ბელადები

რა ორეტაპიანი ოპერაცია განახორციელეს ანგლო-საქსებმა სტალინის წინააღმდეგ

№40

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 10.10

სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ძალიან მკაცრი და ზოგ შემთხვევაში, სასტიკი მმართველი იყო. მის სახელმწიფოში ასევე საკმაოდ მკაცრი სამართლებრივი სისტემა ფუნქციონირებდა და დადგენილი კანონები სრულდებოდა კიდეც.

არსენ მარტიროსიანი: „სტალინის პიროვნების შეფასებისას მას ტირანსა და დიქტატორს უწოდებდნენ და მე ეს უმართებულოდ მიმაჩნია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობა შეიქმნა. ყველაფერს გამკლავება და საკუთარ ადგილზე დაყენება სჭირდებოდა და ამისთვის მარტო ძლიერი პიროვნება არ კმაროდა. საჭირო იყო შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნა და სტალინმა ეს წარმატებით მოახერხა – მან საბჭოთა კანონები დროსა და გარემოებებს მოარგო. მათ შემსრულებლად კი მკაცრი, მცოდნე ადამიანები დანიშნა და ამან გაამართლა კიდეც. ნიშანდობლივია, რომ სტალინური სახელმწიფოს კანონები არაფერში ეწინააღმდეგებოდა არც საყოველთაოდ აღიარებულ რომის სამართალს, ასევე იმ პერიოდის საერთაშორისო კანონმდებლობას და ბევრად უფრო ჰუმანური იყო სხვა ქვეყნების კანონებთან შედარებით. მაგალითად, საბჭოთა კანონებში შეერთებული შტატების კანონებისგან განსხვავებით, აკრძალული იყო რასიზმი, ნაციონალიზმი (გერმანიისგან განსხვავებით) და ასეთი დარღვევები უმკაცრესად ისჯებოდა. ანუ კანონის წინაშე სტალინურ სახელმწიფოში ყველა თანაბარი იყო. მიუხედავად ამისა, ბურჟუაზიული მკვლევარ-პუბლიცისტები სტალინურ კანონებს დრაკონულს უწოდებენ, რაც აბსურდია“.

დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინის კრიტიკა დასავლელი მკვლევრების მხრიდან, ძირითადად, იდეოლოგიური კუთხით მიმდინარეობს და სწორედ ამაზეა მიბმული მთელი კამპანია. ეს ადამიანები სტალინს საარჩევნო სისტემას უწუნებდნენ, თუმცა არც ეს სისტემა ჩამორჩებოდა ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის მსგავს ანალოგს. მეტიც, სიცოცხლის ბოლო წლებში სტალინი აქტიურად მუშაობდა საბჭოთა პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესებაზე და პირადად მოამზადა კანონი საბჭოთა პარლამენტის შესახებ, ანუ საბჭოთა ბელადს გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში კლასიკური საბჭოთა პარლამენტი უნდა შეექმნა. ამისთვის კი არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიეღოთ სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მათ წარმომადგენელი უნდა ჰყოლოდათ საბჭოთა საკანონმდებლო ორგანოში. ეს კი, ფაქტობრივად, მრავალპარტიულობის დაშვებას ნიშნავდა. მართალია, ოფიციალურად მრავალპარტიულობაზე იქ (კანონპროექტში) არაფერი იყო ნათქვამი და კომუნისტური პარტია კვლავ ერთადერთ და წამყვან პოლიტიკურ ძალად მიიჩნეოდა, მაგრამ ეს იყო ერთგვარი სტალინური კომუფლაჟი და გზა მრავალპარტიულობისკენ.“

არსენ მარტიროსიანი: „სტალინი ჭკვიანი, შორსმხედველი ადამიანი იყო და კრგად უწყოდა, რომ ერთპარტიულობა, საბოლოო ჯამში, ზიანს მოუტანდა სახელმწიფოს და საჭირო იყო ახალი სისხლის გადასხმა ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში. თუმცა, ერთბაშად კომუნისტური პარტიის როლის მკვეთრი იგნორირება დიდ საფრთხესთან იყო დაკავშირებული. სტალინმა ეს იცოდა და პოლიტიკური კომუფლაჟი ამიტომ მოიშველია, მაგრამ არ დასცალდა. დიდი ალბათობით, პოლიტბიუროს წევრების უმრავლესობამ ბელადის ჩანაფიქრი ამოიცნო და მას შეთქმულება მოუწყვეს.“

იაკობ კედმი: „მიუხედავად იმისა, რომ სტალინი აბსოლუტური ძალაუფლებით სარგებლობდა და ხელში მთელი პარტიულ-მმართველი აპარატი ეჭირა, პირდაპირ ცვლილებებს მაინც მოერიდა, მაგრამ არც ასეთმა ეშმაკობამ უშველა. ათწლეულების განმავლობაში პარტიულ ინტრიგებში გამოწრთობილმა ხელქვეითებმა ამოიცნეს პატრონის ჩანაფიქრი და ის საიქიოში გაისტუმრეს. ისტორიული ანალიზისა და ფაქტების შეჯამების შედეგად აშკარად დასტურდება ის, რომ ანტისტალინურ შემოქმედებას ხრუშჩოვი ხელმძღვანელობდა და ის ორი ეტაპისგან შედგებოდა. პირველი – თავად სტალინის მოშორება თავიდან და მეორე – ბერიას ლიკვიდაცია. ეს გეგმა წარმატებით შესრულდა და ვფიქრობ, რომ ამ გეგმაში ხრუშჩოვი მხოლოდ შემსრულებელი და შემსრულებელთა მეთაური იყო, ხოლო გეგმის შემდგენელ-კოორდინატორი კი სულ სხვა ვინმე, დიდი ალბათობით, საზღვარგარეთის დაზვერვაზე მომუშავე ადამიანები. თავდაპირველად მე და ჩემი ვარაუდის მომხრეები ვფიქრობდით, რომ ასეთი ადამიანი ბერია იყო და რომ ბერიას ლიკვიდაცია გეგმით არ იყო გათვალისწინებული. თუმცა, დამტკიცდა, რომ ბერიას სტალინის ლიკვიდაციაში მონაწილეობა არ მიუღია და ეს ვერაგული ღალატი მის გარეშე ჩატარდა და თავად ბერიაც შეიწირა... ჩემი აზრით, ხრუშჩოვ-ჟუკოვის ჯგუფს მართავდნენ ანგლო-საქსური დაზვერვის მესვეურები და ეს ორეტაპიანი ოპერაცია მათი პატრონაჟით განხორციელდა. ხოლო ამ ჯგუფის დათანხმებას ხელი შეუწყო სტალინის მიერ საბჭოთა პარლამენტის შექმნის მცდელობამ. პირველი ნამდვილი თავისუფალი არჩევნები 1953 წლის სექტემბერში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, ჯერ სტალინი მოსპეს, შემდგომ ბერია და ამ არჩევნების შესახებ სიტყვაც კი არასდროს არავის დაუძრავს, თვით „პერესტროიკის“ დროსაც. სამწუხაროდ, ასე მოხდა და სტალინი შეეწირა საბჭოთა კავშირის დემოკრატიისა და კომუნისტური პარტიის როლის შემცირების მცდელობას. ამას კი, საბოლოო ჯამში, დიდი ქვეყანაც გადაჰყვა.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა