ბელადები

რა აქციებს ხელმძღვანელობდა პირადად სტალინი

№2

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 23.01

სტალინი
დაკოპირებულია

სტალინი ის ადამიანი, ის მმართველი იყო, ვინც თავისი ხალხისთვის იღვწოდა და ამ ღვაწლს შეალია მთელი თავისი სიცოცხლე და დაუშრომელი ენერგია.

პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „ცნობილი ფაქტია, რომ როდესაც სტალინი გარდაიცვალა, მას გაცრეცილი კიტელი და ძირგახვრეტილი ჩექმები ეცვა. მას არ ჰქონია პირადი ქონება, ანგარიშები უცხოურ ბანკებში და მსგავსი მაიმუნობები, განსხვავებით დღევანდელი მმართველებისა. და ეს – მიუხედავად იმისა, რომ მის ხელში იყო უზარმაზარი ფინანსური და მატერიალური რესურსები. სტალინს არასოდეს იზიდავდა კომფორტი და სიმდიდრე. ჯერ კიდევ რევოლუციური მოღვაწეობის პერიოდში სტალინი ფლობდა მთელი ბოლშევიკური მოძრაობის ფინანსებს, ეგრეთ წოდებულ, „ობშჩიაკს“. ეს კი საკმაოდ დიდი თანხა იყო. მიუხედავად ამისა, სტალინი ყოველთვის ნახევრად მშიერი და გაცვეთილი ტანსაცმლით დადიოდა. სამაგიეროდ, ბოლშევიკური მოძრაობა იყო ფინანსურად უზრუნველყოფილი. მათ არც სტამბები აკლდათ, არც იარაღი, არც ჩინოვნიკთა მოსასყიდი ფული. ერთი სიტყვით, ბოლშევიკები ფინანსურად მყარად იდგნენ ფეხზე და ამაში განსაკუთრებული როლი სტალინს ჰქონდა. ის არა მარტო „ობშჩიაკის“ შემნახველი იყო, არამედ სალაროს მსხვილი შემვსებიც. სტალინი ხომ ბოლშევიკური ექსპროპრიაციების მამა იყო და მისი საბრძოლო ჯგუფები, თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, როგორც რეკეტით (ფულის შეწერით) ასევე ძარცვით იყვნენ დაკავებული. „კობა“, არც თუ იშვიათად, პირადად იღებდა მონაწილეობას ამ აქციებში, ანუ ექსპროპრიაციებში... ამ საქმეში, ისევე როგორც სხვა სახიფათო საქმეებში, სტალინს გვერდში ედგა კამო, იგივე სიმონ ტერ-პეტროსიანი. ეს ტანდემი არა მარტო კავკასიაში სცემდა შიშის ზარს პოლიციასა და ჟანდარმერიას, ისინი მთელი რუსეთის იმპერიის მასშტაბით იყვნენ ცნობილი და მათ პოლიციურ პირად საქმეში ეწერა – „განსაკუთრებით საშიში“. უკვე ხელისუფლებაში მოსვლის მერე კამო სხვადასხვა შეხვედრებსა თუ შეკრებებზე ხაზგასმით აღნიშნავდა სტალინის უდიდეს როლს ბოლშევიკურ მოძრაობაში. კამოს სტალინი თავის მასწავლებლად მიაჩნდა და ამბობდა – ჩემს ბოლშევიკად ჩამოყალიბებაში უმთავრესი როლი „კობამ“ (სტალინმა) ითამაშაო. და, მართლაც, სტალინი ასწავლიდა კამოს კონსპირაციის ხერხებსა და მეთოდებს. აძლევდა რჩევებს, თუ როგორი ლიტერატურა წაეკითხა. აგრეთვე, როგორ ემოქმედა კრიზისულ სიტუაციებში ჟანდარმებთან თუ სხვა მოწინააღმდეგეებთან. კამო ბეჯითი, ნიჭიერი შეგირდი აღმოჩნდა, რასაც მისი სიმამაცე ერთვოდა თან და მისგან შესანიშნავი რევოლუციონერ-იატაკქვეშელი დადგა. ამას თავად სტალინიც ხაზგასმით აღნიშნავდა და კამო ბოლშევიკური მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლად მიაჩნდა.“

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინი ცნობილია, როგორც პრაქტიკოსი მოღვაწე, თუმცა, მას თეორიაშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა. სტალინი არა ერთი თეორიული ნაშრომის ავტორია. სწორედ მან დაწერა ბოლშევიკური მოძრაობის ფილოსოფიური ტრაქტატი, რომელსაც თავად ლენინი აძლევდა დიდ შეფასებას და ეს ნაშრომი ერთ-ერთ მთავარ დოკუმენტად მიაჩნდა, რომლითაც ჩვენი მოძრაობა ხელმძღვანელობდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, თეორიულ მოღვაწეობაში სტალინმა ყველაზე დიდ წარმატებას პედაგოგიკაში მიაღწია. კამოს მაგალითისა არ იყოს, ჯერ კიდევ რევოლუციონრობის დროს სტალინს უამრავი შეგირდი ჰყავდა, რომლებსაც ბევრ რამეს ასწავლიდა. მარტო ის რად ღირს, რომ თბილისის დეპოს მუშებს სტალინი ლექციებს უკითხავდა და მათ მარქსის ფილოსოფიას აზიარებდა. ერთი სიტყვით, სტალინში ერთბაშად იყო შერწყმული უდიდეს პრაქტიკოს-თეორიკოსი. მას უზადოდ შეეძლო აზრის გადაცემა, ხოლო პრაქტიკულ განხორციელებაში კი სტალინს ბადალი არ ჰყავდა და სწორედ ამიტომ იყო ის ნამდვილი ბელადი, ნამდვილი წინამძღოლი და მასწავლებელი. ისე, როგორც სტალინს, სხვას არავის შეეძლო უზარმაზარი მასების ფეხზე დაყენება, ამოძრავება და საბრძოლველად გამოყვანა. სწორედ ამის წყალობით შევძელით ჰიტლერული ფაშიზმის განადგურება და საბჭოთა ქვეყნის, მისი მოსახლეობის ღირსების დაცვა და ამაღლება...“

იაკობ კედმი: „სტალინი, მართლაც რომ, შესანიშნავი პედაგოგი იყო და ეს არცაა გასაკვირი. თავად ძალიან განათლებული ადამიანი იყო. უყვარდა კითხვა და თავისი გონებრივი შესაძლებლობების წყალობით, ყოველივე ამის გაზიარება და პრაქტიკაში გამოყენება. მართლაც საოცარია, რომ ყოველდღიურად სტალინი 500-600 გვერდს კითხულობდა, ეცნობოდა სხვადასხვა შინაარსის მასალას და ასეთი რამ მხოლოდ ნამდვილ გენიოსს, აზრის გიგანტსა და არაორდინარულ ადამიანს ძალუძს. სწორედ ასეთი ადამიანი იყო სტალინი და ამიტომაც აკონტროლებდა ეს კაცი უზარმაზარ ქვეყანას ყველა სფეროში... კონტროლიც არის და კონტროლიც. სტალინის კონტროლი, როგორც ამას აკადემიკოსი დიმიტრი ლიხაჩოვი ახასიათებდა, იყო შემოქმედებითი, ანუ სტალინი იყო გემოვნებიანი ცენზორი და „გასაშვებებს“ შორის მხატვრულად გამართულ ნიმუშებს ირჩევდა. ხოლო „არაგასაშვებს“ შორისაც ირჩევდა საუკეთესოებს, რომ თაროზე შემოედო და მკითხველთა თუ მნახველთა ფართო ფენას ისინი მოგვიანებით გაეცნოთ, მაგალითად, ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“, ზოშჩენკოს მოთხრობები თუ სხვა ხელოვნების მსგავსი ნიმუშები...“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

20-26 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა