რა ინფორმაცია მიაწოდეს ბერიას ბრძანებით სკორცენის
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 16.03

ლავრენტი ბერია ის ადამიანი იყო, ვისაც საბჭოთა კავშირის გაძლიერებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის, რა თქმა უნდა, სტალინის შემდეგ. სწორედ ამიტომ სარგებლობდა ბერია (ისევ სტალინის შემდეგ) ყველაზე დიდი გავლენით ქვეყანაში და ეს გავლენა მან მოიპოვა თავისი ნიჭით, შრომისმოყვარეობითა და გამჭრიახობით. ბერიას შვეიცარიული საათივით ჰქონდა აწყობილი ყველა საქმე და ამაში ის სახელმწიფო უშიშროების ორგანოებს ძალიან ეფექტურად იყენებდა.
იაკობ კედმი: „არავისთვისაა დაფარული ის ფაქტი, რომ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში უშიშროების სამსახური უდიდეს როლს ასრულებს. უმეტეს შემთხვევაში კი, ეს როლი გადამწყვეტია. ასე იყო სტალინურ სახელმწიფოში. საბჭოთა ბელადმა ტყუილად როდი დააწინაურა ლავრენტი ბერია – საქართველოდან წამოიყვანა და ყველაზე საპასუხისმგებლო, სტრატეგიული სტრუქტურის ხელმძღვანელად დანიშნა.
ფელიქს ძერჟინსკის მიერ შექმნილი „ჩეკა“, რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერი სტრუქტურა იყო და საბჭოთა ხელისუფლების პირველ პერიოდში მეტად ეფექტურად მოქმედებდა. მართალია, ამ სამსახურის შემდგომი ხელმძღვანელები ძერჟინსკის ვერც შეედრებოდნენ, მაგრამ ეს უწყება ინერციით მიიწევდა წინ. თუმცა, 30-იანი წლების მეორე ნახევარში უკვე ვეღარ აკმაყოფილებდა დროის მოთხოვნებს. საჭირო იყო ახალი სისხლის გადასხმა. მით უმეტეს, რომ ფაშისტური გერმანია, ჰიტლერის მეთაურობით, დიდი სისწრაფით იკრებდა ძალებს და მათ დასავლეთი უწყობდა ხელს. სწორედ ამ ურთულეს პერიოდში დაინიშნა ლავრენტი პავლეს ძე ბერია საბჭოთა უშიშროების სამსახურის უფროსად და მთავარი გარდატეხაც მაშინ განხორციელდა. ბერიამ უწყებაში რადიკალური რეფორმების გატარება დაიწყო. ყველაფერთან ერთად, მან გააძლიერა, ეგრეთ წოდებულ, „ღერძის სახელმწიფოებში“ არსებული რეზიდენტურები და იქ დამატებითი ძალები გაგზავნა. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ამ ქვეყნებში გენერალური შტაბების ფუნქციონირებას და იაპონიაში, იტალიასა და გერმანიაში რამდენიმე ძალიან ძვირფასი „წყაროები“ გადაიბირეს. სწორედ ამ „წყაროებმა“ გადმოსცეს ინფორმაციები, რომ ჰიტლერი საბჭოთა კავშირს 1941 წლის 22 ივნისს, დილის 4 საათზე დაესხმებოდა თავს. საბჭოთა მთავრობას რომ ასეთი ინფორმაცია არ ჰქონოდა და შესაბამისი ზომები არ მიეღო, ომის პირველი საათები და დღეები კიდევ უფრო მეტად კატასტროფული, გამოუსწორებელი იქნებოდა. უბრალოდ, საბჭოთა არმიამ დროის სიმცირისა და ზოგიერთი სამხედრო ხელმძღვანელის დაუდევრობის გამო ვერ მოახერხა სრულფასოვანი წინააღმდეგობის გაწევა. თუმცა, სულ მალე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ამაში ლომის წილი მიუძღვის საბჭოთა უშიშროების სამსახურს სწორედ ბერიას ხელმძღვანელობით. ლავრენტი პავლეს ძეს ომის პერიოდში ძალიან ცოტა ეძინა და ყოველკვირეულად 2-3-დღიანი უძილობა ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი იყო. ასეთივე ინტენსივობით მუშაობდნენ ბერიას ხელქვეითებიც. თუმცა, ზოგიერთი ასეთ დატვირთვას ვერ უძლებდა და თუ მოცელილებივით არ ეცემოდნენ, ზეზეურად ეძინებოდათ. სამაგიეროდ, შედეგი ასპროცენტიანი იყო. ისედაც ძლიერი საბჭოთა დაზვერვა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. მტერი უკვე ვეღარ უძლებდა ასეთ წინააღმდეგობას და უკან იხევდა. ბერიას ერთ-ერთი დიდი, ძლიერი პროექტი იყო პარტიზანული მოძრაობა. პარტიზანებს ფაშისტი ოკუპანტები ჭირივით გაურბოდნენ და ბერიას მიერ ჩამოყალიბებულ პარტიზანულ მოძრაობას დიდი წვლილი მიუძღვის ფაშისტების განდევნაში საბჭოთა მიწა-წყლიდან. ბერია კი უფრო და უფრო აფართოებდა საბჭოთა სპეცსამსახურების ფუნქციებს და შეიძლება ითქვას, რომ 1943 წლის დასაწყისისთვის ბერიას მზვერავები მოწინააღმდეგე ქვეყნების ყველა სტრუქტურაში იყვნენ როგორც ჩანერგილები, ასევე, გადმობირებულები. სწორედ ამ მამაცი ადამიანების წყალობით მოახერხა საბჭოთა დაზვერვამ ერთი საჭირო პოლიტიკური ოპერაციის განხორციელება. 1943 წლის ივლისში, როდესაც მოკავშირეთა ძალები იტალიაში გადასხდნენ, მეფის ბრძანებით, დიქტატორი ბენიტო მუსოლინი დააპატიმრეს და საიდუმლოდ მოათავსეს სასტუმრო „იმპერატორში“, რომელიც გრან-სასოს სამთო კურორტზე მდებარეობდა. საქმე ის იყო, რომ მუსოლინის დაპატიმრება იტალიას ომიდან გამოიყვანდა და ეს არც ჰიტლერისთვის იყო მისაღები და არც სტალინისთვის, რადგან საბჭოეთს ევროპა ჰქონდა „გასაწითლებელი“. ჰიტლერმა თავის პირად დივერსანტს, სკორცენის დაავალა მუსოლინის ადგილმდებარეობის მოძებნა, დუჩეს გატაცება და ხელისუფლებაში დაბრუნება. თვენახევრიანი უშედეგო ძებნის შემდეგ სკორცენიმ მიიღო ინფორმაცია მუსოლინის ადგილსამყოფლის შესახებ. დაიგეგმა ოპერაცია „მუხა“, რომელიც წარმატებით განხორციელდა და მუსოლინის ძალაუფლება დაუბრუნეს. საქმე ის იყო, რომ მუსოლინის ადგილსამყოფლის შესახებ სკორცენის ბერიას იტალიელმა მზვერავებმა აცნობეს და ასე რომ არ მომხდარიყო, ოტო სკორცენი, სავარაუდოდ, ვერც კი მიაგნებდა დუჩეს კვალს. ხოლო თუ მიაგნებდა, ისე გვიან, რომ მის მოტაცებას აზრი აღარ ექნებოდა... ერთი სიტყვით, ბერია და მისი ხელქვეითები, როგორც მთელი ომის განმავლობაში, ასევე, მშვიდობიან დროს, მნიშვნელოვან პოლიტიკურ ამოცანებს წყვეტდნენ და შედეგიც სახეზე იყო. ბერია არა მარტო კარგი „ჩეკისტი“, არამედ ძლიერი პოლიტიკოსიც იყო და ის სტალინის არაოფიციალური მრჩევლის როლს ითავსებდა. სტალინი საგარეო პოლიტიკას არავის აკარებდა და ბერია იყო ერთადერთი გამონაკლისი, ვისაც სტალინისგან ეს დიდი პატივი ერგო“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან