რა საიდუმლო გაიგო სტალინმა რუზველტზე იალტის კონფერენციის მიმდინარეობისას
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 22.07, 2021 წელი

იოსებ სტალინი რომ ძალიან მკაცრი პოლიტიკოსი იყო და ოპონენტებს ყოველთვის სუსტ ადგილებში ურტყამდა, საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია. თუმცა, საბჭოთა ბელადს უნარი შესწევდა, როცა საჭირო იყო, ოპონენტებთან მიმართებაში არაჩვეულებრივად თანამგრძნობი და ჰუმანური ყოფილიყო და „წელს ქვემოთ“ დარტყმისგან თავი შეეკავებინა. პუბლიცისტი პლატონ დეიანოვი წერს: „იოსებ სტალინმა იმით გაითქვა სახელი, რომ ოპონენტებს ყოველთვის სუსტ წერტილებში ურტყამდა და კომპრომატებს ყოველთვის მოხერხებულად იყენებდა.
ძველი ბოლშევიკები ერთხმად ამბობდნენ: ღმერთმა არ ქნას „კობამ“ (სტალინმა) ჩვენზე რაიმე მცირედი კომპრომატი მოიპოვოს ან თუნდაც შეიტყოს, ვის რომელი კბილი სტკივაო. სტალინი ჩვენს კბილის ტკივილსაც კი ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებსო. ამ ფრაზით ისინი პოლიტიკური ბრძოლის დროს სტალინის დაუნდობლობას უსვამდნენ ხაზს და ეს არც თუ ისე შორს იყო ჭეშმარიტებისგან. მით უმეტეს, რომ სტალინის ზოგიერთი ოპონენტი საერთოდ არანაირი ეთიკის ნორმებს არ იჩენდა მოწინააღმდეგის მიმართ, თუნდაც, ლენინი და ტროცკი. ასეთ მძიმე და დაუნდობელ ბრძოლაში ჩაიარა რევოლუციამდელმა პერიოდმა. უფრო მძიმე ვითარება იყო ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და ამ საშინელ ბრძოლაში სტალინმა გაიმარჯვა.
ამის შესახებ შესანიშნავად უწყოდნენ სტალინის კოლეგებმა, კაპიტალისტური ქვეყნების მეთაურებმა და „წითელ იმპერატორთან“ (სტალინთან) ყოველთვის ფრთხილობდნენ. სტალინს დაუნდობელი ადამიანის იმიჯი შეექმნა და როდესაც ჩერჩილი და რუზველტი საბჭოთა ბელადთან ურთიერთობდნენ, მათ იცოდნენ, რომ „ძია ჯო“ (ასე ეძახდნენ სტალინს რუზველტი და ჩერჩილი ერთმანეთში) მათ მცირე წაფორხილებასაც არ აპატიებდა. ვიაჩესლავ მოლოტოვი: „რა გასაკვირია, რომ სტალინი მკაცრი პოლიტიკოსი ყოფილიყო; უხეშიც კი, მით უმეტეს იმ წლებსა და იმ გარემოში. ამ შემთხვევაში მე საერთაშორისო პოლიტიკას ვგულისხმობ. ჰიტლერზე, მუსოლინისა და ფრანკოზე რომ არაფერი ვთქვათ, საჩუქარი არც ჩერჩილი იყო, არც დე გოლი და არც რუზველტი. სტალინი ამბობდა, ღმერთმა არ ქნას, ძილის დროს თითი გარეთ დაგრჩეს, რომ ჩერჩილი მოგეპარება და მოგაკვნეტსო. ამ ხუმრობით სტალინი ხაზს უსვამდა ჩერჩილის უკომპრომისობასა და დაუნდობლობას. იმავდროულად, ანალოგიური აზრის იყო ჩერჩილი სტალინზე. ანუ მათ იცოდნენ ერთმანეთის ბუნება და წინასწარ ემზადებოდნენ ხოლმე უკომპრომისო ბრძოლისთვის, თუმცა მაინც ყოველთვის სტალინი იმარჯვებდა. და იცით, რატომ? ჩემი ღრმა რწმენით, იმიტომ რომ სტალინს მთელი მისი პრაგმატიზმის მიუხედავად, საჭირო მომენტში ადამიანური, აპოლიტიკური მიდგომა ჰქონდა ოპონენტთან და ეს მას უპირატესობას ანიჭებდა. ძალიან ნიშანდობლივია ერთი ისტორია, რომელიც იალტის კონფერენციის მიმდინარეობისას მოხდა და რუზველტს უკავშირდება...“
იალტის კონფერენცია 1945 წლის 4-11 თებერვალს გაიმართა. მასზე, სტალინმა, ჩერჩილმა და რუზველტმა, ფაქტობრივად, მსოფლიო გაიყვეს. ეს კონფერენცია რუზველტის „გედის სიმღერა“ აღმოჩნდა, რადგან 2 თვის შემდეგ, 12 აპრილს, რუზველტი გარდაიცვალა. კონფერენციის მსვლელობისას, 6 თებერვალს, სტალინმა რუზველტს შესთავაზა წყალტუბოში ერთი ღამით გამგზავრება და აბაზანის მიღება. მიშა თევდორაძე ასე გადმოსცემს ამ ამბავს: „5 თებერვალს, საღამოს სხდომა რომ დასრულდა, სტალინი რუზველტს აპარტამენტებში ესტუმრა და პირდაპირ უთხრა: ბატონო პრეზიდენტო, მეც, ისევე როგორც თქვენ, რევმატიზმები მაწუხებს. გთავაზობთ იალტიდან 20 კილომეტრში ჩემთან ერთად გამგზავრებას და მინერალური აბაზანების მიღებას, რაც ორივეს მოგვიხდება.
რუზველტი სტალინს დაეთანხმა. დილით ისინი გაემგზავრნენ და აბაზანები მიიღეს. საღამოს კი იალტაში დაბრუნდნენ.“
აბაზანების მიღებას ცნობილი საბჭოთა ექიმი, ევგენი ტარეევი ადევნებდა თვალ-ყურს. მან რუზველტიც გასინჯა და მიხვდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, სულ რაღაც, ორი თვის სიცოცხლე დარჩენოდა. აკადემიკოსი ევგენი ტარეევი ჰყვებოდა: „შეიძლება, ითქვას, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ რუზველტი აპრილის შუა რიცხვებამდე თუ იცოცხლებდა. ეს ინფორმაცია პირადად სტალინს ვაუწყე და შევნიშნე, რომ ძალიან ეწყინა...“
საგულისხმოა, რომ სტალინს ეს ინფორმაცია სხვებისთვის არ გაუმხელია და ვინც იცოდა, ყველა მკაცრად გააფრთხილა, არავისთვის ეთქვათ. ხოლო როდესაც ის სამშობლოში მიემგზავრებოდა, სტალინმა პირადად გააცილა და დიდხანს და თბილად ემშვიდობებოდა.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან