ბელადები

რა მისია დააკისრა სტალინმა ბერიას ჰიტლერთან მიმართებაში

№23

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 16.06

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერიას არაერთი ისეთი საქმე აქვს გაკეთებული, რომლებსაც ერთნი დადებითად, მეორენი კი უარყოფითად აფასებენ. თუმცა მისი ყველა საქმე საბჭოთა სახელმწიფოს პოლიტიკის განხორციელებისკენ იყო მიმართული და დიდი წარმატებითაც ასრულებდა მათ.

იაკობ კედმი: „მიუხედავად იმისა, რომ ბერიას სტრატეგიული დაზვერვა სრული დატვირთვით მუშაობდა, 1944 წლის 20 ივლისს, ადოლფ ჰიტლერზე ტერორისტული აქტის მზადების პროცესი სრულიად გამოეპარა. მით უმეტეს, რომ ამ პროცესში დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სამსახური იყო ჩართული. იქ კი ბერიას სუპერაგენტი ჰყავდა გადაბირებული, რომელსაც ერთ-ერთი მთავარი პოსტი ეკავა. ეს ადამიანი კიმ ფილბი იყო, ეგრეთ წოდებული, „კემბრიჯის ოთხეულის“ წამყვანი ფიგურა. საქმე კი ის იყო, რომ როდესაც ოპერაცია „ვალკირიაში“ ბრიტანელი მზვერავები ჩაერთნენ, ფილბი სამთვიან საქმიან მივლინებაში იყო გაგზავნილი შეერთებულ შტატებში და ამ საქმის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა. თანაც, ეს ყოველივე ძალიან მოკლე დროში დაიგეგმა და განხორციელდა. საქმე უმაღლეს დონეზე იყო გასაიდუმლოებული და მთავრობის წევრებიდანაც მხოლოდ პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი იყო საქმის კურსში. ბერიამ ამ ტერაქტის ამბავი რომ შეიტყო, თურმე, ცივმა ოფლმა დაასხა. პირველადი ინფორმაციით, ჰიტლერი მოკლულად იყო გამოცხადებული და ბერია სწორედ ამან დაამწუხრა. საქმე ის იყო, რომ სტალინის ბრძანებით, ბერიას, ფაქტობრივად, ჰიტლერის დაცვა ჰქონდა დავალებული. ერთი შეხედვით, ეს ფაქტი აბსურდულად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. 1944 წლის დასაწყისისთვის უკვე ნათელი იყო, რომ ამ ომში გერმანია დამარცხდებოდა და „წითელი არმია“ ბერლინსაც აიღებდა და კიდევ უფრო შორსაც წავიდოდა. დასავლეთს მოვლენათა ასეთი განვითარება ხელს არ აძლევდა. სტალინს კი, პირიქით, სწორედ ამიტომაც გადაწყდა ჰიტლერის დაცვა, რომ მას ომი ბოლომდე გაეგრძელებინა. დასავლეთს კი სწორედ ჰიტლერი უშლიდა ხელს თავისი გეგმების განხორციელებაში და ამიტომაც დაეხმარნენ ფაშისტ შეთქმულებს ტერაქტის განხორციელებაში... პირველ სამწუხარო ინფორმაციას, ჰიტლერის განადგურების შესახებ, ერთი საათის შემდეგ მეორე ინფორმაცია მოჰყვა. ბერიას აცნობეს, რომ ფიურერი ცოცხალი გადარჩა. რადიომიმართვით გამოვიდა ერის წინაშე და ბენიტო მუსოლინის შესახვედრად რკინიგზის სადგურზე გაემართაო. ამ ინფორმაციების გადამოწმებისა და დადასტურების შემდეგ ბერიამ ფიტინი და სუდოპლატოვი იხმო, გაკიცხა და მკაცრად გააფრთხილა, რომ მსგავსი ლაფსუსი აღარ განმეორებულიყო და დაავალა, რომ მთელი ძალების მობილიზება მოეხდინათ შესაბამისი ინფორმაციების დროულად მოსაპოვებლად.“

გენერალი პავლე ფიტინი: „სტალინის პოლიტიკურ თამაშში ჰიტლერს იმ პერიოდში დადებითი როლი ეკავა. საბჭოთა ბელადს ის ომის გასაგრძელებლად სჭირდებოდა და ამიტომაც დაავალა მან ბერიას თავის ნომერ პირველი მტრის დაცვა. საგანგებო თათბირზე ბერიამ გვითხრა, რომ წარუმატებელ ტერორისტულ აქტს აუცილებლად მოჰყვებოდა გაგრძელება და მკაცრად გვიბრძანა, ამ მიმართულებით მუშაობა. ამასობაში კი ფილბიც დაბრუნდა ამერიკული მივლინებიდან და სწორედ მან მოგვაწოდა ინფორმაცია ადოლფ ჰიტლერის ლიკვიდაციის მორიგი, უფრო დახვეწილი ტერორისტული აქტის მომზადების თაობაზე. ეს ტერორისტული აქტი ჰიტლერის დაცვის ერთ-ერთ წევრს, გვარად შნაიდერმანს უნდა შეესრულებინა. ის, ეგრეთ წოდებული, მკვლელი კამიკაძე იყო. დიდი ბრიტანეთის დაზვერვას 1941 წელს ჰყავდა გადაბირებული. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შნაიდერმანი „ესესის“ რიგითი ჯარისკაცი იყო. შემდგომ მას ბრიტანელები ხელს უწყობდნენ წინსვლაში და მან ჰიტლერის პირად დაცვაში შეაღწია. ეს ინფორმაცია საიმედო არხების მეშვეობით, რა თქმა უნდა, ჩვენი დახმარებით, მყისვე მიაწოდეს ჰენრიხ ჰიმლერს, რომელიც უკვე დიდი გულმოდგინებითა და სისასტიკით უსწორდებოდა „ვალკირიის“ მონაწილეებს. შნაიდერმანიც დააპატიმრეს. მან ყველაფერი აღიარა და ჩამოახრჩვეს. ჰიტლერის გარემოცვა კი მნიშვნელოვნად შემჭიდროვდა. დაცვა გადამოწმდა და მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერზე კიდევ რამდენიმე ტერაქტს ამზადებდნენ, ძირითადად, ბრიტანელები, განხორციელება არცერთ მათგანს არ ეწერა. ჩვენი სამსახურის პროფილი ისეთია, რომ ზოგჯერ ვერაგი მოწინააღმდეგის დაცვაც კი გჭირდება, რათა საკუთარი გეგმები განახორციელო.“

იაკობ კედმი: „რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ლავრენტი ბერიამ მასზე დაკისრებული ეს მისიაც დიდი წარმატებით შეასრულა და ჰიტლერი სიკვდილისგან იხსნა. ბოლომდე დაიცვა, რათა მას ეომა და საბჭოთა არმიამ ამის წყალობით ჯერ ევროპაში შეაღწია, შემდგომ კი ბერლინიც აიღო და სტალინის გეგმები დიდი წარმატებით განხორციელდა. ბერია ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც ამ საშინელი ომის მსვლელობისას სტალინის დაცვაც უწევდა და ჰიტლერისაც. ასეთი პარადოქსებიც ხდება ხოლმე. მართალია, იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული