ბელადები

რა კონცეფცია შეიმუშავა ბერიამ მეორე მსოფლიო ომში

№42

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 02.11

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია ის ადამიანი იყო, ვინც საბჭოთა უშიშროება მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სპეცსამსახურად გადააქცია. ბერიას მიერ ჩატარებული სპეცოპერაციები დღემდე რჩება დაზვერვის ბრწყინვალე ნიმუშებად და მსოფლიო ანთოლოგიის მთავარ ნაწილად.

იაკობ კედმი: „ლავრენტი პავლეს ძე ბერიას ტყუილად როდი უწოდა ალენ დალესმა დაზვერვის გენია. საოცარი ნიჭისა და ენერგიის, გონებისა და განათლების წყალობით, ბერიამ „ჩეკა“ უძლიერეს სპეცსამსახურად გადააქცია. ლავრენტი პავლოვიჩმა იქ დანერგა ისეთი ინოვაციები, რაც სხვა მოწინავე დაზვერვებმა მხოლოდ წლების მერე აითვისეს. ბერიას ჰქონდა გადაბირების ფენომენური სამსახური. ამ სტრუქტურის თანამშრომლებს შეეძლოთ წარმოუდგენლის გაკეთება და ისეთ აგენტურას „ავერბოვკებდნენ“, რასაც მსოფლიოში ანალოგი არ ჰქონდა. ეგრეთ წოდებული, „ვერბოვშჩიკები“, ძირითადად, იდეოლოგიური კუთხით მუშაობდნენ, ანუ თავიანთ აგენტურას ზოგადკაცობრიული ღირებულებებით უდგებოდნენ. ეს იყო ჰუმანურობა და საყოველთაო სიკეთე. ასეთ აგენტებს არც ფული სჭირდებოდა, არც ძვირფასეულობა და არანაირი ანგარება. მათი პრინციპი მსოფლიოში მშვიდობა და კეთილდღეობა იყო. სწორედ ამ სარჩულით გადაიბირეს ფიზიკოსი ფუქსი და ცოლ-ქმარი როზენბერგები. ამ სამეულმა კი დიდი წვლილი შეიტანა საბჭოთა ატომური ბომბის შექმნაში. ბერიას აგენტებმა ამ სამეულის დამუშავება სწორედ ასე განახორციელეს. იცოდა რა ფიზიკოსმა ფუქსმა, თუ რა ძალა ჰქონდა ატომურ იარაღს და რაზე იყო წამსვლელი ამერიკის შეერთებული შტატები, მან თანხმობა განაცხადა, ეთანამშრომლა საბჭოთა დაზვერვასთან და ამ საქმეში ჩაითრია ცოლ-ქმარი როზენბერგებიც. სწორედ ისინი გადმოსცემდნენ ამერიკული ატომური ბომბის საიდუმლოს ბერიას და საბჭოეთი ძალიან მალე გახდა ატომური სახელმწიფო.

სწორედ რომ, ლავრენტი ბერიას დამსახურებაა, ეგრეთ წოდებული, „კემბრიჯის ოთხეულის“ გადმობირებაც. დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისგან შემდგარი ეს კვარტეტი უძვირფასეს ინფორმაციას გადასცემდა მოსკოვში დიდი ბრიტანეთის სამხედრო საიდუმლოებებზე. თითოეულ მთაგანს სამთავრობო სტრუქტურებში მნიშვნელოვანი პოსტები ეკავა და ისინი სწორედ იდეურ ნიადაგზე თანამშრომლობდნენ საბჭოთა კავშირთან. ამ ოთხეულის ყველაზე ძვირფასი აგენტი კიმ ფილბი იყო. მან უდიდესი სამსახური გაუწია საბჭოეთს. ხოლო, როდესაც ჩავარდნის პირას დადგა, ფილბი ძალიან ოპერატიულად გააქციეს ინგლისიდან. მოსკოვში დაასახლეს და სიცოცხლის ბოლომდე საბჭოთა კვშირში იმყოფებოდა.

ლავრენტი ბერიას ლომის წილია, აგრეთვე, დიდ სამამულო ომში საბჭოთა დაზვერვის წარმატებულ მუშაობაში. ბერია პირადად არჩევდა საბჭოთა მზვერავებს, რომლებსაც მტრის ზურგში აგზავნიდნენ სხვადასხვა დავალებით და მათი აბსოლუტური უმრავლესობა იქ უდიდესი წარმატებით მუშაობდა.

როგორც ცნობილია, დიდი სამამულო ომის წარმატებაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პარტიზანებმა. მათი მოქმედებები უდიდეს ზიანს აყენებდა ფაშისტებს და შიშის ზარს სცემდა მათ რჩეულ სამხედრო ნაწილებს. პარტიზანული მოძრაობაც ბერიას პირმშოა და სწორედ ის კურირებდა მას. ბერიამ პირადად შეარჩია საბჭოთა მზვერავი ნიკოლაი კუზნეცოვი და დასავლეთ უკრაინაში გაგზავნა სამოქმედოდ. ობერლეიტენეანტ პაულ ზიბერტის სახელით მოქმედი საბჭოთა ლიკვიდატორი მუსრს ავლებდა ფაშისტების ხელმძღვანელობას და შიშის ზარს სცემდა მათ. და, საერთოდ, ბობოლა ფაშისტების ლიკვიდაციის კონცეფცია ბერიას მიერ იყო შემუშავებული და წარმატებით იყენებდნენ როგორც ომის დროს, ასევე შემდეგაც. თუმცა, მთავარი მიღწევა ამ საქმეში ბერიას ომამდე ჰქონდა, როდესაც ბერიას მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციის შედეგად ლევ ტროცკის ლიკვიდაცია განხორციელდა. სხვათა შორის, როდესაც ჩეხებმა რეინჰარდ ჰეიდრიხის ლიკვიდაცია განახორციელეს, ეს აქციაც ბერიას მიერ შემუშავებული კონცეფციის შესწავლისა და დანერგვის შედეგი იყო. მეტიც, ბერიას დამუშავებული ჰქონდა ჰიტლერის ლიკვიდაციის რამდენიმე ვარიანტი, თუკი ასეთი რამ საჭირო გახდებოდა. როგორც ამ საქმის სპეციალისტებმა შეაფასეს, საჭიროების შემთხვევაში ყველა ვარიანტი გაამართლებდა, მაგრამ ასეთი საჭიროება აღარ დადგა. სტალინმა ბერიას აუკრძალა ჰიტლერის ლიკვიდაცია. საბჭოთა ბელადს ჰიტლერი ომის გასაგრძელებლად სჭირდებოდა. ომი კი – სტალინს ევროპის გასაწითლებლად და მსოფლიოში პოლიტიკური პოზიციების გასამყარებლად. ოპერაცია „ვალკირიის“ ჩაფლავების შემდეგ, როდესაც შტაუფენბერგმა ფიურერის მოკვლა ვერ შეძლო, სტალინმა ბერიას ჰიტლერის დაცვა დაავალა, ანუ, ყველა ინფორმაცია ჰიტლერზე ტერაქტის მოწყობის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა გადასცემოდათ ფაშისტებს და ბერიას ძალისხმევით, საბჭოთა აგენტებმა ფიურერზე თავდასხმის, მინიმუმ, ორი ტერორისტული აქტი აიცილეს. ტერორისტულ აქტებს ფიურერზე ბრიტანელები გეგმავდნენ, რადგან მათ ხელს აძლევდათ ჰიტლერის შეცვლა და ბერიას ძალისხმევით, ეს არ განხორციელდა. საბჭოეთმა ჰიტლერი ბოლომდე აბრძოლეს, ფაშისტური სახელმწიფო სრულ განადგურებამდე მიიყვანეს და საბჭოეთმა ბერლინიც აიღო. რაიხსტაგზე წითელი დროშა ქართველმა ააფრიალა და ესეც ბერიას სცენარის გვირგვინი იყო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა