წიწიბურას კატლეტები ყველითა და კარტოფილით ნანკა ქოქიაშვილისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 23.12, 2021 წელი

საყვარელი კერძის რეცეპტს ნანკა ქოქიაშვილი ,,თბილისელებს" უზიარებს 👇
რომ ვთქვა, სამზარეულოში ტრიალ-ბზრიალისთვის ვარ გაჩენილი-მეთქი, ტყუილია. მხოლოდ, საყვარელი ადამიანისთვის არ მეზარება საჭმლის კეთება. ყველაზე კარგად მჭადი გამომდის. ამბობენ, განსხვავებულად აცხობო. კერძებს კი ჩემი ინტერპრეტაციით ვამზადებ, უფრო ვიგონებ. თავად ძალიან მიყვარს ხინკალი და ბრინჯი ბოსტნეულით. წვნიანებიც მიყვარს და ყველანაირი ფაფა. რაც შეეხება წონის შენარჩუნებას – ძალიან იშვიათად ვჭამ ხორცს და ბევრს ვმოძრაობ, ფეხით დავდივარ და დანაყრებამდე არ მივირთმევ. სასურველია სწორი კვება, მაგრამ ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებ. რაც შეეხება კერძებს, რომელიც არ გამისინჯავს – ვერასდროს შევჭამ რვაფეხებსა და ლოკოკინებს. ჟურნალის მკითხველს კი გავანდობ წიწიბურას კატლეტების ჩემებურ რეცეპტს.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 300 გრამი წიწიბურა
🔸 4 ცალი კარტოფილი
🔸 2 თავი ხახვი
🔸 100 გრამი ყველი
🔸 1 კვერცხი, 50 გრამი კარაქი
🔸 სხვადასხვა მწვანილის მიქსი, ხმელი სუნელი
🔸 მარილი და პილპილი კი – გემოვნებით, ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
წიწიბურა მოხარშეთ წყალში, დაამატეთ მარილი და კარაქი. ხახვი დაჭერით წვრილად და მოშუშეთ ზეთში. კარტოფილი გახეხეთ. გახეხეთ ყველიც. თასში მოათავსეთთ წიწიბურა, ყველი, კარტოფილი, მოშუშული ხახვი, ჩაახალეთ კვერცხი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, სუნელი, პილპილი, მარილი და ხელით კარგად აურიეთ. გააკეთეთ კატლეტები და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან