე, როგორც გოლიკოვი) სწორმა ლოგიკამ და საღმა აზრმა მოატყუა, რაც ჰიტლერს არ აღმოაჩნდა... არადა, საკმარისი იყო 11 ივნისს სტალინს ჟუკოვისა და ტიმოშენკოსთვის ებრძანებინა საიდუმლო გეგმის ამოქმედება, რომ არა მარტო კატასტროფას ავიცილებდით თავიდან, არამედ ჰიტლერის კრახს 1941 წლის ივნისში დავიწყებდით და წლის ბოლომდე განვახორციელებდით კიდეც...“

სტალინმა საიდუმლო გეგმის შედგენა მაშინდელი გენშტაბის უფროსს, ჟუკოვს 1939 წელს დაავალა და როდესაც ცნობილ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს მოაწერა ხელი, ყველაფერი უკვე მზად იყო.

ედვარდ რაძინსკი: „საიდუმლო გეგმა, რომელიც ჟუკოვმა და მისმა უწყებამ (გენშტაბმა) სტალინის დავალებით შეადგინეს, ჰიტლერზე თავდასხმას გულისხმობდა. ანუ, მას მერე, რაც უკვე ნათელი გახდა, რომ ჰიტლერი საბჭოეთზე წამოვიდოდა, დღის წესრიგში დადგა ამ გეგმის შემუშავება. საიდუმლო გეგმა სამეტაპიანი იყო. პირველი – ევროპაში წამოწეული ჰიტლერისთვის დარტყმის მიყენება და მათი უკან დახევა. მეორე – წინააღმდეგობის შემთხვევაში, უფრო ღრმად შეჭრა ევროპაში და ჰიტლერის იძულება, რომ ოკუპირებული ტერიტორიები დაეთმო. მესამე – უარის თქმის შემთხვევაში უკვე გერმანიაში შეჭრა, ბერლინის აღება და ფაშიზმის დამხობა. საამისოდ კი სტალინს ყველა წინა პირობა და რესურსი ჰქონდა. „დოსააფის“ ეგიდით, მილიონობით საბჭოთა ქალ-ვაჟს პარაშუტით ხტომასა და შაშხანიდან სროლას ასწავლიდნენ. გამოუშვეს უამრავი მსუბუქი ტანკი და უზარმაზარი თვითმფრინავები დესანტის გადასხმისთვის, ასევე, მსუბუქი შაშხანები, ანუ სტალინს შეეძლო, მსუბუქად შეიარაღებული მილიონობით დესანტი მოულოდნელად გადაესხა ევროპაში. იმავდროულად, შეეყვანა ტანკები და მართალია, საკმაო მსხვერპლი იქნებოდა, მაგრამ ჰიტლერს გაანადგურებდნენ. თუმცა ასე არ მოხდა და შეაცდინა რა სტალინი საღმა აზრმა, დიდი და სისხლისმღვრელი ომი გაჩაღდა“.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი