ბელადები

რა ექსპერიმენტი განახორციელა ბერიამ საქართველოში

№50

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 28.12

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია სტალინურ პოლიტბიუროში ყველაზე ნიჭიერი და საქმიანი ადამიანი იყო და მისი თავბრუდამხვევი კარიერა სწორედ ამ ადამიანის განსაკუთრებული უნარების დამსახურებაა.

პროფესორი პავლე ლავრენტიევი: „ბერია რომ განსაკუთრებული შესაძლებლობების კაცი იყო და ათი თავით სჯობნიდა თავის კოლეგებს, წყალი არ გაუვა. სწორედ ამიტომ დანიშნა სტალინმა ბერია ყველაზე რთულ პერიოდში ყველაზე საპასუხისმგებლო პოსტზე და ლავრენტი პავლეს ძემ სრულად გაამართლა ბელადის იმედები. ბერიამ საბჭოთა უშიშროება მანამდე არნახულ მწვერვალებზე აიყვანა და მსოფლიოში ნომერ პირველ სპეცსამსახურად გადააქცია. ბერია უნიკალური ადამიანი იყო. მას უშრეტი ენერგია ჰქონდა და რამდენიმე საქმეს ერთმანეთს დიდი წარმატებით უთავსებდა. მას შეეძლო, როგორც ოპერატიულ თანამშრომელს, ისე ემოქმედა, ასევე, უამრავი საბუთების გროვა გაერჩია და მოეწესრიგებინა. საგულისხმო ფაქტია, რომ ბერიამ სტალინს ანტირელიგიური კანონი გააუქმებინა. ენკავედეს საბუთების დათვალიერებისას ლავრენტი ბერია დადგენილებას წააწყდა, რომელსაც 1919 წლის 1 მაისს ლენინი აწერდა ხელს. საბუთი 13/166 ნომრით იყო რეგისტრირებული. ამ დადგენილებით, ჩეკას პირდაპირ ევალებოდა ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, მის მსახურებთან და მორწმუნე მრევლთან ბრძოლა. დიდი ოქტომბრის რევოლუციის ბელადი ლენინი პირდაპირ მოუწოდებდა მღვდლების დაპატიმრებასა და ციხეებში გაგზავნას, მორწშუნე მრევლის შევიწროებას, ეკლესიების გაუქმებასა და მრავალი მათგანის განადგურებას. მართალია, სტალინს ლენინის სიკვდილის შემდეგ ეკლესიები არ გაუნადგურებია და რაც დაანგრიეს, ეს ცალკეული პირების კერძო ინიციატივა იყო, მაგრამ ბანაკებსა და ციხეებში უამრავი მორწმუნე ტყუილად, მორწმუნეობის გამო იხდიდა სასჯელს. ბერიამ სტალინს დადგენილების გაუქმება შესთავაზა. 1939 წლის 11 ნოემბერს ეს სატანური დადგენილება გაუქმდა. ციხეებიდან კი 700 ათასი მორწმუნე ქრისტიანი დაუბრუნდა ოჯახებს.

ლავრენტი ბერიას ვაჟი, სერგო ბერია, ძალიან საგულისხმო ინფორმაციას გვაწვდის: „ბებიაჩემი მართა ჯაყელი ჩვენთან ერთად ცხოვრობდა. მართა ბებია უაღრესად მორწმუნე ადამიანი იყო. მას სახლში ხატების კუთხე ჰქონდა და რეგულარულად ლოცულობდა. ის ლურჯ მონასტერში დადიოდა და მამამ ბებიას თხოვნით, ეკლესიის მოძღვარი და სხვა მსახურები გაათავისუფლებინა პატიმრობიდან, რომლებიც „ჩეკამ“ იმიტომ დააპატიმრა, რომ მათ ეკლესიის ეზოში სააღდგომო რიტუალი ჩაატარეს და ქუჩაში მოსიარულე მოქალაქეებს სააღდგომო კვერცხებსა და პასკებს ჩუქნიდნენ. აღსანიშნავია, რომ როდესაც ჩვენ სახლიდან გავდიოდით, მართა ბებია პირჯვარს გვწერდა და გვლოცავდა. და რაოდენ საოცარი, დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, მამაჩემი, ლავრენტი ბერია ჯვარს ატარებდა. მას მართა ბებიამ უბრალო ნათლობის ჯვარი ჩამოჰკიდა და მამა მას არასდროს იხსნიდა.“

აღსანიშნავია, რომ ბერიას ძალისხმევით შეწყდა ანტიქრისტიანული ბეჭდვითი გამოცემების წარმოება ჯერ საქართველოში, შემდგომ კი საბჭოთა კავშირში მთლიანად გაუქმდა უღმერთო ათეისტთა საზოგადოება.

ბერია, რა თქმა უნდა, ორთოდოქსი მორწმუნე ქრისტიანი არ ყოფილა, მაგრამ ლავრენტი პავლეს ძე არც თავგადაკლული კომუნისტი იყო. ბერია ხშირად არღვევდა, ეგრეთ წოდებულ, კომუნისტურ დოგმებს. განსაკუთრებით კი ეს ხდებოდა დიდი პროექტების განხორციელებისას. პირველად ბერიამ ასეთ ექსპერიმენტებს საქართველოში მიმართა. შემდგომში მას ეს გაუხსენეს და კაპიტალიზმის რესტავრაციის მცდელობაში დასდეს ბრალი. საქმე ეხებოდა, ეგრეთ წოდებული, კოლექტიური ნორმების შესრულების საკითხს. როგორც ცნობილია, საბჭოთა კავშირში კოლექტიურ მეურნეობებს სახელმწიფო გეგმების შესრულება უწევდათ ხორცისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ჩასაბარებლად. ბერიამ კი შრომისუნარიანობის ამაღლების მიზნით, კოლმეურნეებს ნება დართო, ნორმებს ზემოთ წარმოებული პროდუქცია პირადი სარგებლობისთვის გამოეყენებინათ. ანუ, მაგალითად, თუ 6 გოჭი უნდა გამოეზარდა და 8 გოჭს ან მეტს გაზრდიდა, დანარჩენი ორი მისი იყო. ასევე, ნაწილდებოდა სხვა პროდუქციის ნამატიც. და ყველაფერი ეს სახელმწიფოს ხარჯზე ხორციელდებოდა, ანუ საკვებს ცხოველებისთვის და საჭირო საწარმოო მასალებს სხვა დარგებისთვის სახელმწიფოს ხარჯზე იძენდნენ. ამ ექსპერიმენტმა არნახულად გაამართლა. ქაროთველი გლეხობა გამდიდრდა. სახელმწიფოსაც დიდი მოგება ჰქონდა და ყველა კმაყოფილი იყო. ბერიას ამ ინოვაციამ შემდგომ მთელი საბჭოთა კავშირი მოიცვა და ფრიად სასარგებლო გამოდგა ქვეყნისთვის. საქართველოში სოფლის არნახულ აღორძინებას ზედ დაერთო ის, რომ კოლმეურნეებს საშუალება ჰქონდათ, აეშენებინათ და მოეწყოთ საკუთარი სახლები. და ეს ხორციელდებოდა, ეგრეთ წოდებული, ბარტერით, გაცვლის გზით. საქართველოდან რუსეთში იგზავნებოდა ციტრუსები, ჩაი, იქიდან კი ხე-ტყე და სხვა სამშენებლო მასალები ჩამოჰქონდათ. ამგვარად მოიპოვა ბერიამ უდიდესი პოპულარობა და სიყვარული თავის სამშობლოშმი. აღსანიშნავია ისიც, რომ ბერიას უფრო მეტი რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე სტალინს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი