ბელადები

ქცევის როგორი ნორმები დაუწესა სტალინმა პარტიულ მუშაკებს

№1

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 11.01

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

სტალინი ძალიან მკაცრი, ზოგ შემთხვევაში სასტიკი ადამიანიც კი იყო. მას საკმაოდ მაღალი მორალური კრიტერიუმები ჰქონდა, არასოდეს ღალატობდა ამ პრინციპებს და არც სხვებს აძლევდა ამის უფლებას.

აკადემიკოსი დიმიტრი ლიხაჩოვი წერდა: „სტალინი, რა თქმა უნდა, ანგელოზი არ ყოფილა, თუმცა, არასდროს არღვევდა მორალურ პრინციპებს. ასევე, მკაცრად ადევნებდა თვალყურს არა მარტო მაღალი სახელმწიფო სათავეში მყოფი პირების, ასევე, მოქალაქეთა მორალურ-ეთიკურ ქცევებს. ამის თვალსაჩინო მაგალითია სტალინის რეაქცია კონსტანტინე სიმონოვის ცხოვრების ერთ-ერთ ეპიზოდზე მის ცოლთან დაკავშირებით.“

აკადემიკოსი ლიხაჩოვი გულისხმობს მწერალ კონსტანტინე სიმონოვის მეუღლის, ვალენტინა სეროვასა (სეროვა საბჭოთა კინოვარსკვლავი იყო) და მარშალ კონსტანტინე როკოსოვსკის ურთიერთობას. სეროვა როკოსოვსკის საყვარელი იყო. ამას ცნობილი მწერალი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე კონსტანტინე სიმონოვი ტრაგიკულად განიცდიდა და თავის მოკვლაც კი სცადა. ამ ამბავმა სტალინის ყურამდე მიაღწია. ბელადმა ცნობილი მარშალი თავისთან დაიბარა და ისე შეახურა, რომ მამაცი საბჭოთა მარშალი როკოსოვსკი გაფითრებული იდგა სტალინის წინაშე და ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა. სტალინის დაცვის უფროსი, ნიკოლაი ვლასიკი ასე იხსენებდა ამ ისტორიას: „როკოსოვსკი რომ სტალინთან შედიოდა, ჩვეულებისამებრ, მოწესრიგებული, ელეგანტურად გამოიყურებოდა. ბელადთან მან ერთი საათი დაჰყო და იქიდან გამოსული საშინლად მოტეხილი და გაფითრებული იყო. ბარბაცებდა და გარეთ გასვლისას კარს ისე დაეჯახა, შუშაც კი გაბზარა. მე ძალიან გაოცებული ვიყავი მარშლის ასეთი მდგომარეობით და არ ვიცოდი, რა მოხდა. მხოლოდ მოგვიანებით შევიტყვე, რომ სტალინს მამაკაცურად, ნამდვილი კავკასიელივით ულაპარაკია როკოსოვსკისთან და უთქვამს, რომ ჩვენში (კავკასიაში) სხვისი ცოლის გაბახებისთვის თავს აჭრიანო. როკოსოვსკიმ ეს პირდაპირ მუქარად მიიღო. სიკვდილს თვალებში ჩახედა და ასეთ მდგომარეობაში სწორედ ამიტომ ჩავარდა.“

სტალინს რომ მსგავს მორალურ საკითხებთან ხაზგასმულად კავკასიური, უფრო სწორად კი, ქართული დამოკიდებულება ჰქონდა, ბევრი ადამიანი აღნიშნავს. იმავეს ხაზგასმით აღნიშნავდა სტალინის ქალიშვილი სვეტლანაც: „მამამ ქართული ადათ-წესებისადმი ერთგულება სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. ეს ჩანდა ყველაფერში. განსაკუთრებული ხაზგასმით იცავდა მამა ქალის ქცევისა და ქალებთან მამაკაცების ურთიერთობის ნორმებს. ეს მე საკუთარ თავზე გამოვცადე. მიუხედავად იმისა, რომ მამას ძალიან გამორჩეულად ვუყვარდი, ის არასდროს მაძლევდა უფლებას, რომ მოკლე კაბა ჩამეცვა, კაცების, განსაკუთრებით, უცხოების კომპანიაში გავრეულიყავი. მამაჩემის შიშით, აბა, ვინ რას მაკადრებდა, მაგრამ, მამას ეს ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი და მეც იძულებული ვიყავი, დავმორჩილებოდი. ერთხელ ჩემი ძმა, ვასია, თავის მეგობრებთან ერთად რესტორანში მიდიოდა და მეც წამიყვანა. როგორც ხდება ხოლმე, ახალგაზრდები ვერთობოდით, ვცეკვავდით. თავს უფლება მივეცი და ერთი ბოკალი შამპანურიც კი დავლიე. მამამ ეს გაიგო. ორივე გვიხმო და ვასიას ჯოჯოხეთი დაუტრიალა, გალანძღა.

სტალინი იყო ის ადამიანი, ვინც, ფაქტობრივად, ლეგალური პროსტიტუცია აღკვეთა, რომელიც სამხედრო კომუნიზმის პერიოდში ლენინმა დაუშვა: ახალგაზრდა ქალს პარტიული მუშაკისთვის სექსზე უარის თქმის უფლება არ ჰქონდა და ამით ბოროტად სარგებლობდნენ პარტიის წევრები... სტალინმა ეს დაარეგულირა და კანონით აღკვეთა ეს საზიზღრობა. იმ პერიოდშივე სტალინის უშუალო მონაწილეობით შეიცვალა სისხლის სამართლის ბევრი მუხლი. პროსტიტუციისა და ჰომოსექსუალიზმისთვის ადამიანებს სასტიკად სჯიდნენ, ციხეში ათავსებდნენ და სახალხოდ არცხვენდნენ... აი, სწორედ ამიტომ გაატარა სტალინმა როკოსოვსკი ჯოჯოხეთის შრეებში და ხელი ააღებინა ასეთ საქციელზე.

დიმიტრი ვოლკოგონოვი: „მას შემდეგ, რაც სტალინმა როკოსოვსკი აიძულა, ვალენტინა სეროვა სიმონოვისთვის დააბრუნებინა, ბელადმა სიმონოვი თავის აგარაკზე, კუნცევოში მიიწვია და მასთან ერთად ივახშმა. სიმონოვს ბოდიშიც კი მოუხადა როკოსოვსკის საქციელის გამო და მწერალს უთხრა: თქვენი მესმის, როკოსოვსკი თქვენთვის მიუწვდომელი იყო, რომ მისთვის სილა გაგეწნათ, დუელები კი ჩვენში აკრძალულია და ამიტომ გადაწყვიტეთ ამ ქვეყნიდან წასვლა, თუმცა ეს არ მოხდა. მე ვაფასებ თქვენს საქციელს, თქვენს ვაჟკაცობასა და მიტევების უნარს ცოლთან მიმართებაშიო.

ამ შემთხვევამ სტალინი აიძულა, გამოეცა განკარგულება მაღალი თანამდებობის პირთა და პარტიულ მუშაკთა ქცევის ნორმების შესახებ. ოფიციალურად აიკრძალა საყვარლების ყოლა და ამის გამო ისინი მკაცრად ისჯებოდნენ. სწორედ ამის გამო ჟუკოვი იძულებული გახდა, რომ პირველ ცოლს გასცილებოდა და საყვარელზე ექორწინა. ვინც ეს ვერ მოახერხა ან თავი დაანებეს ამორალურობას, ან თანამდებობა დატოვეს.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული