ბელადები

რა ეშმაკური სიახლე დანერგა ბერიამ სტრატეგიული სამხედრო შეიარაღების დარგში

№49

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 18.12, 2022 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია უსაზღვროდ ეშმაკი და იმავდროულად, კრეატიული ადამიანი იყო. თითქმის ყველა თავის საქმეს შემოქმედებითად უდგებოდა და გასაკვირი არაა, რომ განსაცვიფრებელ შედეგებსაც იღებდა. ისეთი პრობლემა არ არსებობდა, რასაც ბერია ვერ გადაჭრიდა და არც ისეთი ამოცანა, რასაც ბერია ვერ ამოხსნიდა.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ახლა უკვე საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ბერია კურირებდა საბჭოთა ატომურ და სარაკეტო პროექტებს. ეს ორივე პროექტი დიდი წარმატებით დასრულდა. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ამ სფეროებში ბერიას მოღვაწეობა მხოლოდ ამ იარაღების დამზადებით არ დასრულებულა და ის სხვა წვრილმანებზეც მუშაობდა.“

რასაც სუდოპლატოვი წვრილმანებს უწოდებს, ესაა საბჭოთა ბირთვული რაკეტების შენიღბვისა და მანევრირების საკითხები. ეს ორი რამ კი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს საომარი მოქმედებების დროს და დიდ უპირატესობას ანიჭებს იმ მხარეს, ვინც უკეთ გაართმევს თავს ამ ამოცანას. 1952 წლის დასაწყისში, როდესაც ატომური იარაღების სულ უფრო და უფრო მეტი და მრავალმხრივი მოდიფიკაციები მზადდებოდა, დღის წესრიგში დადგა მათი შენიღბვისა და მანევრირების საკითხები. ტექნიკა მაშინ იმ დონეზე იყო განვითარებული და როგორც ჩვენ, ასევე ამერიკელებმაც შესანიშნავად იცოდნენ ერთმანეთის ყველა გამშვები შახტების ადგილმდებარეობა და ეს არცერთ მხარეს არ აძლევდა უპირატესობას. მოულოდნელობის ეფექტი იკარგებოდა და როგორც ერთმა, ასევე მეორე მხარემ წინასწარ იცოდა, თუ საიდან შეიძლებოდა წამოსულიყო მტრის რაკეტა. ასეთ სიტუაციაში ბერიამ მოძრავი შემადგენლობების იდეა წამოაყენა და იქვე განმარტა. მან თქვა:

– მეგობრებო, ჩვენი ატომური რაკეტები მოვათავსოთ მუდმივად მოძრავ სარკინიგზო შემადგენლობაში და ისინი ფოსტის ვაგონებად შევნიღბოთ. თუკი სრულ უსაფრთხოებას დავიცავთ, მტერი ვერ მიხვდება ჩვენს ჩანაფიქრს. ჩვენ კი მუდმივი მანევრის საშუალება გვექნება და საჭიროების შემთხვევაში მტერს ყოვლად მოულოდნელი ადგილიდან მივაყენებთ მძლავრ დარტყმასო.

და, მართლაც, ატომური ქობინებით აღჭურვილი „საფოსტო შემადგენლობები“ შეუჩერებლად მოძრაობდნენ მთელი საბჭოეთის ტერიტორიაზე და ერთი ბრძანება იყო საკმარისი, რომ მათ ელვისებური, მოულოდნელი დარტყმა მიეყენებინათ მოწინააღმდეგისთვის.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ნიშანდობლივია, რომ ბერიას მიერ მოგონილი ბალისტიკური რაკეტების შენიღბვა საბჭოთა კავშირის დაშლამდე მოქმედებდა და მხოლოდ მაშინ შეიტყვეს ამის შესახებ დასავლელმა ექსპერტებმა, როდესაც ამის შესახებ მათ თავად საბჭოთა მხარემ გაუმხილა. როგორც თვითმხილველებმა მიამბეს, საექსპერტოდ მყოფი ამერიკელი გენერლები ლამის ისტერიკამ შეიპყრო. მათ ამის თაობაზე ერთხმად უთქვამთ: კიდევ კარგი, რომ ომი არ დაიწყო, თორემ რუსები ისე მოულოდნელად და მძლავრად დაგვარტყამდნენ, რომ თვალსაც ვერ დავახამხამებდითო. ერთ-ერთ გენერალს კი ზიზღით უთქვამს: სად იყურებოდა ჩვენი დაზვერვა? ეს ხომ მათი პირდაპირი მოვალეობაა და „ცეერუს“ ტყუილად ვაძლევთ ამდენ თანხებსო. სხვათა შორის, „ცეერუს“ გაცურების, მათი ყურადღების მოდუნების სქემაც ბერიას მიერ ძალიან ოსტატურად იყო შემუშავებული. ამერიკელები საკმაოდ ოსტატურად შეთხზულ დეზინფორმაციებს იღებდნენ სხვადასხვა „ძვირფასი წყაროდან“ და წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ ეს „ძვირფასი წყაროები“ ბერიას მიერ იყვნენ შექმნილები.“

„ცეერუს“ ლეგენდარულმა დირექტორმა, ალენ დალესმა ბერიას ტყუილად როდი უწოდა „დაზვერვის გენია“. თავის მემუარებში დალესი ზუსტ ანალიზს უკეთებს ბერიას მოღვაწეობას და ასკვნის, რომ ფაშიზმზე გამარჯვებაში ბერიას დიდი წვლილი მიუძღვის და რომ არა მის მიერ აწყობილი სტრუქტურის (დაზვერვის) ჭკვიანური, დახვეწილი და თავდადებული მუშაობა, რომელმაც გადაწყვიტა მეორე მსოფლიო ომის ბედი, მარტო „წითელი არმია“ ვერაფერს გახდებოდაო.

საბჭოთა საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი, გენერალი პავლე ფიტინი: „მიუხედავად იმისა, რომ ბერია საბჭოთა უშიშროების ხელმძღვანელი იყო, ის ერთნაირი წარმატებით ერკვეოდა როგორც საორგანიზაციო, ასევე ოპერატიულ თუ სხვა საქმიანობაში. თავისი უშრეტი ენერგიის წყალობით, ბერია ყველაფერს ასწრებდა და არამარტო ასწრებდა, არამედ ყველა საქმეს წარმატებით ახორციელებდა. მას შეეძლო, გადაბმულად, უწყვეტი რეჟიმით დაძაბულად ემუშავა რამდენიმე დღე-ღამე და ამ ხნის განმავლობაში ლუკმაც კი არ ჩაედო პირში და წვეთი წყალიც არ დაელია. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ასეთ თავდადებას მოითხოვდა ბერია ჩვენგანაც, მაგრამ ყველა როდი უძლებდა ასეთ გიჟურ ტემპს.“

გამომდინარე იქიდან, რომ ბერია ერთდროულად რამდენიმე დიდ საქმეს იყო შეჭიდებული, სამუშაო სტილიდან გამომდინარე, ის ყველაფერს პირადად, ადგილზევე უნდა გაცნობოდა, ხოლო, რა თქმა უნდა, ერთდროულად რამდენიმე ადგილზე ვერ იქნებოდა, ამიტომ მას სპეციალური სწრაფმფრენი თვითმფრინავი დაუმზადეს. აგრეთვე, ფორსირებულძრავიანი, სწრაფმავალი ავტომობილები და ბერია მუდმივ მოძრაობაში იმყოფებოდა. ის დილით შეიძლება, მოსკოვში ყოფილიყო, საღამოს – ურალის მთებს გადაღმა, გვიან ღამით კი – კავკასიაში. ბერიას, მიუხედავად ასეთი საშინლად მომქანცველი დღის რეჟიმისა, დაღლა არ ეტყობოდა (ან არ იტყობდა) და ყოველთვის მზად იყო, რომ იტყვიან, თავით გადაშვებულიყო იმ უზარმაზარ საქმეებში, რასაც მას სტალინი ავალებდა და რასაც ბერია შესანიშნავად ასრულებდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი