რა ინოვაციები დანერგა ბერიამ საბჭოთა კავშირში
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 07.09

ლავრენტი ბერია ის ადამიანი იყო, ვისზეც იდგა მთელი საბჭოთა ქვეყნის უშიშროების სისტემა. ეს ადამიანი უდიდესი ინოვატორი იყო და მის მიერ დანერგილი სიახლეები კი – ყოველთვის მოწინავე, სასარგებლო და საქმისთვის წარმატების მომტანი.
პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „ბერია უდიდესი ინოვატორი იყო. მან ჯერ კიდევ ნორჩ ასაკში ბაქოს იატაკქვეშეთში მოღვაწეობისას მუსავატისტური კონტრდაზვერვის აგენტების სისტემატიზაციის ძალიან ეშმაკური ხერხი მოიფიქრა: კონტრდაზვერვის შენობიდან 70 მეტრის მოშორებით იატაკქვეშელებს ფოტოატელიე გაახსნევინა. შემდგომ იმ ატელიეს ვიტრინაში სპეციალურად გერმანიაში დამზადებული კინოკამერა დაამონტაჟებინა, რომელიც სარეკლამო ფოტოაპარატს ჰგავდა. სინამდვილეში კი კინოკამერა 24 საათის განმავლობაში იყო ჩართული და ყველა შემსვლელ-გამომსვლელს აფიქსირებდა. ამგვარად, ბოლშევიკ იატაკქვეშელებს ჰქონდათ მუსავატისტური კონტრდაზვერვის თანამშრომელთა 70 პროცენტის ფოტოები და ამან მათ უდიდესი სამსახური გაუწია. შემდგომში უკვე „ენკავედეს“ შეფმა ბერიამ ეს ხერხი ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა და ბერლინის ცენტრში რამდენიმე მსგავსი, ბევრად გაუმჯობესებული მოწყობილობა დააყენებინა და სპეცკარტოთეკა შეადგენინა, სადაც 2 მილიონი ადამიანი იყო იდენტიფიცირებული და მრავალი მათგანი სპეცსამსახურებში მუშაობდა.
ბერიამ ეს სისტემა დიდი წარმატებით გამოიყენა საქართველოში. „ენკავედეს“ იდენტიფიცირებული ჰყავდა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და მათზე დაწვრილებით იყო შედგენილი დოსიეები. თბილისში კი მოსახლეობის თითქმის 90 პროცენტი იყო იდენტიფიცირებული და ძალოვან სტრუქტურებს მათზე მდიდარი ინფორმაცია ჰქონდათ. სწორედ ბერიამ შემოიღო პირველად „ჩაწერის ინსტიტუტი“, ანუ თბილისში მცხოვრები თითოეული ადამიანი ჩაწერილი უნდა ყოფილიყო საცხოვრებელი ადგილის მისამართზე. სწორედ ბერიას ინიციატივით შეიქმნა სახლმმართველობები, სადაც ადამიანები ეწერებოდნენ. ვალდებულები იყვნენ, ჩაწერილიყვნენ, აგრეთვე, თბილისში დროებით საცხოვრებლად ჩამოსულებიც. სტუდენტები, ტურისტები, მივლინებულები. ერთი სიტყვით, ძალოვან სტრუქტურებს თითქმის ნებისმიერი ადამიანი ჰყავდათ მხედველობის არეალში და საჭიროების შემთხვევაში მისი მოძებნა ბევრად იოლი იყო. ბერიას ინიციატივით, „ენკავედემ“ გამოსცა სქელტანიანი წიგნი – ცნობარი, რომელსაც ეწოდებოდა „ბოროტმოქმედები“. ამ წიგნში, კლასიფიკაციის მიხედვით, აღწერილები და იდენტიფიცირებულები იყვნენ სისხლის სამართლის დამნაშავეები – ქურდები, ყაჩაღები, მკვლელები და ასე შემდეგ. ამ წიგნში იყო დაბეჭდილი თითოეული მათგანის ფოტოსურათი და დანაშაულები. ეს წიგნი ძალიან იაფად იყიდებოდა და თითოეულ მოქალაქეს შეეძლო, შეეძინა და შეესწავლა ის ადამიანები, ყურადღებით ყოფილიყო; საჭიროების შემთხვევაში ამოეცნო ან, თუნდაც, მორიდებოდა მათ.
ბერიას ამ ნაბიჯმა თბილისში დანაშაულის რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანა და 30-იან წლებში მხოლოდ 5 პროცენტს შეადგენდა. ბერიას მმართველობის პერიოდში, თბილისი ძალიან უსაფრთხო ქალაქი იყო და მის ყველაზე ვიწრო და ბნელ ქუჩებშიც კი უშიშრად შეიძლებოდა სიარული დღე-ღამის ნებისმიერ დროს. ბერიას, ტრადიციულად, უმაღლეს დონეზე ჰქონდა დაყენებული სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემა. თამამად შეიძლება, ითქვას, რომ საქართველოში კონტროლის გარეშე ვერცერთი უცხოელი ჯაშუში ვერ ჭაჭანებდა. არადა საქართველოსა და კავკასიის მიმართ ტრადიციულად დიდი ინტერესი ჰქონდათ თურქეთსა და ირანს. ბერია იმთავითვე მშვენივრად მიხვდა, რომ თანამედროვე სპეცსამსახურები ტექნიკური საშუალებების გარეშე ნაკლებეფექტურები იყვნენ. ამიტომ, მან საქართველოს „ჩეკაში“, ჯერ კიდევ თბილისში მოღვაწეობის პერიოდში, ჩამოაყალიბა ტექნიკური განყოფილება. ამ განყოფილების ლაბორატორიაში მზადდებოდა იმ პერიოდის ტექნიკური სიახლეები – მცირე ზომის მოსასმენი და გადამღები აპარატურა. თბილისში ისეთი სასტუმრო არ ყოფილა, სადაც მოსასმენი აპარატურა არ დაემონტაჟებინათ. განსაკუთრებული დანიშნულების ნომრებში კი ფარული კინოკამერებიც იდგა. ასეთივე მდგომარეობა იყო კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაშიც. კრწანისის ეს რეზიდენცია პირდად ბერიას ინიციატივით აშენდა ძალიან მოკლე ვადებში და ძალიან მაღალი ხარისხით. იქ იმ პერიოდისთვის არსებული ყველა საშუალება იყო მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად და მათი კომფორტისთვის. გარდა ამისა, კრწანისის რეზიდენციაში გოგირდის სამკურნალო წყლებიც შეიყვანეს და იქ ცხოვრება და დასვენება უდიდესი სიამოვნება იყო. რა თქმა უნდა, ეს სიამოვნება „ყურებისა და თვალების“ თანხლებით ხორციელდებოდა. საგულისხმო ფაქტია, რომ როდესაც ბერიამ საქართველოში მაქსიმ გორკი მოიწვია, დიდი მწერალი სწორედ კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში ცხოვრობდა. როგორც ცნობილია, გორკი მექალთანე იყო, ამ სიამოვნებას არც საქართველოში იკლებდა და თავის აპარტამენტებში ძვირფას წვეულებებსაც მართავდა. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, კინოკამერაზე იყო დაფიქსირებული. თუმცა, „მორალისთვის მებრძოლი“, სინამდვილეში კი ორგიების მოტრფიალე, დიდ პროლეტარ მწერალს ეს კომპრომატი ვერაფერს დააკლებდა. მნიშვნელოვანი იყო სხვა რამ: მთვრალი გორკი ორგიების ფერხულში სასტიკად ლანძღავდა ბოლშევიკებს. მათ კაციჭამიებსა და მკვლელებს უწოდებდა. ასეთი რამისთვის კი იმ პერიოდში უპირობოდ ხვრეტდნენ. როცა ეს მასალები ბერიამ სტალინს აჩვენა, საბჭოთა ბელადს ირონიით უთქვამს: ხელი არ ახლოთ. მისი დასჯა მტრის წისქვილზე დაასხამს წყალს. ის ისედაც განწირულია, ჭლექი სჭირს და ღმერთს მივანდოთო.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან