ბელადები

რა ასაკში ჩაება სტალინი რევოლუციურ მოძრაობაში

№28

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 24.07

სტალინის შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ის ადამიანი იყო, ვინც ადრეული ასაკიდან ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში და უზარმაზარი გამოცდილება დააგროვა, რაც მას დიდად დაეხმარა უკვე სახელმწიფო მმართველობისას.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი (სტალინის ბიოგრაფი): „როგორც ცნობილია, სტალინს არასრული სემინარიული განათლება ჰქონდა მიღებული, რადგან მომავალი ბელადი ამ სასწავლებლიდან გარიცხეს. სხვადასხვა ისტორიული წყაროები ამის მიზეზად განსხვავებულ მიზეზს ასახელებენ. სინამდვილეში კი არასრულწლოვანი იოსებ ჯუღაშვილის სემინარიიდან გარიცხვის მიზეზი რევოლუციურ-იატაკქვეშა მოძრაობაში აქტიური მონაწილეობა იყო. სტალინი ბავშვობიდანვე მოექცა „ოხრანკის“ (მეფის რუსეთის უშიშროების სამსახური) ყურადღების ცენტრში და მასზე აქტიურ დაკვირვებებს ახორციელებდნენ. პატარა იოსები ღამღამობით იპარებოდა ხოლმე სემინარიის საერთო საცხოვრებლიდან და დიდუბის დეპოს მუშათა არალეგალურ შეკრებებს ესწრებოდა. ყველას უკვირდა ასეთი პატარა ბავშვის მსგავსი აქტიურობა, საზრიანობა და თავდადება. ყოველივე ამასთან ერთად პატარა სოსო განსაკუთრებული ნიჭიერებითაც გამოირჩებოდა. როგორც ცნობილია, მიუხედავად ღრმა კონსპირაციისა, „ოხრანკამ“ დიდუბის დეპოს მუშებშიც მოახერხა თავისი აგენტის ჩანერგვა. ეს იყო ვინმე მესროპ არუთინოვი, წარმოშობით მეწაღეთა ოჯახიდან, თუმცა, თავად დეპოს მუშა გახდა და ის „ოხრანკამ“ მეგობრისთვის 3 მანეთის ქურდობაში გამოიჭირა. ამის საფუძველზე განხორციელდა მისი გადაბირება და მარქსისტ-მუშათა წრეში შეგზავნა. სწორედ არუთინოვს მიჰქონდა „ოხრანკაში“ ცხელ-ცხელი ინფორმაციები დეპოს მუშათა გეგმების შესახებ. არუთინოვმა „ოხრანკაში“ არალეგალთა სრული სიაც მიიტანა და ამ სიაში პატარა იოსებ ჯუღაშვილიც მოხვდა... სწორედ მაშინ გამოჩნდა მეფის უშიშროების სამსახურის საიდუმლო მასალებში პატარა სოსო... მოგვიანებით, მესროპ არუთინოვი მისსავე თანამემამულემ სიმონ ტერ-პეტროსიანმა დასაჯა, ანუ მოღალატეობრივი საქმიანობის გამო მისი ლიკვიდაცია განახორციელა. სიმონ ტერ-პეტროსიანი კი ცნობილი რევოლუციონერი იყო, რომელსაც მსოფლიო „კამოს“ სახელით იცნობს. თუმცა, სანამ არუთინოვი დაისჯებოდა, მან თითქმის 10 წელიწადი იჯაშუშა „ოხრანკის“ სასარგებლოდ და არაერთი საქმე და ადამიანი ჩაუგდო ხელში „ოხრანკას“. მიუხედავად იმისა, რომ სემინარისტი სოსო ჯუღაშვილი „ოხრანკის“ დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ის მაინც ახერხებდა იატაკქვეშა საქმიანობის ძალიან ნაყოფიერად წარმართვას. თანაც, ამას მომავალი ბელადი სემინარიის კედლებში აკეთებდა. თბილისის სასულიერო სემინარიას საკუთარი სტამბა ჰქონდა, სადაც რელიგიურ ლიტერატურას ბეჭდავდნენ. სოსო ხშირად რჩებოდა ხოლმე სტამბაში და მბეჭდავს ეხმარებოდა. თანაც, იმდენს ახერხებდა, რომ პროკლამაციებსაც ბეჭდავდა – 100-100, 200-200 ცალს. აგროვებდა მათ და თავის ოთახში ინახავდა. შემდგომ კი ათასობით პროკლამაცია კონსპირაციულ ბინაში მიჰქონდა და იატაკქვეშელები ამ პროკლამაციებს ღამით თბილისის ქუჩებში აკრავდნენ. ხშირად თავად პატარა სოსოც მონაწილეობდა პროკლამაციების გაკვრაში, რაც უდიდეს რისკთან იყო დაკავშირებული. ამ ურთულეს პერიოდში, თბილისში კბილებამდე შეიარაღებული კაზაკთა რაზმები პატრულირებდნენ. და რაც მთავარია, კაზაკებს მკაცრი ბრძანება ჰქონდათ მიცემული, რომ მცირედი დაუმორჩილებლობის შემთხვევაშიც კი მათ ცეცხლსასროლი იარაღი გამოეყენებინათ. ამიტომ, ღამის თბილისის ქუჩებში ხშირად ისმოდა სროლები. პატარა სოსოც არაერთხელ მოხვედრილა ასეთ სიტუაციაში, მაგრამ მოხერხებულად აღწევდა ხოლმე თავს კაზაკების დევნას. სოსოს ზედმიწევნით კარგად ჰქონდა შესწავლილი თბილისის ვიწრო ქუჩები. განსაკუთრებით კი მთაწმინდა-სოლოლაკში იცოდა ყველა გასაძრომი, თუმცა, ერთხელ ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. ზამთრის ერთ საღამოს პატარა სოსო კონსპირაციულ ბინაში მიდიოდა და პროკლამაციებით სავსე ტომარა მიჰქონდა, რომლებიც სემინარიაში ჰქონდა დაბეჭდილი და შეგროვებული. კონსპირაციული ბინა კი მთაწმინდაზე მდებარეობდა, იმ ადგილიდან 70 მეტრში, სადაც რუსეთის საარტილერიო პოლკი იყო დისლოცირებული და მთელ თბილისს ზემოდან გადაჰყურებდა. სოსომ ფრთხილად აიარა მკვეთრი აღმართი და მეჟავაიას ქუჩაზე (დღევანდელი არსენას ქუჩა) შეუხვია. ამ დროს ერთ-ერთი შესახვევიდან ცხენებზე ამხედრებული ორი კაზაკი გამოვიდა. მათ სოსოს გაჩერება უბრძანეს. დრო არ ითმენდა. ამიტომ სოსომ პროკლამაციებიანი ტომარა მკერდზე მიიკრა. ღობეს გადაევლო და 4-მეტრიანი სიმაღლიდან სასამართლოს ეზოში (დღეს იქ უზენაესი სასამართლოა) ჩახტა. რომ არა დიდი თოვლი, სოსო თუ არ დაიღუპებოდა, დიდ ტრავმას მაინც ვერ გადაურჩებოდა. თუმცა, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და პიროკლამაციები სრულად მიიტიანა დანიშნულების ადგილზე.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა