ბელადები

რა იდეა მიაწოდა ბერიამ სტალინს ბერლინის ოლიმპიადასთან დაკავშირებით

№38

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 29.09

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიას, თავისი კარიერის განმავლობაში, სხვადასხვა პარტიული თანამდებობა ეკავა, ეს ადამიანი მაინც სპეცსამსახურის სპეციფიკას იყენებდა თავის საქმიანობაში და სწორედ ამიტომაც აღწევდა ის გრანდიოზულ წარმატებებს ყველა უბანზე.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „მე ჩემი პროფესიული კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი გერმანულ მიმართულებაზე გავატარე და შესანიშნავად ვიცნობდი ამ ქვეყანას. ჩვენს უწყებაში ყველა მიმართულებას ერთნაირად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. მაგრამ ადოლფ ჰიტლერის ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ გერმანული მიმართულება ყველაზე პრიორიტეტული გახდა. მით უმეტეს, რომ ჰიტლერმა რევანშისტულ პოლიტიკას მოჰკიდა ხელი. დაარღვია ვერსალის ხელშეკრულება და ქვეყანა სამხედრო რელსებზე გადაიყვანა. ბევრი ჭკუა არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ გაძლიერებული ჰიტლერი ჩვენს ქვეყანაზე გამოილაშქრებდა. მით უმეტეს, რომ ასეთი რამ (აღმოსავლეთზე ლაშქრობა) მას თავის საპროგრამო წიგნში – „ჩემი ბრძოლა“, – ჰქონდა ჩამოყალიბებული. ჩვენს უწყებასა და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, სტალინის თაოსნობით, რა თქმა უნდა, მშვენივრად გვესმოდა გერმანიიდან მომდინარე საფრთხე, რომელსაც ოკეანისგაღმელი (ამერიკის შეერთებული შტატები) პოლიტიკოსები და ოლიგარქები უჭერდნენ მხარს და აფინანსებდნენ. ევროპაში კი ჰიტლერს დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი უმაგრებდა ზურგს. მართალია, ჰიტლერი, ერთი მხრივ, ტოტალურ მილიტარიზაციას ახორციელებდა, მაგრამ მეორე მხრივ, მშვიდობის მტრედად აჩვენებდა თავს მსოფლიოს და იმდენი ქნა, რომ 1936 წლის ზაფხულს ოლიმპიური თამაშები ბერლინში ჩატარდა. თავდაპირველად დაიგეგმა, რომ ფაშისტური გერმანიის დედაქალაქში საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრები გამგზავრებულიყო, მაგრამ ბოლო მომენტში სტალინმა გააუქმა ეს გამგზავრება და ნაკრები სამშობლოში დარჩა. ოლიმპიური თამაშისთვის, სპორტსმენების პარალელურად, ჩვენც ვემზადებოდით. ჩვენი ამოცანა იყო ოლიმპიადის დღეებში მთელ იმ სამხედრო ინფრასტრუქტურის ფარული გადაღება, რომელსაც ფაშისტები ინტენსიურ რეჟიმში და უაღრესად საიდუმლოდ აშენებდნენ. ეს იდეა სტალინს ბერიამ მიაწოდა, რომელიც იმ პერიოდში ჯერ კიდევ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო. მაგრამ ხშირ შემთხვევაში, როგორც ადგილობრივი „ენკავედეს“ საქმიანობას ეხმარებოდა, რომლის უფროსიც ბერია მრავალი წლის განმავობაში იყო, ასევე საკავშირო „ენკავედესაც“ უწევდა კონსულტაციას, რომელიც ბერიამ ორი წლის შემდეგ, 1938 წელს ჩაიბარა. ბერიას ჩანაფიქრით, ფარული გადაღება უნდა განხორციელებულიყო მაშინ, როდესაც ოლიმპიური ცეცხლი გერმანიის ტერიტორიაზე შემოვიდოდა და მთელი ქვეყნის გავლით ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე აგიზგიზდებოდა. სპეცტექნიკისა და სპეცოპერატორების მომზადება ბერიას ჰქონდა დავალებული და მან შესანიშნავად გაართვა თავი ამ ამოცანას. თბილისის „ენკავედესთან“ არსებული საიდუმლო ტექნიკურ ლაბორატორიაში მცირე გაბარიტების კინოაპარატები დაამზადეს, რაც იმ პერიოდისთვის სიახლე იყო. ეს ტექნიკა „ენკავედეს“ რამდენიმე აგენტს წარმატებით აათვისებინეს და ექვსკაციანი ჯგუფი ოლიმპიადაზე ორი კვირით ადრე გაუშვეს. სწორედ იმ დროისთვის, როდესაც გერმანიაში ოლიმპიური ცეცხლი შეიტანეს. ჩვენი აგენტები გერმანიაში თურქეთიდან დაიძრნენ, რადგან ამ ქვეყნის წარმომადგენლებად იყვნენ დარეგისტრირებული. მე სპეციალურად მიმავლინეს თბილისში, რომ ამ ადამიანებისთვის ინსტრუქტაჟი ჩამეტარებინა გერმანიაზე, რადგან ამ ქვეყანას კარგად ვიცნობდი და ჩვენს აგენტებს მრავალი ნიუანსი ავუხსენი. სწორედ ამ პერიოდში გავიცანი ლავრენტი ბერია და მასთან საუბრისას დავრწმუნდი, რომ არაორდინარულ და ძალიან ნიჭიერ, საქმიან ადამიანთან მქონდა საქმე. ჩენი უწყების მისია გერმანიაში დიდი წარმატებით დასრულდა. ბერიას იდეამ კარგი ნაყოფი გამოიღო და ოლიმპიადამდე და ოლიმპიადის დღეებში გადაღებული ფაშისტური ინფრასტრუქტურა საფუძვლიანად შევისწავლეთ. ის ჩვენ ბევრჯერ გამოგვადგა, განსაკუთრებით კი იმ დროს, როდესაც ბერლინის აღების ოპერაცია მზადდებოდა.“

ლავრენტი ბერიას არაორდინარულ, გონებამახვილურ გადაწყვეტილებებს არაერთხელ გამოუყვანია ჩიხიდან სხვადასხვა უწყებები თუ ადამიანები. ამიტომ ბერიამ ურყევი ავტორიტეტი და პატივისცემა დაიმსახურა თავის ხელქვეითებსა და კოლეგებში. თუმცა, პოლიტბიუროელი კოლეგები ბერიას ვერ იტანდნენ და იმავდროულად, შავი ჭირივით ეშინოდათ მისი. ალბათ, ეს იყო იმის მთავარი მიზეზი, რომ ბერიას ასე სწრაფად, ვერაგულად გაუსწორდნენ და მას თავდაცვის უფლებაც კი არ მისცეს.

იაკობ კედმი: „ჩემის ღრმა რწმენით, სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირისთვის და განსაკუთრებით კი რუსეთისთვის, ბერიას მკვლელობა იყო ის დიდი უბედურება, რამაც რუსეთის ტოტალური რღვევის პროცესი დაიწყო და რომელიც შემდგომ წლებში დაჩქარებული ტემპებით განვითარდა. ბერიას მკვლელობის შემკვეთებს რუსეთის განადგურების კარგად დამუშავებული გეგმა ჰქონდათ. ამ გეგმას (რუსეთის განადგურება) ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების მიჯნაზე ჩაეყარა საფუძველი. დროთა განმავლობაში გადამწყვეტი იერიშისთვის ემზადებოდნენ. პირველად ამ იერიშს სტალინმა შეუშალა ხელი, მაგრამ სტალინი რომ გარდაიცვალა, სწორედ ბერიაში დაინახეს მსგავსი საშიშროება და ეს ადამიანი საწყისშივე მოიშორეს თავიდან. თანაც თავისიანების ხელით. მერე კი ყველა პოსტბერიული საბჭოთა მეთაური რუსეთის დაშლა-განადგურებაში მონაწილეობდა და მათ ამ საქმეში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა