ბელადები

ლენინის რა შეცდომების გამოსწორება მოუწია სტალინს

№27

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 14.07, 2022 წელი

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე იყო. ის ყოველთვის ქვეყნისა და ხალხის ინტერესებისთვის იღვწოდა. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე კი, თუ საჭირო იყო, თვით „დიდი ლენინის“ შეცდომების აღმოჩენა და გამოსწორება შეეძლო, რასაც ბოლშევიკურ პარტიაში „კობას“ (სტალინის ძველი ფსევდონიმი) გარდა ვერავინ გაბედავდა და ვერც მოახერხებდა.

ზინაიდა ორჯონიკიძე (სერგო ორჯონიკიძის ქვრივი): „სერგოს ძალიან უყვარდა ლენინი. შეიძლება, ითქვას, რომ ილიჩს აღმერთებდა, მაგრამ ხშირად მეტყოდა ხოლმე: ჩვენი „კობა“ ილიჩზე მეტი კალიბრის ფიგურაა და ამაში შენ ძალიან მალე დარწმუნდებიო. სერგო ხედავდა, რომ მის შეფასებაში ეჭვი მეპარებოდა და ამიტომ მეუბნებოდა ამას. სერგოს სიტყვები გამართლდა და სტალინი ლენინზე ძლიერი და გავლენიანი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ სწორედ სტალინს მოუწია ლენინის შეცდომების გამოსწორება. ზოგიერთი მათგანი კი საკმაოდ მძიმე იყო. მარტო პოლიტიკური ზონების შექმნა რად ღირს. რა თქმა უნდა, „სალავკის“ (განსაკუთრებული დანიშნულების ბანაკი რუსეთში) ზონაც იგულისხმება, სადაც ადრე ცნობილი მონასტერი და რელიგიურ-კულტურული ცენტრი იყო. ილიჩმა კი ის პოლიტპატიმრების სატუსაღოდ გადააქცია და მისი გაუქმება სტალინს მოუწია. ისევე, როგორც რამდენიმე სხვა „ზონისა“. სერგომ ერთხელ მითხრა: „კობას“ მიაჩნია, რომ ეკლესიებსა და სამონასტრო კომპლექსებში ციხეებისა თუ სხვა პროფილის უწყებების გახსნა ყოვლად დაუშვებელია და ამას ბოლო უნდა მოვუღოთო... სხვათა შორის, სტალინი ერთადერთი ადამიანი იყო კრემლის მობინადრეთა შორის, რომელიც კრემლში განლაგებულ ეკლესიებში შედიოდა.“

დადასტურებული ფაქტია, რომ კრემლში მცხოვრებთაგან იქაურ ეკლესიებში მხოლოდ სტალინი შედიოდა. ასევე, სტალინის მითითებით, კრემლში განლაგებული ყველა ეკლესია მოქმედი იყო და მათი კარი არასდროს იკეტებოდა. სტალინი იქ მარტო შედიოდა ხოლმე. ერთხელ ლენინს ხუმრობით უკითხავს სტალინისთვის: „კობა“, ეკლესიებში რომ შედიხარ, შემთხვევით, ხომ არ ლოცულობო? სტალინს უპასუხია: დიახ, ვლოცულობ, ილიჩ, თან სანთელსაც ვანთებო. ლენინს, ტროცკის რჩევით, თურმე, კრემლის სამონასტრო კომპლექსის დანგრევა სდომებია, მაგრამ სტალინს გაულაშქრავს ამის წინააღმდეგ, ლენინს გადაათქმევინა და იმდენს მიაღწია, რომ ეს კომპლექსი მასვე გამოაცხადებინა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. პოლიტბიუროზე კი სპეციალური რეზოლუცია მიიღეს ამ კომპლექსის ხელშეუხებლობის თაობაზე. მეტიც – შეადგინეს ბიუჯეტი და გამოყოფილი თანხები ამ კომპლექსის აღდგენა-შენახვას ხმარდებოდა. ამის გამო ტროცკი გაცოფებული იყო, მაგრამ ვერაფერს გახდა. ტროცკი (უკვე ლენინის სიკვდილის შემდეგ) წინააღმდეგი იყო, რომ სტალინს გაეუქმებინა ლენინის მიერ შექმნილი „ზონები“, თუმცა აქაც დამარცხდა. სტალინმა „ზონებიც“ გააუქმა და 50 ათასი პოლიტპატიმარიც გამოუშვა. მათი დიდი ნაწილი ძალიან ცნობილი, სასარგებლო ადამიანები იყვნენ და საბჭოთა კავშირის აღმშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანეს...

სვეტლანა ალილუევა (სტალინის ქალიშვილი): „დედაჩემს ღმერთი არ სწამდა და ჩვენც (მე და ვასილი) ამგვარად გვზრდიდა. ჩვენს ძიძებსა და აღმზრდელებს დედა უკრძალავდა ღმერთზე ლაპარაკს. მათ სპეციალურად არჩევდა, რომ მორწმუნეები არ ყოფილიყვნენ. ამიტომ, რა თქმა უნდა, არც ჩვენ გვწამდა ღმერთი. მოგვიანებით, როდესაც დედა გარდაიცვალა, მამის ბიბლიოთეკაში მივაგენი ტომეულს (სულ 6 ტომი იყო), სახელწოდებით – „ქრისტეს ცხოვრება“. გამიკვირდა, რომ მამას ასეთი წიგნები ჰქონდა და ვკითხე:

– მამა, ქრისტეზე წიგნები რად გინდა, ღმერთი ხომ არ არსებობს, – პაუზის მერე კი დავამატე – თუ ქრისტე არ არსებობდა, მასზე წიგნებიც ხომ ტყუილია-მეთქი.

მამამ თავზე ხელი გადამისვა და მითხრა:

– ქრისტე არსებობდა. ის ადამიანი იყო და რაც ამ წიგნებში წერია, სიმართლეა. ის ხალხში დადიოდა, თავის მოძღვრებას ავრცელებდა და ქადაგებდაო.

იმდენად დავიბენი, რომ მეტი არაფერი მიკითხავს და რადგან მამას ტელეფონზე დაურეკეს, კაბინეტიდან გავედი. მე იმას არ ვამბობ, მამაჩემი ფანატიკოსი მორწმუნე იყო-მეთქი. არ ვიცი. მაგრამ ფაქტია, რომ მამა კრემლში განლაგებულ ეკლესიებში შედიოდა და შედიოდა მარტო.“

საბჭოთა კავშირში უღმერთობა ოფიციალურად იყო გამოცხადებული. თუმცა, ფაქტია და ამას ვერსად გავექცევით, რომ სტალინის პერიოდში განხორციელდა ლენინის ბრძანების გაუქმება ეკლესიების ნგრევის შესახებ, თუმცა ბევრი მოქმედი ეკლესიაც იყო. აგრეთვე, ფუნქციონირებდა კათოლიკური ეკლესია, სინაგოგები, მეჩეთები და იყო ბუდისტური გაერთიანებები. მართალია, რელიგიების ოფიციალური რეკლამირება არ ყოფილა, მაგრამ არც უშლიდნენ ხელს. ეს უკვე მოგვიანებით, სტალინის შემდგომ პერიოდში ადგენდნენ ეკლესიაში მოსიარულეთა შავ სიებს კომკავშირელები და პარტიული მუშაკები, მაგრამ ამ საქმეში სტალინი არაფერ შუაში იყო.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი