რა როლისთვის გამოიყენა ბერიამ „ინტერპოლი“
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 28.07
ლავრენტი პავლეს ძე ბერია საიდუმლო სპეცოპერაციების დაგეგმვისა და ჩატარების დიდოსტატი იყო, სწორედ ამიტომ უწოდა მას ალან დალესმა „დაზვერვის გენია“.
ბორის სოკოლოვი: „1938 წლის მიწურულს ლავრენტი ბერიამ სტრატეგიული დაზვერვის ფორმირებას მოჰკიდა ხელი და საკმაოდ მოკლე დროში უდიდეს წარმატებასაც მიაღწია. ყველა მნიშვნელოვან ქვეყანაში 1940 წლის მიწურულისთვის ბერიას, როგორც მინიმუმ, ორი უძვირფასესი „წყარო“ ჰყავდა და უმაღლესი ხარისხის სტრატეგიულ ინფორმაციას იღებდა. ამის პარალელურად, ბერიამ ოპერატიულ მზვერავთა ფართო ქსელი შექმნა და ეს ქვედანაყოფი „ინტერპოლის“ ქოლგის ქვეშ მოაქცია. ანუ, ბერიამ თავისი ოპერატიული თანამშრომლები საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის რიგებში ჩანერგა. ეს კი საშუალებას იძლეოდა, რომ ისინი დაუბრკოლებლად გადაადგილებულიყვნენ ევროპის ტერიტორიაზე და თავიანთი სადაზვერვო საქმიანობა ადვილად განეხორციელებინათ. მით უმეტეს, მოგებიანი იყო ეს ღონისძიება, რადგან ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინა ბერლინში მდებარეობდა. შემდგომ ის პარიზში გადაიტანეს და ეფექტური მუშაობა წამითაც არ შენელებულა“.
გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის რიგებში ჩვენი აგენტურის არსებობა ძალიან ეფექტური იყო. გარდა ინფორმაციის მოპოვებისა, ჩვენს აგენტებს ფართო შესაძლებლობები ჰქონდა დივერსიული საქმიანობის საწარმოებლად. სხვათა შორის, როდესაც შორეულ მექსიკაში ტროცკის ლიკვიდაციის ოპერაცია განხორციელდა, მასში მნიშვნელოვანი როლი ორმა ჩვენმა „ინტერპოლელმა“ აგენტმა შეასრულა. მათ უზრუნველყვეს სათადარიგო ჯგუფის დაზღვევა და საჭიროების შემთხვევაში, თუკი მერკადორი ტროცკის ლიკვიდაციას ვერ მოახერხებდა, მაშინ ამ ჯგუფს უნდა განეხორციელებინა ვილაში იერიშით შეჭრა და ტროცკის ლიკვიდაცია, რაც საბოლოო ჯამში საჭირო აღარ გახდა“.
სწორედ ლავრენტი ბერიას ინიციატივით შეიქმნა, ეგრეთ წოდებული, ლიკვიდატორთა განყოფილება 1939 წელს, რომელიც მთელი ომის განმავლობაში მოქმედებდა და არაერთი ბობოლა ფაშისტი ფუნქციონერი გამოასალმა სიცოცხლეს. სწორედ ბერიას უშუალო მითითებით მოქმედებდა დასავლეთ უკრაინაში ცნობილი საბჭოთა მზვერავი ნიკოლაი კუზნეცოვი. ის და მისი ჯგუფი შიშის ზარს სცემდა ფაშისტებს და მათ გარეთ ცხვირის გამოყოფისაც კი ეშინოდათ.
პავლე სუდოპლატოვი: „ეგრეთ წოდებული „შურისმაძიებლების“ კონცეფცია თავიდან ბოლომდე ლავრენტი ბერიას მიერ იყო შემუშავებული, ყოველმხრივ დახვეწილი და რომ იტყვიან, ხელოვნების დონეზე აყვანილი. ეს არ იყო უბრალო ცივსისხლიანი მკვლელობები ან უხვსისხლიანი ტერორისტული აქტები, ეს იყო სამართლიანი შურისძიება მტრის მიმართ, რომელიც გასანადგურებლად იყო მოსული. სწორედ ამ სულისკვეთებით ხორციელდებოდა შემსრულებლების შერჩევა-გაწვრთნა და ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო საბჭოთა კავშირის გმირი, ნიკოლაი ივანეს ძე კუზნეცოვი, რომელიც ფაშისტების ზურგში პაულ ზიბერტის სახელით მოქმედებდა. სხვათა შორის, კუზნეცოვისთვის გმირობის მინიჭების ბრძანება ბერიამ საკუთარი ხელით დაწერა და შემდგომ ის სტალინს წარუდგინა, რომელმაც უსიტყვოდ დაამტკიცა კიდეც.“
ბორის სოკოლოვი: „მიუხედავად იმ უზომო სისასტიკისა და დაუნდობლობისა, რასაც ბერია მტრებისა და მოღალატეების მიმართ იყენებდა, თავისიანებს ის არასდროს ღალატობდა. მეტიც, ბერია ყოველთვის მზად იყო, მკერდით გადაჰფარებოდა თავის ხელქვეითს, თუკი მას უსამართლოდ მოექცეოდნენ. სწორედ ლავრენტი ბერიას დამსახურებაა პავლე სუდოპლატოვისა და ნაუმ ეიტინგონის გადარჩენა. როცა სტალინმა ბერია მოსკოვში გადაიყვანა სამუშაოდ, მაშინ ეს ორი მზვერავი ციხეში იჯდა და ეჟოვი მათ დასახვრეტად ამზადებდა. ბერიამ კი, სწორედ რომ, სულზე მიუსწრო. შეისწავლა რა ორივეს საქმე, პირდაპირ სტალინს ეახლა და მათი გათავისუფლება სთხოვა. არადა, ეჟოვი ჯერ კიდევ „ენკავედეს“ უფროსი იყო, დიდი ძალა ჰქონდა, ბერია კი მხოლოდ და მხოლოდ მისი (ეჟოვის) მოადგილე. თუმცა, ბერიამ ბელადი დაარწმუნა პავლე სუდოპლატოვისა და ეიტინგონის პატიოსნებაში. ციხიდან გამოაშვებინა და ორივე მაღალ თანამდებობაზე დაანიშნინა. კურიოზული კი ის იყო, რომ ბერია არცერთ მათგანს არ იცნობდა. სუდოპლატოვიცა და ეიტინგონიც ლუბიანკაზე, შინაგან ციხეში, სარდაფში ისხდნენ და როგორც კი ციხიდან გამოვიდნენ, ბერიასთან მიიყვანეს. სწორედ მაშინ გაიცნო ბერიამ ორივე მათგანი, ესაუბრა და იქვე შეადგინა მათი დანიშვნის ბრძანებები, რის საწინააღმდეგოდაც ეჟოვმა სიტყვაც კი ვერ დაძრა. სულ მალე კი ბერიამ მისი ადგილიც დაიკავა და „ენკავედეს“ უფროსი გახდა.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან