ბელადები

რა ეშმაკობით ცდილობდა ბერია ძირძველი ქართული მიწების დაბრუნებას

№27

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 16.07, 2023 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ხრუშჩოვისეულმა სასამართლომ ბერია უკიდურეს ნაციონალისტად და სახელმწიფოს მოღალატედ გამოაცხადა. მერე კი მათმა მიმდევრებმა უკვე მოკლულსა და შეურაცხყოფილს, უამრავი საზიზღრობა დააბრალეს.

სერგო ბერია: „როცა მამაჩემს ასამართლებდნენ, მამა, სავარაუდოდ, უკვე დიდი ხნის მოკლული იყო და სწორედ ამიტომ არ იღებდა ხმას სასამართლოზე მჯდომი მამაჩემის ორეული იმ ფანტასტიკურ ბრალდებებზე, რომელიც მას წაუყენეს და სახელმწიფოს მტრობასა თუ უკიდურეს ნაციონალიზმში დასდეს ბრალი.

ბერიასთვის უკიდურესი ნაციონალისტის ბრალდების მიკერებას წინ თავისი პრეისტორია უძღოდა. კონკრეტულად ის, რომ ბერიას ისტორიული სამართლიანობის აღდგენა სურდა და იმ ძირძველი ქართული მიწების დაბრუნება უნდოდა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შედიოდა, ანუ დაბა ლესელიძის გაგრძელება ტუაფსემდე.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ბერიას, ეგრეთ წოდებული, საბჭოთა შავიზღვისპირეთის უდიდესი ნაწილის დაბრუნება უნდოდა საქართველოსთვის. ის ძალიან ეშმაკურად მოქმედებდა. ჯერ კიდევ 30-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ბერია საქართველოსა და ამიერკავკასიის ცეკას პირველი მდივანი იყო, თავის გეგმას შეფარულად ახორციელებდა. იმ პერიოდში, ბერიას ძალისხმევით, ფართოდ იყო გაშლილი კომპლექსური სამუშაოები ყველა მიმართულებით. ერთ-ერთი მათგანი იყო კოლხეთის ჭაობების ამოშრობა და იქ მეურნეობების გაშენება. ამ ამოცანას ბერიამ წარმატებით გაართვა თავი. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიების ათვისების მიზნით, ცენტრალურ მთავრობას კოლხეთის დაბლობზე მრავალრიცხოვანი რუსი ეროვნების მოსახლეობის ჩასახლება უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, ბერიამ ეს არ დაუშვა. მან საკუთარი ძალებით აითვისა ეს მიწები და იქ ქართველები დაასახლა. სხვათა შორის, როდესაც რუსების ერთი პარტია გემით შემოდიოდა საქართველოში, ჯერ კიდევ რუსეთის ტერიტორიაზე ამ გემს კატასტროფა შეემთხვა და თითქმის ყველა დაიღუპა. საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ გემზე ტოტალური ლოთობა იყო გაჩაღებული. მათ შორის, კაპიტანიც გალეშილი იყო და ავარიაც ამ მიზეზით მოხდაო. მართალია, შემდგომ ეს ინციდენტი ბერიას მიერ შეკვეთილ დივერსიად მოინათლა, მაგრამ არ დადასტურდა. ბერია ცენტრალურ მთავრობას ისეთ პროექტს სთავაზობდა, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვრებს სცილდებოდა. ეს იყო აგროპროექტები და სამშენებლო კომპლექსები შავიზღვისპირეთში. პროექტების დამტკიცების შემდეგ კი ბერია თავის თანამემამულეებს გზავნიდა ამ სამუშაოებზე და ფაქტობრივად, ქართველებით ასახლებდა ძველ ქართულ მიწებს, რომლებიც რუსეთის იმპერიამ წაჰგლიჯა საქართველოს.“

ასე წარმოიშვა ქართული დასახლება სოჭში, მთელი შავიზღვისპირეთის ზოლზე, ტუაფსეს ჩათვლით, რომელიც ადრე ნიკოფსია იყო. ამგვარად, ლავრენტი ბერია ნიადაგს ამზადებდა ძირძველი ქართული მიწების დასაბრუნებლად, რასაც ის აუცილებლად განახორციელებდა სტალინის გარდაცვალების შემდეგ, თანაც უმტკივნეულოდ, მართალია, ეშმაკური გზით, მაგრამ იურიდიულად გამართულად. საგულისხმო ფაქტია, რომ ამ შეფარული პროექტის ფარგლებში ბერიამ შავიზღვისპირეთის ზოლში 60 ათასი ქართველი დაასახლა.

ბორის სოკოლოვი (მწერალი): „ეშმაკ, თვალთმაქც ბერიას 1953 წლის აპრილში მინისტრთა საბჭოში კანონპროექტი ჰქონოდა შეტანილი. მასში ეწერა, რომ სოციალისტური გეგმით გათვალისწინებული აგრო და სხვა უმნიშვნელოვანესი საჭიროებებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ სოჭი-ტუაფსეს შავიზღვისპირეთის მონაკვეთი საქართველოს იურისდიქციაში გადავიდესო. ბერიას გავლენიდან გამომდინარე, ამ კანონპროექტს დაამტკიცებდნენ და ბერია ყოველგვარი გართულებების გარეშე დაუბრუნებდა ამ ძირძველ ქართულ მიწებს თავის ქვეყანას. მაგრამ, როგორც კი ბერია ჩამოიშორეს, ხრუშჩოვის ბრძანებით, იქ ჩასახლებული ქართველების აყრა და უკან დაბრუნება დაიწყო. თუმცა, მხოლოდ 10 ათასი ადამიანის დეპორტაცია მოხერხდა. დანარჩენებმა გამოსავალი მოძებნეს – გვარები რუსულ ყაიდაზე გადაიკეთეს, ან აფხაზებად ჩაეწერნენ და მათთვის ხელი არავის უხლია, თან ქრთამსაც იხდიდნენ.“

დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ზუსტად რა და როგორ მოხდა ბერიას დაპატიმრება, მოკვლა და ფალსიფიცირებული სასამართლოს მოწყობა, ამას, ალბათ, საარქივო მასალების გასაჯაროების მერე თუ შევიტყობთ, დანამდვილებით კი იმის თქმა შეიძლება, რომ ბერია უნიჭიერესი, იმავდროულად, ცბიერი, ეშმაკი ადამიანი იყო. მას საქართველოსთვის ბევრი კარგი აქვს გაკეთებული, თუმცა, ცუდიც.“

კოლხეთის ჭაობების ათვისება არ იყო მხოლოდ მიწების დასაბრუნებლად განკუთვნილი ეშმაკობა. არამედ ამ პროექტმა დიდი სარგებელი მოუტანა საქართველოს. საკავშირო ბიუჯეტიდან მიღებული თანხებით იქ ისეთი სუბტროპიკული მეურნეობები გაშენდა, რომლებიც სხვაგან ვერ მოიკიდებდა ფეხს და იქ მოყვანილი უხვი, მრავალფეროვანი მოსავალი მთელ საბჭოეთში სარფიანად იყიდებოდა. გარდა ამისა, ამ პროექტზე მიბმული იყო წვენების მრეწველობა. აშენდა ლიმონათისა და სხვადასხვა წვენების ჩამომსხმელი ქარხნები და საქართველო აწარმოებდა და ყიდდა (მათ შორის უცხოეთში) ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქციას. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში კი გაიხსნა ამ მრეწველობისთვის საჭირო ფაკულტეტები და იზრდებოდნენ სპეციალისტები. აგრეთვე, გაიხსნა სუბტროპიკული ინსტიტუტიც და ყველაფერი ეს საკავშირო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. რომ იტყვიან, ბერიამ ერთი გასროლით არა ორი, არამედ რამდენიმე კურდღელი მოკლა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა