ბელადები

რა ოპერაციას ამზადებდა სტალინი ჰიტლერის წინააღმდეგ 1942 წლის დასაწყისისთვის

№30

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 05.08, 2021 წელი

სტალინი ფოტო
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი, ფაქტობრივად, შეუმცდარი პოლიტიკოსი იყო. თუმცა, მავანნი მას არაერთ შეცდომას მიაწერენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება... ისტორიკოს-პუბლიცისტი ვიქტორ ეფრემოვი წერს: „მთელ რიგ მკვლევრებსა და პუბლიცისტებში გაბატონებულია აზრი, რომ თითქოს 1941 წლის 22 ივნისის ვერაგული თავდასხმა საბჭოთა კავშირზე სტალინის შეცდომის შედეგი იყო. შეცდომაში კი მას იმას უთვლიან, რომ თითქოს სტალინმა აუკრძალა „წითელი არმიის“ მესვეურებს ჯარის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა, რაც მტკნარი სიცრუეა... ვიაჩესლავ მოლოტოვი: „სტალინს მსგავსი არაფერი ჩაუდენია. პირიქით, მისი ბრძანებით, „წითელ არმიაში“ გამოცხადებული იყო საბრძოლო მზადყოფნა ¹1. უბრალოდ, სტალინს მკაცრად ჰქონდა არმიის მეთაურებისთვის ნაბრძანები, რომ არც ჩვენი მხრიდან ჰქონოდა პროვოკაციას ადგილი და არც ფაშისტების პროვოკაციას წამოგებოდნენ. ხოლო მტრის შეტევის მოგერიება და სამშობლოს დაცვა ჯარისკაცისთვის არავის აუკრძალავს. მით უმეტეს, სტალინს.“

არსებობს, ასევე მცდარი მოსაზრება, რომ თითქოს დაზვერვა სტალინს ომის დაწყების ზუსტ თარიღს ატყობინებდა და ბელადი კი ამას უგულებელყოფდა, ანუ, არ სჯეროდა. ესეც ტყუილია, პირიქით, სტალინი უდიდესი ყურადღებით სწავლობდა მსგავს ცნობებს და სათანადო რეაგირებაც ჰქონდა მათზე. საბჭოთა ბელადი შესაბამის სტრუქტურებს ავალებდა ზუსტი ანალიზის გაკეთებას და ნაწილობრივ მათზე დაყრდნობითაც იღებდა როგორც პოლიტიკურ, ასევე სამხედრო გადაწყვეტილებებს. საბჭოთა საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი პავლე ფიტინი იხსენებდა: „სტალინთან ომის წინა პერიოდში ძალიან დიდი ინფორმაციის ნაკადი მიდიოდა ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით. იმართებოდა ხანგრძლივი ანალიტიკური გარჩევები და სტალინი ათასჯერ წონიდა თითოეულ ფაქტს. მას არ უნდოდა, ჰიტლერისთვის ომის დაწყების საბაბი მიეცა და დროს იგებდა. 1941 წლის 20 ივნისს, ანუ ომის დაწყებამიდე ორი დღეც არ იყო დარჩენილი, კვლავ სტალინის კაბინეტში შევიკრიბეთ, ძირითადად, სამხედროები. მათ შორის იყო სამხედრო დაზვერვის („გრუ“) ხელმძღვანელი ფილიპ გოლიკოვი. მე სტალინს ზორგეს ინფორმაცია გავუმეორე, რომ 22 ივნისს, დილის 4 საათზე ჰიტლერი ომს დაგვიწყებდა. სტალინმა ჟუკოვსა და ტიმოშენკოს უთხრა, რომ (უფრო სწორად შეახსენა) მთელი არმია სრულ მზადყოფნაში ყოფილიყო. ამ დროს სიტყვა ფილიპ გოლიკოვმა მოითხოვა და თქვა:

– ამხანაგო სტალინ, ეს დეზინფორმაციაა და უახლოეს ხანში ჰიტლერი თავს ვერ დაგვესხმება.

– რატომ? – იკითხა სტალინმა.

– იმიტომ, რომ ისინი არც კი ფიქრობენ, არმია ზამთრის კამპანიისთვის მოსამზადებელ ეტაპზე გადაიყვანონ. მათ არც თბილი სამოსისთვის საჭირო პროდუქცია, ცხვრის ბეწვი მოუმარაგებიათ და არც ზამთარში აუცილებელი იარაღის ზეთი, – საკმაოდ არგუმენტირებულად დაუსაბუთა სტალინს გოლიკოვმა.

– იქნებ, ისინი მართლაც ორ თვეში აპირებენ ჩვენს განადგურებას და ზამთრის კამპანიაზე არც ფიქრობენ, როგორც ამას ზორგე გვატყობინებს? – თქვა სტალინმა.

– გამორიცხულია, ამხანაგო სტალინ, – უპასუხა გოლიკოვმა.

სტალინმა ჟუკოვსა და ტიმოშენკოს კიდევ ერთხელ უბრძანა, რომ „წითელი არმია“ სრულ მზადყოფნაში ყოფილიყო და თათბირი ამით დასრულდა...“

მიუხედავად გოლიკოვის რწმენისა, ყველაფერი პირიქით მოხდა, თუმცა, სტალინმა გოლიკოვს თავიც შეუნარჩუნა და თანამდებობაც. სტალინი ძალიან საღად მოაზროვნე ადამიანი იყო და ჰიტლერიც ასეთად მიაჩნდა. ანუ, საბჭოთა ბელადს არ ეგონა, რომ ჰიტლერი მართლაც ორ თვეში აპირებდა ჩვენს განადგურებას და გოლიკოვის აზრისკენ ამიტომ გადაიხარა. თუმცა, ჯარი მაინც სრულ მზადყოფნაში ჰყავდა და თუკი ომის პირველ ხანებში დიდი დარტყმები მივიღეთ, ეს სამხედროების ბრალი იყო, რისთვისაც არაერთი უმკაცრესად დაისაჯა. ამ ყველაფერს კი ისიც ემატებოდა, რომ სტალინი თავად აპირებდა ჰიტლერზე დარტყმას 1942 წლის გაზაფხულზე. საამისოდ კი დიდი ოპერაცია მზადდებოდა. „წითელი არმია“ ჰაერიდან, წყლიდან და მიწიდან ერთბაშად უნდა შესულიყო ევროპაში. აეღო ბერლინი, დაემხო ფაშიზმი და იმას, რაც თითქმის 5 წელი დასჭირდა, სულ რაღაც 6 თვეში განახორციელებდა. თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, საბჭოეთმა საშინელი ომი მაინც მოიგო და ამაში ლომის წილი სტალინს მიუძღვის.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი