ბელადები

რა რეფორმები გაატარა ბერიამ „ენკავედეში“ მისვლისთანავე

№8

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 05.03, 2023 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია მრავალმხრივი ადამიანი იყო და მისი ცალსახად შეფასება ამ ადამიანის პორტრეტს სრულად ვერ დაგვიხატავს. ამიტომ, ბერია კომპლექსურად უნდა შევაფასოთ, რაშიც მისი გაკეთებული საქმეები დაგვეხმარება.

მწერალი ბორის სოკოლოვი: „მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ლავრენტი პავლეს ძე ბერია ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო. მან შექმნა ეპოქა და ის ყოველგვარი სიკეთისა და ბოროტების მიღმა იდგა, ისევე, როგორც სტალინი. სხვათა შორის, ამას ვერ ვიტყვით მათ კოლეგებზე – ხრუშჩოვზე, თუნდაც, მოლოტოვზე და სხვებზე. ისინი, ცალსახად, მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ და შემოქმედებითი მათში, ფაქტობრივად, არც კი იყო. აი, ბერია კი სულ სხვა ფენომენია. მის ყველა საქმეში შემოქმედებითობის, ინოვაციის სული იგრძნობა და ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ ამიტომაც გამოსდიოდა მას ყველა საქმე უმაღლეს დონეზე. ლავრენტი პავლოვიჩს საგნებისა და მოვლენების ხედვის უნიკალური და განსაკუთრებული უნარი ჰქონდა. რასაც ის აკეთებდა, ჯერ კარგად გაერკვეოდა ამ საქმის არსში და მერე მოქმედებდა. ამასთან, მას შეეძლო სრულიად სხვა, იმ მომენტში მისთვის უცხო საქმის არსში სწრაფად ჩაწვდომა, შემდგომ კი მოქმედება. მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ როდესაც სტალინმა ბერიას ატომური პროექტი ჩააბარა, ბერია უმოკლეს დროში გაერკვა ფიზიკაში და საკმაოდ კომპეტენტურიც გახდა. თუმცა იმ საქმისთვის, რაც მას უნდა გაეკეთებინა, ეს დისციპლინა სულაც არ სჭირდებოდა.“

ლავრენტი ბერია რომ უმაღლესი ინტელექტის მქონე ადამიანი იყო, რა თქმა უნდა, წყალი არ გაუვა. მაგრამ ამ კაცს უდიდესი, შეიძლება ითქვას, უშრეტი ენერგიაც ჰქონდა და სწორედ ეს აძლევდა მას უდიდეს შესაძლებლობებს მიზნის განხორციელებისა და საქმის შესასრულებლად..

ლავრენტი ბერიას ვაჟი, სერგო ბერია იხსენებს: „სტალინის შრომისუნარიანობასა და ენერგიულობაზე სასწაულები მსმენია. მართალია, ეს ჩემი თვალით არ მინახავს, მაგრამ მჯერა. მით უმეტეს, იმიტომ, რომ მამაჩემიც ძალიან ენერგიული ადამიანი იყო და რომ იტყვიან, ყველაფერს ასწრებდა. მამას შეეძლო, 3-4 ღამე გადაბმულად არ სძინებოდა, შეუჩერებლად ემუშავა და ეს მის საქმეზე არანაირად არ აისახებოდა, ყველაფერს უმაღლეს დონეზე ასრულებდა. ომის დროს კი ასეთი 3-4 დღე ყოველკვირეულად ჰქონდა. ნიშანდობლივია ისიც, რომ მამაჩემს, საქმეებიდან გამომდინარე, დროის მოკლე მონაკვეთში უზარმაზარი მანძილის გადალახვა უწევდა და მგზავრობის დროსაც ინტენსიურად მუშაობდა.“

სტალინის მითითებით, ავიაკონსტრუქტორმა ტუპოლევმა ბერიასთვის სპეციალური, მოდერნიზებული თვითმფრინავი დაამზადა. ის, ფაქტობრივად, სამხედრო თვითმფრინავის სისწრაფეს ავითარებდა და მხოლოდ მცირე სალონი ჰქონდა, სადაც 8 დამიანი გაჭირვებით თავსდებოდა. სწორედ ამ თვითმფრინავით მოძრაობდა ბერია პროსაბჭოთა ევროპასა და საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე. მაგალითად, ბერია შესაძლოა, დილით ბალტიისპირეთში ყოფილიყო, საღამო ჟამს – ურალში, ღამით კი – კავკასიაში. როგორც მისი ვაჟი წერდა, ლავრენტი ბერია, მართლაც რომ, ყველგან ყველაფერს ასწრებდა და რაც მთავარია, ყველა საქმეს ყოველთვის ხარისხიანად ასრულებდა.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ბერია უენერგიულესი ადამიანი იყო და განსაკუთრებული შრომისუნარიანობით გამოირჩეოდა. ის იყო უპირველესი რეფორმატორი და თავის მდიდარ იდეებს ენერგიისა და გონების წყალობით, ძალიან ეფექტურად ახორციელებდა. აი, მაგალითად, როდესაც ის „ენკავედეს“ უფროსად დაინიშნა, ამ ორგანიზაციაში ბევრი რამე შეცვალა. რეფორმები ორი სახის იყო. სოციალურ-ეკონომიკური და პროფესიული. პირველი – ბერიამ ხელფასები გააორმაგა და რომ იტყვიან, ჩაგვაცვა და გამოგვკვება. მეორე – მან შექმნა „ენკავედეს“ სპეციალური დანიშნულების არმია, რომელსაც ნებისმიერი ამოცანის შესრულება შეეძლო. უშიშროების მუშაობაში კი მეცნიერებიც ჩართო და ამ საქმიანობას ფუნდამენტად მეცნიერული საფუძვლები დაუდო. მაგალითად, როდესაც სპეცოპერაციის გეგმა დგებოდა, მასში ფსიქოლოგიური ასპექტებიც იყო გათვალისწინებული და ფაქტობრივად, ასპროცენტიანი შედეგი გვქონდა. ანუ, წინასწარ ხორციელდებოდა მოწინააღმდეგის, ოპონენტის ფსიქოანალიზი და ჩვენი მოქმედებები ამაზე იყო დამყარებული. ესე იგი, ჩვენი მოქმედება ყოველთვის ღრმად გააზრებული და კარგად მომზადებული იყო. დღეს ეს მეთოდები ყველა მოწინავე ქვეყანამ დანერგა. ჩვენ კი, ბერიას წყალობით, ამაში პირველები ვიყავით.“

სხვათა შორის, ფსიქოლოგიური ომი, ეს ტერმინი (მათ შორის მოქმედების შინაარსიც) ლავრენტი ბერიას მიერაა მოფიქრებული და დანერგილი, თუმცა მას ამერიკელებს მიაწერენ, რაც არასწორია. ბერიას მთელი კონცეფცია ჰქონდა შემუშავებული ამასთან დაკავშირებით. მეტიც, სამსახურებრივი მოხმარებისთვის მცირე ბროშურაც კი დაიბეჭდა და მასში ასახულ მომენტებს ომის დროს დიდი წარმატებით იყენებდნენ პარტიზანები, შემდგომ კი – სპეცდანაყოფები.

გენერალი პავლე ფიტინი: „ლავრენტი ბერია მოვლენა იყო მსოფლიო ისტორიაში. ძირითადად, მას ბოროტ გენიად ხატავენ, თუმცა ეს სადავო საკითხია და ამ საკითხზე მე ჩემი მოსაზრება მაქვს. ფაშიზმი რომ ბოროტება იყო, ამაზე ყველა თანხმდება. ფაშიზმის დამარცხებაში კი ბერიას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი და თუკი კაცმა ბოროტება დაამარცხა, მაშინ ის როგორაა ბოროტი?.. ამაზე დაფიქრება ნამდვილად ღირს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა