ბელადები

რა სამეტაპიანი გეგმა შეიმუშავა ბერიამ 1941 წლის დეკემბერში

№11

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 30.03

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია დღემდე რჩება მილიონობით ადამიანისთვის იმ სისხლისმსმელ მონსტრად, ვინც უმოწყალოდ ანადგურებდა უამრავ ადამიანს და მრავალი ათეული წლის წინ შექმნილი ეს იმიჯი ჯერაც მოქმედებს. თუმცა ისტორიული სიმართლე და ზოგიერთი განსაიდუმლოებული საარქივო საბუთი საპირისპიროზე მეტყველებენ და ალბათ, ოდესღაც დადგება დრო, როცა ეს არაორდინალური პიროვნება ღირსეულ ადგილს დაიკავებს ისტორიაში.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ბერიას გამო ათი წელი ციხეში მაქვს გატარებული. რა თქმა უნდა, სრულიად ტყუილად. სიკვდილით დასჯას, რომ იტყვიან, ბეწვზე გადავურჩი, განსხვავებით იმ ჩემი კოლეგებისგან, ვისაც ეს „პატივი“ არ ერგოთ და ისევე, როგორც ლავრენტი პავლეს ძეს, სიცოცხლე წაართვეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სამშობლოს ერთგულად ემსახურებოდნენ. ასეთი იყო პოსტსტალინური პერიოდის სინამდვილე და სწორედ ბერიას განადგურების მერე დაიწყო ქვეყნის რღვევის პროცესი, რაც გრანდიოზული კატასტროფით დასრულდა.

ეტყობა, ბედისწერა იყო ასეთი. სხვაგვარად რით ავხსნა ეს ყველაფერი. მთელი ჩვენი უწყება, ბერიას ხელმძღვანელობით, ძალ-ღონეს არ ვიშურებდით იმ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, რასაც ჰიტლერული ურდოების შემოსევას უნდა მოჰყოლოდა. რისი დიდი იმედიც ჰქონდათ ჩვენს დასავლელ მოწინააღმდეგეებს და რასაც ისინი ვერ ეღირსნენ. არადა, 1941 წლის დეკემბრის დამდეგს კატასტროფულ მდგომარეობაში ვიმყოფებოდით. ჰიტლერელებს საბჭოთა კავშირის უზარმაზარი ტერიტორია ჰქონდათ ოკუპირებული. რაც მთავარია, მტერი მოსკოვს იყო მომდგარი და მთელი მსოფლიო ელოდა საბჭოთა სახელმწიფოს დედაქალაქის დაცემას. ევაკუაციისთვის ყველაფერი მზად იყო და მიუხედავად ამისა, მართალია, სტალინმა გააუქმა ეს ბრძანება, გმირული ნაბიჯი გადადგა და მოსკოვში დარჩა, მაგრამ მოსკოვის დაცემის საშიშროება კვლავ არსებობდა. ჩვენს უწყებაში კი უკვე შემუშავებული იყო გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გვემოქმედა იმ შემთხვევაში, თუკი ფაშისტები მაინც დაიკავებდნენ მოსკოვს. ჩვენ წინასწარ გვქონდა შექმნილი ორიათასკაციანი სადაზვერვო-დივერსიული, არალეგალური ქსელი ჩვენი თანამშრომლებისგან, რომლებსაც მოსკოვში უნდა ემოქმედათ. ეს იყო იმ სამმაგი გეგმის პირველი ნაწილი, რომელიც ფაშისტი ფიურერის ლიკვიდაციას ითვალისწინებდა. ჰიტლერის ლიკვიდაცია, როგორც მინიმუმ, საგრძნობლად შეარყევდა ფაშისტების რიგებს. აქედან გამომდინარე კი, ასევე, როგორც მინიმუმ, შესაძლებლობა გაჩნდებოდა, ფაშისტებთან მოლაპარაკებები დაგვეწყო, დრო მოგვეგო, ძალები მოგვეკრიბა და გამანადგურებელ შეტევაზე გადავსულიყავით. რადგან ფაშისტები დედაქალაქში ვერ შემოვიდნენ, პირველი ეტაპი ამ გეგმისა მართალია, ძალაში რჩებოდა, მაგრამ არ განხორციელებულა. გეგმის მეორე ნაწილის მიხედვით, ჰიტლერი ბერლინში უნდა გაგვენადგურებინა. ეს უნდა განხორციელებულიყო 1942 წლის 20 აპრილს, ჰიტლერის დაბადების დღეს. ამ დღეს ფაშისტი ფიურერი ბერლინის უზარმაზარ მოედანზე, ათეულ ათასობით ადამიანის წინაშე. ხალხის რიგებში მდგომ ჩვენს აგენტს სპეციალურად დამზადებული ნაღმსატყორცნიდან რეაქტიული ჭურვი უნდა ესროლა იმ ტრიბუნის მიმართულებით, რომელზეც ჰიტლერი იდგებოდა და იქაურობა გაცამტვერდებოდა. სხვათა შორის, შემდგომ, ფაშისტებმა ანალოგიური ოპერაცია შეიმუშავეს: სტალინის გასანადგურებლად მოღალატე ტავრინი გამოგზავნეს მოსკოვში. თუმცა ის მოსკოვს ვერც კი მიუახლოვდა და დედაქალაქიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით ავიყვანეთ და გავანეიტრალეთ. ჩვენი დივერსანტი კი იოზეფ შულცი იყო. ეს ადამიანი ანტიფაშისტი იყო და 30-იან წლებში „კომინტერნში“ მუშაობდა. შულცი „ესესის“ კაპიტანი იყო და ღრმა კონსპირაციაში იმყოფებოდა. თავის კოლეგებს შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და გათვითცნობიერებული ჰქონდა, რომ ასპროცენტიან სიკვდილზე მიდიოდა და გადარჩენის შანსი არ გააჩნდა. თუმცა, შულცის ვარიანტის განხორციელებაც გაუქმდა. 1942 წლის აპრილში მართალია, ფაშისტებს კვლავ დიდი უპირატესობა ჰქონდათ, შულცი კი მზად იყო თავგანწირვისთვის, მაგრამ სტალინმა ბოლო მომენტში გააუქმა ეს ბრძანება. ბერია კრემლში დაიბარა და პირადად უბრძანა, რომ ჰიტლერის ლიკვიდაცია არ განხორციელებულიყო. ამის მიზეზი ჩემთვის არაა ცნობილი. მაგრამ ვვარაუდობ, რომ სტალინმა იცოდა, სულ მალე მოხდებოდა ის, რაც მოხდა. ფაშისტების დევნას დავიწყებდით და ჰიტლერის ლიკვიდაცია რომ მომხდარიყო, ვერც ბერლინს ავიღებდით, ვერც ევროპას გავათავისუფლებდით და ვერც პროსაბჭოურს გავხდიდით იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ უჰიტლერო ფაშისტურ მთავრობას დასავლეთი დაუდგებოდა გვერდით და საბჭოთა კავშირის საზღვრებზე გაგვაჩერებდნენ როგორც, პირველ რიგში, დილომატიით, მოლაპარაკებების გზით, ასევე არ იყო გამორიცხული, რომ სამხედრო გზითაც. ამიტომ, სტალინმა ჰიტლერი ამის გამო დატოვა ცოცხალი. ამ გეგმის მესამე ვარიანტი იყო ცნობილი მსახიობის, ოლგა ჩეხოვას გამოყენება. ეს ულამაზესი ქალი ჩვენი თანამშრომელი იყო, რომელიც პირადად ბერიამ გადმოიბირა. ის ჰიტლერის წრეში ტრიალებდა. ჩეხოვას შესაბამისი ბრძანების მერე ჰიტლერი უნდა მოეწამლა. ერთი სიტყვით, ბერიას მიერ მომზადებული გეგმა ომის დასრულებამდე ქმედითად რჩებოდა და მთავარი იყო, სტალინს ებრძანებინა მისი განხორციელება. თუმცა, პოლიტიკური მოსაზრებით ის არ განგვიხორციელებია და ასე უფრო მეტი სარგებელი მივიღეთ.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა