ბელადები

რა გეგმა შეიმუშავა ბერიამ, რამაც ფაშისტების მოსკოვთან მარცხი განაპირობა

№16

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 01.05, 2022 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია იყო ის ადამიანი, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის იაპონიის შეკავებაში. რომ არა ის, 1941 წლის მიწურულს ამომავალი მზის ქვეყანა მეორე ფრონტს გახსნიდა და საბჭოთა კავშირს კატასტროფა არ ასცდებოდა.

პავლე ფიტინი (საბჭოთა საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი, გენერალი): „ჯერ კიდევ 1937 წელს უტყუარად იყო ცნობილი, რომ საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომი გარდაუვალი იყო. ჩვენი უწყება, აქედან გამომდინარე მოქმედებდა. ყველა თავის გეგმას ამაზე აწყობდა და ერთი სიტყვით, დიდი ომისთვის ვემზადებოდით. ამის მთავარი გარდამტეხი მომენტი იყო „წითელი არმიის“ უმაღლესი მთავარსარდლობის განადგურება, რადგან ისინი სამხედრო გადატრიალებას ამზადებდნენ, რაც დაუშვებელი იყო. ამ პროცესში მოჰყვნენ იმ პერიოდის „ენკავედეს“ მაღალჩინოსნებიც, ეჟოვის მეთაურობით. რადგან გაიშიფრნენ, რომ ისინი მხარს უჭერდნენ სამხედროებს. სწორედ ამის მერე ჩართო სტალინმა ბერია საქმეში და დანიშნა რა ის საბჭოთა უშიშროების ხელმძღვანელად, ჩვენმა სისტემამ განახლება და არნახული მოდერნიზება დაიწყო. ჩვენში მოქმედებდა დაუწერელი ლოზუნგი – „ყველა ძალისხმევა მივმართოთ მომავალი დიდი ომის მოსაგებად!“ მთელი საბჭოთა სისტემა ამ ლოზუნგით მუშაობდა და სხვა გზა არ გვქონდა...“

სტალინის მიერ წარმატებით განხორციელებულმა ინდუსტრიალიზაციამ და ქვეყნის არნახულად გაძლიერებამ, რა თქმა უნდა, დიდად დააფიქრა, ეგრეთ წოდებული, დასავლეთი. მათ საბჭოეთის გაძლიერებაში საკუთარი სასიცოცხლო ინტერესების დასასრული დაინახეს და საპირწონედ გერმანია გამოიყენეს. აღაზევეს, გააძლიერეს და მეორე მსოფლიო ომი დააწყებინეს. ამას რა მოჰყვა, სხვა თემაა. საბჭოთა კავშირმა კი გამალებული მზადება დაიწყო მომავალი დიდი უბედურებისთვის და ტყუილად როდი დაინიშნა საბჭოთა უშიშროების მეთაურად ბერია. ის გამობრძმედილი, ჭკვიანი ორგანიზატორი იყო და სტალინი მას კრიზისული სიტუაციების მომგვარებლად მიიჩნევდა.

ისტორიის პროფესორი როი მედვედევი: „ჩემთვის სტალინი და ჰიტლერი ერთია და ამ აზრს ვერავინ და ვერაფერი გადამათქმევინებს. სამართლიანობა კი მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ეგრეთ წოდებულ, „დიდ ომში“ სტალინი მართალი იყო, ჰიტლერი კი – მტყუანი. თუმცა, შეიძლებოდა, პირიქითაც მომხდარიყო.“

მიუხედავად იმისა, რომ პროფესორ როი მედვედევის ზოგიერთი შეფასება რადიკალურად მიუღებელია, ის აბსოლუტურად სწორად აფასებს ბერიას როლს ამ დიდ „თამაშში“. ანუ, სწორედ ბერიამ მოახერხა ის, რომ იაპონიამ შორეულ აღმოსავლეთში მეორე ფრონტი არ გახსნა და ამით ქვეყანა კატასტროფას გადაურჩა.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „მილიტარისტული იაპონია რომ ძალიან ძლიერი იყო, ამას მთელი მსოფლიო ხედავდა. არც ის იყო საიდუმლო, რომ იაპონია კბილებს ილესავდა ჩვენზე (საბჭოთა კავშირზე) და თავდასხმის შემთხვევაში, დიდი უბედურების მოტანა შეეძლო. ამიტომ, ჯერ კიდევ 1939 წლიდან დავიწყეთ მოქმედება და ბერიამ ძალიან მარტივი კომბინაცია მოიფიქრა, რომელსაც სანიმუშო უზრუნველყოფა სჭირდებოდა. 1939 წლის აპრილში იაპონიაში გაიქცა ჩვენი უწყების მაღალჩინოსანი, პოლკოვნიკი მატვეი ზახაროვი. იაპონელებს მან ზუსტი ინფორმაციები მიაწოდა საბჭოთა არმიის განლაგების, შეიარაღებისა და რაოდენობის შესახებ არა მარტო შორეულ აღმოსავლეთში, არამედ ევროპის კონტინენტზეც. ზახაროვმა თავის გაქცევა იმით ახსნა, რომ მისი ოჯახი დახვრიტეს და მასაც მოსპობას უპირებდნენ. გაქცეული პოლკოვნიკი იაპონელთა კონსულტანტი გახდა. პარალელურად კი საბჭოთა გენშტაბში დააწინაურეს მაიორი პავლე ხოხლოვი, რომელიც იაპონიის დაზვერვაზე მუშაობდა და ეს ბერიას გეგმით მოხდა. ხოხლოვი ინსპექტირებას ახორციელებდა სხვადასხვა სამხედრო ოლქებში და ამ ინფორმაციებს იაპონელებს აწვდიდა. საქმე კი ის იყო, რომ ხოხლოვს გაბერილ რიცხვებს და ყალბ მასალებს აწვდიდნენ და ისიც მტერს ისე, რომ ვერც ხვდებოდა, დეზინფორმაციებს გადასცემდა. სწორედ მან შეატყობინა იაპონელებს 1941 წლის ნოემბერში, რომ თითქოს შორეულ აღმოსავლეთში ორმილიონიანი საბჭოთა არმია იდგა საუკეთესო შეიარაღებით, რაც სინამდვილეში ათჯერ გადაჭარბებული იყო. პარალელურად კი, „გაქცეულმა“ ზახაროვმა არ ურჩია იაპონელებს საბჭოეთზე თავდასხმა. ამ ყველაფერმა კი იაპონია გააჩერა. საბჭოეთმა კი შორეულ აღმოსავლეთში მდგომი დივიზიები მოსკოვთან გადაისროლა და ფაშისტები მოიგერიეს...“

ბერიას ამ გეგმამ ასი პროცენტით გაამართლა. 1944 წლის მიწურულს, ასევე, ბერიას ძალისხმევით, გამოაპარეს ზახაროვი იაპონიიდან და უმაღლესი ჯილდოც მიანიჭეს. იმავე წელს კი ხოხლოვი გაასამართლეს და დახვრიტეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი