ბელადები

რა რეფორმა მიაღებინა ბერიამ პოლიტბიუროს

№26

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 07.07

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია საბჭოთა სისტემის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურა იყო. მისი ნამდვილი ბიოგრაფია დღემდე ბოლომდე არაა გამოკვლეული, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რაც ამ ადამიანზეა ცნობილი, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ის იყო ძალიან არაორდინარული ადამიანი, რომელიც თამამად იღებდა გადაწყვეტილებებს.

ბორის სოკოლოვი: „თამამი გადაწყვეტილებების მიღება სტალინურ სახელმწიფოში თავად ბელადის ხელდასხმის გარეშე ასპოროცენტიანი სიკვდილის ტოლფასი იყო. ასე იყო დაწესებული და ამას ვერავინ გადაუხვევდა. ერთადერთი ლავრენტი ბერია იყო გამონაკლისი, რომელიც ამ წესს არღვევდა. ბერია ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეშივე იღებდა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს. მაგრამ ისინი ისეთი მნიშვნელოვანი და სწორი იყო, რომ ბელადს სხვა არაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ შეექო. ბერია ყოველივე ამას გადაუდებელი აუცილებლობით ფუთავდა და რაც მთავარია, საქმე ასი პროცენტით კეთდებოდა. ბელადს კი სწორედ ეს სურდა და ამიტომაც სწყალობდა „ზოგჯერ დამოუკიდებლად მოქმედ“ საქმის გამკეთებელ ლავრენტი ბერიას.

სტალინს ბერია ხშირად მაგალითად მოჰყავდა და სხვა ხელქვეითებს პირდაპირ ეუბნებოდა: აი, ასე უნდა მუშაობაო. სწორედ აქედან გამომდინარე დააწინაურა სტალინმა ის საკავშირო „ენკავედეს“ უფროსად, რადგან „დიდი ომი“ კარს იყო მომდგარი და ბელადს ძლიერი სპეცსამსახური სჭირდებოდა. ბერიამ კი, როგორც მას სჩვეოდა, ამ საქმეშიც შემოქმედებითი, ინოვაციური უნარი გამოიჩინა და სტალინის მიერ დასმული ამოცანა ორასპროცენტიანი გადაჭარბებით შეასრულა. საგულისხმო ფაქტია ის, რომ ბერია თავისი მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, წინასწარ გათვლიდა ხოლმე, თუ რა დავალება შეიძლებოდა მიეცა სტალინს მისთვის, ყოველთვის მომზადებული ხვდებოდა და ეფექტურადაც ახორციელებდა მათ.“

იაკობ კედმი: „ძალიან საინტერესო ისტორიაა ატომური ბომბის პროექტის დასაწყისი, რომელიც თავდაპირველად ვიაჩესლავ მოლოტოვს ჰქონდა დავალებული. ნიკოლაი ვლასიკის მონათხრობი რომ „გავაცოცხლოთ“, ეს ასე მოხდა – კუნცევროში სტალინმა ბერია იხმო და მკაცრად ჰკითხა:

– როდის იქნება ბომბი?

– ამხანაგო სტალინ, მე ამ საკითხით არ ვყოფილვარ დაკავებული, თქვენ ხომ ის მოლოტოვს დაავალეთ, – უპასუხა ბერიამ.

– მერედა, რატომ არ დაინტერესდი?

ბერიამ პაუზა გააკეთა და ბელადს უთხრა:

– დავხვრიტო მოლოტოვი?

– და რას მოგვცემს ეს?

– კურჩატოვი? – იკითხა კვლავ ბერიამ.

სტალინმა გამჭოლი მზერა მიაპყრო ბერიას და უთხრა:

– დღეიდან ამ პროექტს შენ ჩაიბარებ. კურჩატოვს ჯერჯერობით ხელი არ ახლო და როგორც შენ გჩვევია, აიძულე ფიზიკოსები, რომ მთელი დატვირთვით ამუშავდნენ და ბომბი დამიდე!

ბერიას არა მარტო წინასწარ ჰქონდა გათვლილი ის, რომ სტალინი განრისხდებოდა და უკმაყოფილებას გამოთქვამდა მოლოტოვის მიმართ, არამედ თავად ატომური ბომბის დამზადების მთელი სტრუქტურული აგენტურული სქემაც ჰქონდა მომზადებული. ბერია იმ წამიდანვე შეუდგა ამ გეგმის განხორციელებას და ოთხ წელიწადში საბჭოთა კავშირი ატომურ-ბირთვული სახელმწიფო გახდა.“

ბორის სოკოლოვი: „მიუხედავად იმისა, რომ ბერია სტალინის დავალებების ყველაზე ზუსტი, უზადო შემსრულებელი იყო, სწორედ ბერიამ დაიწყო შეფარულად სტალინის კულტის, ასე ვთქვათ, დემონტაჟი. ბელადის გარდაცვალებიდან სამი კვირის თავზე, ბერიას მითითებით, კრემლში გამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო, ეგრეთ წოდებული, „ექიმთა საქმე“, რომელიც პირდაპირ სტალინის პრესტიჟს ურტყამდა. ექიმები კი ბერიამ სტალინის სიკვდილიდან ერთ კვირაში გამოუშვა. ყველაზე მთავარი, შეფარული ბერიასეული კომბინაცია კი ის იყო, რომ ბერიამ პოლიტბიუროს მიაღებინა დადგენილება, მოკავშირე რესპუბლიკებში ეროვნული ენის სტატუსის დამტკიცების თაობაზე. ანუ ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში საქმის წარმოება ადგილობრივ ენაზე უნდა გადასულიყო. საქართველოში – ქართულად, აზერბაიჯანში – აზერბაიჯანულად და ასე შემდეგ. თქმა და განხორციელება ერთი იყო. ყველა რესპუბლიკამ უმალვე გადაიყვანა ყველაფერი მშობლიურ ენაზე, რითაც რუსული ენა იგნორირდებოდა. ეს განსაკუთრებით ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში იგრძნობოდა. ამ ქვეყნების ადგილობრივმა მოსახლეობამ არა მარტო რუსული ენა დააიგნორა და არავინ ლაპარაკობდა რუსულად, არამედ თავად რუსი ეროვნების ადამიანების განდევნა დაიწყეს და რუსები მასობრივად ტოვებდნენ ამ ქვეყნებს. სწორედ რომ, დროზე მოუსწრო რუსებს ბერიას მკვლელობამ და ძალიან მალე ყველგან ყველაფერი ძველ რელსებზე დაბრუნდა. რუსები კვლავ დომინანტები გახდნენ. ბერიას კი ფალსიფიცირებულ სასამართლოზე ეროვნებათაშორის შუღლის გაღვივებაში დასდეს ბრალი. სავარაუდოდ, ბერია ამ ნაბიჯით ერთპიროვნული მმართველობისთვის ემზადებოდა და საამისოდ მოკავშირე რესპუბლიკების მხარდაჭერა სჭირდებოდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული