ბელადები

რა საიდუმლო მითითება მისცა ბერიამ ქართული პრესის წარმომადგენლებს

№33

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 25.08

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწე იყო არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ მთელ მსოფლიოში. მართალია, ის მკაცრი, ხშირ შემთხვევაში, სასტიკი მმართველი იყო, მაგრამ ამას ზოგჯერ საქმე მოითხოვდა. თუმცა, ის კრეატიული ადამიანი იყო და მისთვის მინდობილ საქმესაც, ძირითადად, შემოქმედებითად უდგებოდა.

მწერალი ბორის სოკოლოვი: „მიუხედავად იმისა, რომ ბერიამ თავისი მოღვაწეობა თითქმის სრულად დაუკავშირა სპეცსამსახურებს, ის სიცოცხლის ბოლომდე მაინც შემოქმედებით ადამიანად რჩებოდა. მისი ეს თვისება, რაც არ უნდა შეუსაბამოდ გვეჩვენებოდეს, სპეცსამსახურების საქმიანობასაც კი ლაიტმოტივად გასდევდა. ეს განსაკუთრებით სპეციალური ოპერაციების დროს მჟღავნდებოდა, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას თავად ბერია გეგმავდა, მისი ხელქვეითები და ოპერატიული თანამშრომლები კი ახორციელებდნენ. როგორც ამ სპეცოპერაციის არაერთი მონაწილისგან მსმენია, ბერია გენიალური რეჟისორივით უხსნიდა თითოეულ მათგანს თავიანთ როლებს და როგორც ეს თეატრშია მიღებული, ყველას თავის ადგილზე აყენებდა. თუმცა, ბერია არც იმპროვიზაციას გამორიცხავდა და ეუბნებოდა: საჭირო შემთხვევაში შესაბამისი გარემოებების მიხედვით იმოქმედეთო. თუმცა, ასეთი გარემოებები იშვიათად იქმნებოდა, რადგან ბერიას გეგმები ისე დეტალურად იყო დამუშავებული, რომ გარემოებების ცვლილება, პრაქტიკულად, არ ხდებოდა. სწორედ ამ იშვიათი გამონაკლისის ნათელი მაგალითია ტროცკის ლიკვიდაციის ოპერაცია. როდესაც ბერიას მიერ დამოძღვრილმა რამონ მერკადერმა „ობიექტთან“ ვერც ცეცხლსასროლი იარაღის შეტანა შეძლო და ვერც მომწამვლელი ნივთიერების, ტროცკის კაბინეტშივე ჩამოკიდებული ალპინისტის წერაქვით ისარგებლა და თავისი დავალება მაინც განახორციელა“.

ბერია არა მარტო ლიკვიდატორების „მოძღვარი“ და წარმატებული სპეცოპერაციების დამგეგმავი იყო, ის კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობასაც უწყობდა ხელს. ეს, პირველ რიგში, საქართველოში გამოვლინდა, ალბათ, ბევრმა არც კი იცის, რომ ფაქტობრივად, სწორედ ლავრენტი ბერიას საქართველოში მოღვაწეობისას ჩაეყარა საფუძველი ქართულ პრესას. რა თქმა უნდა, ქართული ჟურნალ-გაზეთები ბერიამდეც გამოდიოდა, მაგრამ არ იყო მრავალფეროვანი და არც ტირაჟი იყო საკმარისი ხალხისთვის. ბერიას კი უზარმაზარი რესურსი ჰქონდა და ის ძალიან სასარგებლოდაც გამოიყენა. 30-იანი წლებში საქართველოში, ბერიას ინიციატივით, უკვე 10-მდე ქართულენოვანი ჟურნალ-გაზეთი გამოდიოდა. გარდა ამისა, ბერიასვე ძალისხმევით, თითქმის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განხორციელდა რადიოფიცირება და ათიდან ცხრა ოჯახში რადიო იყო დამონტაჟებული. მთელ ამ ისტორიაში კი მთავარი იყო ის, რომ პრესაშიც და რადიოშიც ისეთი პუბლიკაციები იბეჭდებოდა და ისეთი გადაცემები გადიოდა, სადაც ლომის წილი ეროვნულ მოტივებს ეკავათ.

აკადემიკოსი აკაკი შანიძე ჰყვებოდა: „პირადად ვესწრებოდი იმ შეკრებას ბერიას კაბინეტში, სადაც მაშინდელი საქართველოს „ცეკას“ პირველმა მდივანმა, ლავრენტი პავლეს ძე ბერიამ კონფიდენციალური და საკმაოდ სარისკო მითითება გასცა: პრესასა და რადიოში 85 პროცენტი ისეთი პუბლიკაციები და გადაცემები უნდა იყოს, რაც წინა პლანზე წამოსწევს საქართველოს ისტორიას, კულტურას, ხელოვნებასა და სპორტსო. შემდეგ ყველას თვალი მოგვავლო და დაამატა, – ამხანაგ სტალინს უამრავი გამონათქვამი აქვს ამ თემაზე და არ დაგავიწყდეთ, ამ ციტატების გამოყენებაო. ყველანი მივხვდით, თუ რას ნიშნავდა ეს – ისეთი პუბლიკაცია არ დაიბეჭდებოდა, სადაც კონკრეტულ საკითხზე სტალინის შესაბამის ციტატას არ ჩართავდნენ. ჩვენ კი ჩვენი პუბლიკაციების დაწერისას ერთ ეშმაკობას ვიყენებდით, მაგალითად, თუკი ვერ ვპოულობდით სტალინის კონკრეტულ ციტატას, მას ჩვენ ვიგონებდით და ავტორობას სტალინს მივაწერდით. ეს კი კარგად ჭრიდა. არანაკლებ კრეატიულობას იჩენდნენ რადიოს თანამშრომლები. მაგალითად, გადმოსცემდნენ ქართულ ხალხურ სიმღერებს, ეს კი ყოველდღე ხდებოდა, დიქტორი აუცილებლად გამოაცხადებდა: „გაფრინდი, შავო მერცხალო“ ბელადის საყვარელი სიმღერააო და ამას ეთერში დანარჩენი ფოლკლორული ნაწარმოებებიც მოჰყვებოდა. ეს ყველაფერი არა მარტო კარგად ესმოდა ბერიას, არამედ სწორედ თავად იყო ამის სულისჩამდგმელი. და თითქმის ყველა სფეროში ასე იყო.“

უფროსი თაობის წარმომადგენლებს კარგად ახსოვთ კომუნისტური პრესა, სადაც მოცარტზე სტატიაშიც კი იდეოლოგიური ფრაზა ფიგურირებდა. ასეთი რამ ინერციით განვითარდა და მას სწორედ ბერიამ დაუდო სათავე. ბერიას მიერ მოფიქრებული ეს ეშმაკობა ქართულ საქმეს ემსახურებოდა. შემდგომ კი ამან ტრანსფორმაცია განიცადა, მახინჯი ფორმები მიიღო და ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა