ბელადები

ლენინის რომელ ბრძანებას არ ეთანხმებოდა სტალინი

№40

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 12.10

სტალინის შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინის შესახებ მისი ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ თითქმის ყველაფერია ცნობილი, მაგრამ შედარებით ნაკლებადაა შესწავლილი სტალინის რევოლუციამდელი პერიოდი. არადა, ძალიან საინტერესოა „კობას“ არალეგალური, ბობოქარი იატაკქვეშა ცხოვრება.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „რუსეთში რომ პირველი, 1905 წლის რევოლუცია მოხდა, სტალინი 25 წლის იყო. ძალიან ახალგაზრდა რევოლუციონერი და იმავდროულად, ძალიან გამოცდილი, საიმედო და შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ლენინის ერთ-ერთი მარჯვენა ხელი. ილიჩი (ლენინი) სტალინს (მაშინ მას „კობა“ ერქვა) ყველაზე რთულ დავალებებს აძლევდა და „კობაც“ ყველაფერს სანიმუშოდ ასრულებდა, ისე, როგორც „გულმხურვალე კოლხიდელს“ (სტალინს ეს სახელი ლენინმა შეარქვა) შეეფერებოდა. იმ პერიოდში სტალინი ძალიან რისკიანი იყო, მას არაერთხელ ჩაუხედავს სიკვდილისთვის თვალებში. ასე იყო თბილისის არსენალის აღების დროსაც, როდესაც სტალინის მებრძოლმა ჯგუფებმა დიდძალი იარაღი ჩაიგდეს ხელში.

როგორც კი პეტერბურგში მღელვარება დაიწყო, ხალხი დახოცეს და შეიარაღებული შეტაკებები გახშირდა, რევოლუციური ცეცხლი მთელი რუსეთის იმპერიას მოედო და კავკასიასაც გადასწვდა. იმ პერიოდში სტალინი, კამოსთან ერთად, ბაქოში იმყოფებოდა და ადგილობრივი მაგნატებისგან ლენინთან და სხვა ემიგრანტი რევოლუციონერებისთვის გასაგზავნ ფულს აგროვებდა. თუმცა, ლენინმა თავად გამოგზავნა კაცი ბაქოში „კობასთან“ – „ამხანაგი სერგო“ (სერგო ორჯონიკიძე), რომელმაც სიტყვასიტყვით გადასცა „გულმხურვალე კოლხიდელს“ ლენინის დანაბარები – თბილისში რევოლუციური გამოსვლები დაიწყეთ და ეცადეთ, რაც შეიძლება, მეტი ბარიკადები აღმართოთ და სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიოთ ჟანდარმებსა და კაზაკებსო“.

როგორც შემდგომ ანასტას მიქოიანი იხსენებდა, სტალინი ამის კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, რადგან აბსოლუტურად ზუსტად იცოდა ძალების თანაფარდობა და ასეთი ქმედება გაუმართლებელ ავანტიურად მიაჩნდა. თუმცა, ეს რომ ილიჩისთვის გაეგებინებინა, დრო აღარ იყო. ამიტომ, სხვა გზა არ არსებობდა და სტალინი კამოსთან და თავის მებრძოლებთან ერთად, ჯგუფ-ჯგუფად დაიძრა თბილისისკენ. ქალაქში საორგანიზაციო და სადაზვერვო სამუშაოები ჩაატარეს და ორი დღის მერე თბილისის არსენალს (იარაღის საწყობს) დაესხნენ თავს და დიდძალ იარაღს დაეუფლნენ.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინი მართალი იყო და კარგად იცოდა, რომ თბილისში შეიარაღებული გამოსვლა წინასწარვე მარცხისთვის იყო განწირული. მოგვიანებით ლენინმა აღიარა კიდეც, რომ თბილისთან დაკავშირებით შევცდი და ასეთი ბრძანება არ უნდა გამეცაო. კაზაკებმა, რა თქმა უნდა, სისხლში ჩაახშეს ეს გამოსვლა. სტალინი კი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ბარიკადებზე „ოხრანკის“ აგენტურაც იმყოფებოდა. მათ სტალინის, კამოს, ფილიპე მახარაძისა და კიდევ რამდენიმე იატაკქვეშელის იდენტიფიცირება მოახერხეს და ამ პირებზე საიმპერიო ძებნა გამოცხადდა. მიმდინარეობდა, ასევე, იმ დიდძალი იარაღის ძებნაც, რომელიც თბილისის არსენალიდან გაიტაცეს. რევოლუციონრებმა ნაწილი ბარიკადებზე გამოიყენეს, ნახევარი კი ისე გადამალეს, რომ „ოხრანკამ“ ის ვერ აღმოაჩინა“.

თბილისის არსენალიდან გატაცებული იარაღის ნახევარი მთაწმინდაზე, თბილისის რკინიგზის დეპოს ინჟინრის, ალექსანდრე ლალიაშვილის სახლის სარდაფში იყო გადამალული. იქვე იმალებოდნენ სტალინი და კამო.

ალექსანდრე ლალიაშვილის ვაჟი, ილია ლალიაშვილი მოგვიანებით იხსენებდა: „თბილისში რომ შეიარაღებული გამოსვლები მიმდინარეობდა, 10 წლის ვიყავი და გიმნაზიაში ვსწავლობდი. მახსოვს, შუაღამე იყო და ხმაურმა გამაღვიძა. მამაჩემის ხელქვეითმა, ნიჟარაძემ, ვიღაც ახალგაზრდა კაცი მოიყვანა, რომელიც უგონოდ იყო. შემოიყვანეს, ტახტზე დააწვინეს და დედაჩემმა მას სისხლი მოსწმინდა და თავი გადაუბინტა.. მას „კობას“ ეძახდნენ. ძალიან მორიდებული კაცი ჩანდა. გონს რომ მოვიდა, წასვლა უნდოდა, მაგრამ მამამ და ნიჟარაძემ ძალით დააკავეს. შემდეგ კიდევ ერთი კაცი მოვიდა, მას „კამოს“ ეძახდნენ. „კამო“ და „კობა“ ჩვენთან ერთი კვირა იმალებოდნენ და ბოლოს ღამით გამოგვემშვიდობნენ და წავიდნენ... მხოლოდ წლების შემდეგ შევიტყვე, რომ კობა სტალინი იყო, კამო კი – ცნობილი რევოლუციონერი. ხოლო ჩვენს სარდაფში კი აურაცხელი იარაღი ყოფილა გადამალული და თურმე, ეს იარაღი ნაწილ-ნაწილ გაუზიდავთ ბოლშევიკებს“. სხვათა შორის, არსენალიდან გატაცებული იარაღი კობამ და კამომ თბილისის ბანკის ძარცვის დროს გამოიყენეს.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი