ბელადები

რა ეშმაკური კომბინაცია ჩაატარა ბერიამ ნიკოლაი ვლასიკის წინააღმდეგ

№47

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 04.12, 2022 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია ძალაუფლების მოყვარული ადამიანი იყო და საამისოდ ყველა რესურსი ჰქონდა. მათ შორის აკრძალულ ხერხებსაც დიდი წარმატებით იყენებდა, რაც საბჭოთა სახელმწიფოში სულაც არ იყო აკრძალული.

მწერალი ბორის სოკოლოვი: „აბდურაჰმან ავტორხანოვს თუ დავესესხებით, მით უმეტეს, მის მსჯელობას თუ ვირწმუნებთ, ლავრენტი ბერია იყო სტალინის ჯალათი – აბსოლუტური ძალაუფლებისკენ მიმავალმა ბერიამ საბჭოთა ბელადი გზიდან ჩამოიშორა. ეს რამდენად სარწმუნოა, სხვა საკითხია, მაგრამ თუკი ამ ხაზს მივყვებით, მაშინ უცილობლად უნდა ვირწმუნოთ, რომ ბერიასთვის ბოლო ბარიერი გენერალი ნიკოლაი ვლასიკი იყო. სტალინის დაცვის უფროსი, როგორც მას უწოდებდნენ, „სტალინის აჩრდილი“ და მხოლოდ ვლასიკის განეიტრალების მერე იყო შესაძლებელი თავად სტალინის განეიტრალება. ეს სინამდვილეში ასეც მოხდა. ვლასიკი 1952 წლის დეკემბერში დააპატიმრეს, რასაც სულ მალე სტალინის სიკვდილიც მოჰყვა. ხოლო ვლასიკი რომ ბერიამ გაანეიტრალა, ეს უცილობელი ფაქტია. დანარჩენი კი თავად მკითხველმა განსაჯოს.“

სტალინის უერთგულესი ადამიანი, მართლაც რომ, მისი „აჩრდილი“, ვლასიკი, 1952 წლის დეკემბრის დასაწყისში დააპატიმრეს. მას ბრალად დასდეს საიდუმლო ინფორმაციების გამჟღავნება და მატერიალური ფასეულობების დატაცება. 1956 წელს შეწყალებული ვლასიკი ციხიდან გამოუშვეს. მაგრამ მისთვის არც გენერლის წოდება და დამსახურებული ჯილდოები (ორდენები) დაუბრუნებიათ და არც პარტიაში აღუდგენიათ. ვლასიკი თავის მემუარებში წერდა: „სტალინზე მე სასტიკად ნაწყენი ვიყავი: 25-წლიანი უანგარო მსახურობის განმავლობაში ერთი შენიშვნაც კი არ მიმიღია. მხოლოდ შექება და ჯილდოები მქონდა. მე კი პარტიიდან გამრიცხეს და ციხეში ჩამსვეს. ჩემი უსაზღვრო ერთგულებისთვის მან მტრების ხელში ჩამაგდო. მაგრამ არასდროს, წამითაც კი, რა მდგომარეობაშიც კი არ უნდა ვყოფილიყავი, როგორ დამცირებასაც არ განვიცდიდი ციხეში ყოფნისას, ჩემს სულში სტალინზე ბოროტება არ გამივლია.“ ის, რომ სტალინის ნებართვის გარეშე ვლასიკს ვერავინ ახლებდა ხელს, ნათელზე ნათელია. ისიც აშკარაა, რომ ვლასიკს მხოლოდ ბერია თუ „გაუჩალიჩებდა“ და ეს ასეც მოხდა. გაფლანგვა და საიდუმლოებების გამჟღავნება მხოლოდ ამ საქმის ოფიციალური ნაწილისთვის იყო აუცილებელი. ასეთი რამ „ენკავედეს“ გამომძიებლებს არ უჭირდათ. სინამდვილეში კი, აი, რა მოხდა: ნოემბრის მიწურულს ბრიტანულ პრესაში გამოჩნდა პუბლიკაციები. მათში ორი რამ იყო მთავარი. პირველი – გაშიფრული იყო სტალინის დაცვის სისტემა როგორც კრემლში, ასევე კუნცევოს აგარაკზე და ზოგადადაც. და მეორე – ნახსენები იყო ვალია ისტომინა, როგორც სტალინის ფარული ცოლი. ეს ქალი სტალინის მოახლე იყო. კუნცევოს აგარაკზე ცხოვრობდა და სავარაუდოდ, მართლაც ჰქონდა ბელადთან ინტიმური ურთიერთობა. როგორც სტალინის დაცვის ერთ-ერთი წევრი, ტუკოვი ყვებოდა ვიწრო წრეში, სტალინს ეს პუბლიკაციები პირადად ბერიამ მიუტანა. სამი დღის მერე კი ნიკოლაი ვლასიკი უკვე „ენკავედემ“ დააპატიმრა. ამის შემდეგ სტალინმა ბერიას მკაცრად დაავალა იმ წყაროს დადგენა და დასჯა, ვინც ეს ინფორმაციები ჟურნალისტებს ჩაუგდო ხელში (ბელადი დარწმუნებული იყო, რომ ამას ვლასიკი შეგნებულად არ იზამდა და მას ეს გაუფრთხილებლობით, როგორც თავად თქვა, „ლაყბობით“ მოუვიდა). დადგინდა წყაროც – ვინმე კონდრატ ნეჩაევი, მაიორი. ის „ენკვავდეს“ თანამშრომელი იყო და სექტემბრის თვეში ლონდონში მეკავშირედ გაგზავნეს. თუმცა, მას საგარეო დაზვერვის ხაზით სპეციალური მომზადება არ ჰქონდა გავლილი და ინგლისურ ენასაც კი არ ფლობდა. ასეთი რამ კი მეკავშირე არალეგალისთვის არნახული რამ იყო. მთავარი კი ამ საქმეში ის იყო, რომ ნეჩაევი ვლასიკის შორეული ნათესავი იყო. სწორედ, ვლასიკმა მოაწყო ის ორგანოში და მთელი ეს კომბინაცია ვლასიკის კომპრომეტაციისთვის იყო განხორციელებული. „მოღალატე“ ნეჩაევი „მოტაცების ოპერაციის“ დროს იქნა „ლიკვიდირებული“. სინამდვილეში კი ის „ენკავედეს“ ოპერებმა მოკლეს. თავიდან მოიშორეს მოწმე, რომელსაც ბრიტანული პრესისთვის არანაირი ინფორმაცია არ გადაუცია.

ბორის სოკოლოვი: „სუდოპლატოვთან პრივატული საუბრიდან შევიტყვე, რომ ნეჩაევის ამბავსაც პირადად ბერიასთან მივყავდით. პავლე ანატოლის ძეს (სუდოპლატოვი) მართალს ვიტყვი და ცოტა ეშმაკური ხერხით დავტყუე ეს აღიარება. ის ახლა ცოცხალი არაა და ამას ამიტომ ვწერ. სუდოპლატოვს ის კი არ უთქვამს, რომ ბერიამ ნეჩაევს რაიმე მსგავსი დაავალა. მან თქვა, რომ ნეჩაევი ყოვლად შეუფერებელი იყო იმ როლისთვის, რაც დაევალა და დაამატა, რომ სავარაუდოდ, მან რისკის ქვეშ დააყენა ჩვენი რეზიდენტურა და ამისთვის დაისაჯაო. არადა, ასეთი სერიოზული მისიით ბერიას ვიზის გარეშე საზღვარგარეთ მეკავშირედ არავის აგზავნიდნენ. სწორედ ეს იძლევა იმის საფუძვლიან ეჭვს, რომ მთელი ეს კომბინაცია ბერიამ ვლასიკის, შემდგომ კი სტალინის გასანეიტრალებლად ჩაატარა“.

მწერალ ბორის სოკოლოვის ვერსია მხოლოდ ვერსიად დარჩება, ისევე როგორც ავტორხანოვის, მანამ, სანამ დასაბუთებული სიმართლე არ გაირკვევა. სოკოლოვი ირიბად, ავტორხანოვი კი პირდაპირ ადანაშაულებს ბერიას სტალინის მკვლელობაში და სინამდვილეში რა მოხდა, ჯერჯერობით არავინ იცის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი