ბელადები

რა გზებით ცდილობდა ბერია სტალინისგან საქართველოსთვის სასარგებლო პროექტების ამოქმედებას

№32

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 22.08

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას ხშირად „ქართველ ნაციონალისტად“ მოიხსენიებენ, რაც საბჭოური გაგებით, უდიდესი ცოდვაა, თუმცა ზომიერ ნაციონალიზმში ცუდი არაფერია და ლავრენტი პავლოვიჩი, სწორედ, ასეთი პიროვნება იყო. პუბლიცისტი ბენიამინ ზიმინი წერს: „მე ვიტყოდი, რომ ლავრენტი ბერია ქართველი პატრიოტი იყო და თავის ერს დიდ დახმარებას უწევდა, თუმცა ყველა კანონის დაცვით. ასე ვთქვათ, ბერია თავის ეროვნულ ინტერესებს სამსახურებრივ ინტერესს ხშირად ამთხვევდა და არც შამფური იწვებოდა და არც მწვადი.

კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელი იხსენებდა: „ლავრენტი ბერია არაორდინარული პიროვნება იყო. ბევრი რამის გაკეთება შეეძლო თავისი ხალხისთვის და აკეთებდა კიდეც. კონკრეტულად ქართული კინოსთვის მას ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. რომ არა ბერიას ძალისხმევა, მრავალი ქართული ფილმი არ იქნებოდა გადაღებული. ბერია ისეთი ადამიანი იყო, რომელიც ცდილობდა, ყველანაირი გზა მოეძებნა, რათა თავისი საქმე (იგულისხმება საქართველოსთვის სასარგებლო საქმე) გაეტანა და ბოლომდე მიეყვანა. ყველამ იცის, რომ ბერიას სტალინთან ახლომეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა. თუმცა თავიდან სხვებსაც იშველიებდა, რომ საქმე უმაღლეს დონეზე მოეგვარებინა. მართალია, მე მასზე მხოლოდ ხუთი წლით უფროსი ვიყავი, მაგრამ როგორც სხვები, ისიც ძია მიშას მეძახდა და ხშირად უთქვამს – ძია მიშა, სტალინთან საქმე ჩაგვიწყვეო. საქმის ჩაწყობაში ბერია გულისხმობდა ისეთი პროექტების განხორციელებას საქართველოში, რომლებიც ჯერ ბევრად უფრო დიდ რესპუბლიკებში კეთდებოდა და ჩვენისთანა პატარა ქვეყანა „რიგში უნდა ჩამდგარიყო“. ბერია კი „ურიგოდ“ აკეთებდა ამას და სტალინთან დაახლოებულ ადამიანს იშველიებდა. მოგვიანებით კი თავად გახდა სტალინის ფავორიტი...“

ერთ-ერთი საქმე, რაზედაც დიდი ქართველი რეჟისორი ლაპარაკობდა და ბერიამ უდიდესი წარმატებით გამოიყენა, იყო, ეგრეთ წოდებული, „ბეზპრიზორნიკების“ პროგრამა, ანუ მაწანწალა, უდედმამო ბავშვებისთვის კოლონიების (არა საპყრობილეების, არამედ დასახლებების) შექმნის პროგრამა, რომელიც ჯერ კიდევ 20-იანი წლების დასაწყისში სტალინმა მოიფიქრა და განახორციელა. მაშინ 5 მილიონზე მეტმა მაწანწალა ბავშვმა მიიღო ჭერი, საკვები და განათლება. თქვენ წარმოიდგინეთ, მომავალში ბევრი მათგანი ცნობილი ადამიანი გახდა. ამ პროგრამის განხორციელება პერმანენტულად მიმდინარეობდა. საქართველო ამ კუთხით (მაწანწალა, უდედმამო ბავშვები) ბოლო ადგილზე იმყოფებოდა. აქ ამ კატეგორიის ბავშვების ძალიან მცირე რაოდენობა იყო. ამგვარად, საქართველოს ეს პროგრამა არც კი ეხებოდა. თუმცა, ბერიამ მაინც მოახერხა მისი საქართველოში ამოქმედება. მან მცირერიცხოვან მაწანწალასა და უდედმამო ბავშვს სოციალურად გაჭირვებული ოჯახების შვილებიც მიამატა და 30 ათასი ბავშვი მაინც „შეაგროვა“. ამგვარად, საქართველომ საკავშირო ბიუჯეტიდან რამდენიმემილიონიანი დაფინანსება მიიღო და რესპუბლიკაში ამ ეგიდით ათი ინტერნატი აშენდა, ამდენივე, იმ პერიოდისთვის, გამართული სპორტული ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია, დაარსდა სამხედრო-პატრიოტული ბანაკები, სადაც ბავშვებს სამხედრო საქმეს ასწავლიდნენ. ნიშანდობლივია, რომ ეს ბანაკები ეტაპობრივად ვითარდებოდა და სწავლა უფრო და უფრო სრულყოფილი ხდებოდა. ამგვარად, 18-19 წლის ჭაბუკი უკვე კვალიფიციური სამხედრო დაწყებით მომზადებას ფლობდა და ბრძოლისუნარიანი იყო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს 30-ათასიანი დამწყები სამხედრო ჰყავდა, რომლებმაც ბრძოლა იცოდნენ და მტრისთვის საკადრისი პასუხის გაცემაც შეეძლოთ. ეს ერთგვარი არაფორმალური ქართული არმია იყო. მან 1953 წლის ივლისამდე იფუნქციონირა და როგორც კი ბერია მოკლეს, მაშინვე გააუქმეს. ინფრასტრუქტურა კი მიაგდეს და ის დროთა განმავლობაში გაცამტვერდა. გენერალი ვლადიმერ ჯანჯღავა: „ბერიას მიერ შექმნილი ეს ბანაკები ძალიან დიდ პატრიოტულ და სამხედრო ცოდნას აძლევდა ახალგაზრდებს. მე ორჯერ მომიწია მათი მომზადების დონის განსაზღვრა და მათ უმაღლესი შეფასება მივეცი. ის ბიჭები საკმაოდ შემართულები, ბრძოლისუნარიანები იყვნენ და არც დიდ სამამულო ომში შეურცხვენიათ თავი. სხვათა შორის, ამ საქმეში ქალების ჩართვაც იგეგმებოდა, მაგრამ ბერიას განადგურების შემდეგ ეს ბანაკებიც გაანადგურეს, მოსპეს და რომ იტყვიან, პროექტი დაიხურა...“

ხრუშჩოვ-რუდენკოსეული შეფასებით, ის იყო ნაციონალისტური, ანტისაბჭოთა პროექტი, თუმცა ცუდი რა არის იმაში, რომ ნაციონალურ უმცირესობას ბრძოლასა და სამშობლოს დაცვას ასწავლი და თუკი ველიკორუსული შოვინიზმის კუთხით მივუდგებით, ბერია ანტისაბჭოელი (იგივე ანტირუსი) იყო. თუმცა მისი ასეთი საქმიანობა თავისი სამშობლოს წინ წამოწევას ემსახურებოდა და არა რომელიმე ერის დამხობას“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

20-26 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვახტანგ ტატიშვილი

ვახტანგ ტატიშვილი: ჩემი თაობა უფრო ტრადიციების მიმ...