ბელადები

რა ექსპერიმენტზე დართო ნება სტალინმა ბერიას 1929 წელს

№41

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 24.10, 2021 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია, ორიგინალურად რომ ვთქვათ, სტალინის შემდეგ (არ გამოვრიცხავ, რომ ამაში სტალინსაც კი სჯობდა) საბჭოთა კავშირის ექსკლუზიური ინოვატორი იყო და სწორედ, მისმა ორიგინალურმა, ინოვაციურმა იდეებმა შეუწყო ხელი საბჭოთა კავშირს ჯერ წელში გამართვაში, შემდგომ ჰიტლერის დამარცხებაში და მერე კი – ქვეყნის ხელახლა აღორძინებაში. პროფესორი როი მედვედევი: „ლავრენტი ბერიას ადვოკატად ნამდვილად არ გამოვდგები და არც ვიკისრებ ამ მისიას, თუმცა სიმართლე არ უნდა დაიკარგოს და ვიტყვი, რომ ლავრენტი ბერიას კოლოსალური დამსახურებაა ის, რომ საბჭოთა კავშირი გამართულ, რუსულენოვან სახელმწიფოდ მოევლინა მსოფლიოს. ჯერ კიდევ ჰიტლერთან ომამდე, საქართველოში მოღვაწეობისას, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ლავრენტი ბერია თავის სამშობლოში (საქართველოში) ქმნიდა იმ სრულყოფილი სახელმწიფოს მოდელს, რომელიც მაგალითი უნდა ყოფილიყო ყველასთვის. თავისი კოლეგებისგან განსხვავებით (ვგულისხმობ ცალკეული რესპუბლიკების მეთაურებსა თუ სხვა მაღალჩინოსნებს), ბერია სხვაგვარად მოაზროვნე იყო და ასი თავით მაღლა იდგა მათზე, როგორც განათლებითა და ინტელექტით, ასევე სიმამაცითაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბერიას სტალინისთვის შესაძლოა, ისეთი შეთავაზებები გაეკეთებინა და მასთან ისეთ თემებზე ელაპარაკა, რასაც თვით სტალინთან უფრო ახლოს მდგომები და მაღალი თანამდებობის პირებიც კი ვერ ბედავდნენ. მავანთ მიაჩნიათ, რომ ეს გარემოება ბერიასა და სტალინის ქართველობით იყო გამოწვეული და ბერია ეროვნული ნიშნით პოულობდაო ბელადთან საერთო ენას. თუმცა, ეს სრული აბსურდია. უბრალოდ, სტალინი გონიერი ადამიანი იყო და კარგად ხედავდა, რომ ბერია ძალიან ნიჭიერი, კრეატიული ადამიანი იყო და ამიტომ დაიახლოვა და დააწინაურა. სხვათა შორის, ბევრი სიახლე, რომელიც შემდგომ მოსკოვმა მიიწერა და დღესაც ჰგონიათ, რომ მათი იდეა იყო, ლავრენტი ბერიას მიერ იყო აპრობირებული და დანერგილი ჯერ საქართველოში, შემდგომ კი – სხვაგან“.

ლავრენტი ბერია ჯერ კიდევ არ იყო საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი და მხოლოდ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის პოსტი ეკავა, როდესაც მთელი რიგი რეფორმები ჩაატარა. მარტო ის რად ღირს, რომ 1929 წელს, ბერიამ საქართველოში სრულფასოვანი, მსოფლიო დონის კრიმინალისტიკური სამსახური შექმნა. იმ პერიოდში, საუკეთესო კრიმინალისტიკური უწყებები დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას ჰქონდა და ბერიამ, სწორედ, იქიდან გამოიტანა თანამედროვე ლაბორატორიები. ჩამოიყვანა საუკეთესო სპეციალისტები, რომლებმაც ადგილობრივი კადრები მოამზადეს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სავალუტო ხარჯები იყო და ბერიამ ყველაფერი სტალინთან შეთანხმებით განახორციელა. სერგო ბერია (ლავრენტი ბერიას ვაჟი): „მამასგან ვიცი ამ ისტორიის შესახებ და პირველ პირში მოგითხრობთ: მას შემდეგ, რაც ბრიტანულ და გერმანულ შესაბამის ლიტერატურას გავეცანი, რომლებიც რეგულარულად მომდიოდა სამსახურებრივი საჭიროებისამებრ, გადავწყვიტე, რომ ჩვენშიც (საქართველოში) შეგვექმნა მსგავსი სამსახური. ამას კი საკმაოდ მნიშვნელოვანი სავალუტო ხარჯები სჭირდებოდა. ასეთი ხარჯები კი მოსკოვის ნებართვის გარეშე წარმოუდგენელი იყო და მივიღე თამამი გადაწყვეტილება, რომ დახმარება სტალინისთვის მეთხოვა. მოსკოვში ჩავედი. კრემლში სტალინს ვესაუბრე და ყველაფერი დაწვრილებით ავუხსენი. სტალინი ცოტა ხნით ჩაფიქრდა და მითხრა:

– კარგი. მოდი, გააკეთე ეს საქმე და ვნახოთ, რა გამოვა შენი ექსპერიმენტიდანო...

თბილისში ფრთებშესხმული დავბრუნდი და 1930 წლისთვის საქართველოში სრულფასოვანი კრიმინალისტიკური სამსახური გვქონდა...“

ლავრენტი ბერიას სახელის ხსენებისას ყველას რეპრესიები ახსენდება და მას პირსისხლიან ჯალათად სახავენ. არავინ საუბრობს იმაზე, თუ რა დიდი სარგებლობა მოუტანა ბერიამ, თუნდაც, საქართველოს. რეპრესიები, რა თქმა უნდა, საკმაოდ მასშტაბური იყო. საქართველოში კი, სხვათა შორის, ბერიას წყალობით, ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალ ნიშნულზე იდგა. თანაც, ეგრეთ წოდებულ, 37 წელთან ბერიას მიზერული შეხება ჰქონდა და როდესაც ეჟოვი მილიონობით ადამიანს ხოცავდა, ბერია საქართველოში აღმშენებლობით იყო დაკავებული. პავლე სუდოპლატოვი: „ბერია ეშმაკი, საზრიანი კაცი იყო და წინასწარ პრევენციულ ღონისძიებებს ატარებდა, რომ არც მწვადი დაეწვა და არც შამფური, მან შექმნა ტოტალური კონტროლის მექანიზმი. „ენკავედემ“ იცოდა, თუ ვინ რითი სუნთქავდა საქართველოში და პრევენციის მიზნით არა ერთი „არასაიმედო“ დაუპატიმრებიათ. თუმცა, როდესაც რეპრესიებმა ჩაიარა, მათი 90 პროცენტი გაათავისუფლეს და ეს დახვრეტებზე ბევრად უკეთესი იყო და ბერიამ ბევრ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე...“

ლავრენტი ბერიაზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი. მაგრამ ამ საუბრებისას აუცილებელია მიუკერძოებლობა, ყველა მისი ქმედების სწორი განსჯა და საბოლოო სიმართლეც მხოლოდ ამის მერე გაირკვევა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი