ბელადები

რა ოპერაცია ჩაატარა 22 წლის ბერიამ თურქეთში

№31

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 13.08, 2023 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია არა მარტო ოპერაციების დამგეგმავი იყო, არამედ კარგი შემსრულებელიც. ის (ბერია) არასოდეს ყოფილა „კაბინეტის ლომი“ და როდესაც ამას საჭიროება მოითხოვდა, პირადად მონაწილეობდა ამა თუ იმ ოპერატიულ ღონისძიებებში.

პოლკოვნიკი სურენ მარტიროსოვი (სპეცსამსახურების ექსპერტი): „ბერია უნიკალური ადამიანი იყო. მას არა მარტო ოპერატიული გეგმების შედგენა შეეძლო, არამედ მასში მონაწილეობაც და ბერიას საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე ყოფნის პერიოდშიც კი შეუსრულებია რიგითი ოპერმუშაკის ფუნქცია. არქივში ერთი საინტერესო ისტორია აღმოვაჩინე, რაც ბერიას უნიკალურ უნარებზე მეტყველებს. 1921 წელს ლავრენტი ბერია საქართველოს „ჩეკას“ საგანგებო ოპერატიული განყოფილების უფროსი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის მაშინ, სულ რაღაც, 22 წლის იყო, თავის სამუშაოს უნაკლოდ ასრულებდა. ბერიასა და მის განყოფილებას ევალებოდა კონტრრევოლუციონრების გამოვლენა და სხვადასხვა კავშირებზე გასვლა, შემდგომ კი გაუვნებელყოფა. აპრილის დასაწყისში ბათუმში ვინმე სარქის გევორქიანი დააკავეს, რომელიც ანტისაბჭოთა განწყობებში იყო შემჩნეული: მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ასეთი რამ დიდი დანაშაული. დაკავებულებს ყოველგვარი ძალადობის გარეშე დაჰკითხავდნენ და თუკი დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი და მხოლოდ „ლაყბობდა“, ანტისაბჭოთა ლოზუნგებს ისროდა, ხელწერილს ჩამოართმევდნენ და გაუშვებდნენ... გევორქიანი ერთ-ერთმა თანამემამულემ „ჩეკაში“ დააბეზღა და დაკითხვაზე ამიტომ წაიყვანეს. ისე მოხდა, რომ იმ მომენტში ბათუმში მივლინებით ბერია იმყოფებოდა და გევორქიანი რომ მიიყვანეს, იმ კაბინეტში წერდა რაღაცას, სადაც გამომძიებელს დაკავებული უნდა დაეკითხა. დაკითხვა თითქმის დასრულდა გამომძიებელმა სიტყვიერად „შეახურა“ გევორქიანი, ფურცელი და კალმისტარი დაუდო წინ და ხელწერილს აწერინებდა. ამ დროს ბერიამ, რომელიც მართალია, ახალგაზრდა, მაგრამ რანგით გამომძიებელზე მაღლა იდგა, მას (გამომძიებელს) კაბინეტის დატოვება სთხოვა. შემდეგ გევორქიანი თავად დაჰკითხა. გამომძიებელი რომ დაბრუნდა, ბერიას გევორქიანი უკვე დაპატიმრებული ჰყავდა და თბილისში მიჰყავდა. როგორც გაირკვა, 51 წლის სარქის გევორქიანი ადრე თურქეთში ცხოვრობდა. საკმაოდ შემოსავლიანი ვაჭარი იყო და ადგილობრივი სომეხი ვაჭრების გილდიას ხელმძღვანელობდა. ხოლო, როდესაც 1915 წელს თურქებსა და სომხებს შორის სისხლისღვრა მოხდა, მთელი გილდია ამოწყვიტეს და მხოლოდ გევორქიანმა გამოასწრო. ბათუმში გადავიდა და იქ დაიდო ბინა. ბერიამ მთელი ეს ამბები დაკითხვისას შეიტყო. მთავარი კი ის იყო, რომ გევორქიანს ყოველგვარი ძალადობის გარეშე დააცდენინა, რომ გილდიას ქალაქ სტამბოლში ზოდების სახით, 800 კილოგრამი ოქრო ჰქონდა გადამალული, რისი გამოტანაც ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ წაიყვანა ბერიამ გევორქიანი თბილისში. უფრო დეტალურად დაჰკითხა, ასევე, ყოველგვარი ძალადობის გარეშე და გადაწყვიტა, რომ გილდიის მიერ გადამალული ზოდები თურქეთიდან ჩამოეტანა.“

ბერიამ თავის ხელმძღვანელობას ოქროს თურქეთიდან გამოტანის თაობაზე დაწვრილებითი გეგმა დაუდო წინ, თან განაცხადა, რომ ამ ოპერაციაში პირადად მიიღებდა მონაწილეობას. ხელმძღვანელობა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამ სურვილს. მათი ჩავარდნის ეშინოდათ და არ უნდოდათ, რომ ახალგაზრდა თანამდებობის პირი თურქულ დაზვერვას აეყვანა. თუმცა, ბერიამ მაინც თავისი გაიტანა. ხელმძღვანელობა დაითანხმა და აპრილის მიწურულს თავის 5 თანამშრომელთან ერთად თურქეთს მიაშურა. ბერია და კამპანია ქართული მუსლიმანების ეგიდით ეწვივნენ სტამბოლს, ადგილობრივ სასულიერო ლიდერს ეახლნენ და ვითომ აჭარის მთელი მოსახლეობის, აგრეთვე, გურიის ნაწილის გამუსულმანება სურდათ. ჯერ ერთი კვირა იქაურობა „მოილოცეს“, სინამდვილეში კი სამალავიდან 800 კილოგრამი ოქრო ამოიღეს. ყველაფერი სპეციალურ, ორფსკერიან ყუთებში განათავსეს და შეინახეს. შემდეგ სულიერ ლიდერს სთხოვეს, რომ საქართველოში სამისიონერო საქმიანობის განსახორციელებლად დიდი რაოდენობით მუსლიმანური ლიტერატურა გაეტანებინათ, რაზეც თანხმობა მიიღეს და ეს ლიტერატურა იმავე ყუთებში დაიტვირთა, რომლებშიც ოქროს ზოდები ეწყო. „მისიონერებმა“ ყუთები სპეციალურ ეტლზე დაამაგრეს და საქართველოსკენ აიღეს გეზი. მთავარი კი ის იყო, რომ მათ სულიერი ლიდერის მიერ ბოძებული წერილი ჰქონდათ, რაც საზღვარზე უნდა წარედგინათ. საზღვრამდე დაუბრკოლებლად იარეს და აზრადაც კი არავის მოსვლია ყუთების შემოწმება, რადგან „მისიონერების“ მიერ წარდგენილი სულიერი ლიდერის წერილი, როგორც ამბობენ „ქვას გახვრეტდა“. საქართველოს ტერიტორიაზე კი მათ „ჩეკისტები“ ელოდნენ და 800 კილოგრამი ოქრო მშვიდობიანად ჩაიტანეს თბილისში. სარქის გევორქიანი ციხიდან გაუშვეს. ოქროს მესამედი ხაზინაში მოათავსეს, ორი მესამედი კი სომხეთის მოშიმშილე მოსახლეობისთვის პირველადი დანიშნულების პროდუქტების შესაძენად გამოიყენეს. ამ ოპერაციისთვის ბერიასა და მისი ჯგუფის წევრებს მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცეს. სულ მალე კი ბერია დააწინაურეს და „ჩეკას“ უფროსის მოადგილეობა უბოძეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა